"დავით კოდუამ ცოლს სახის არეში მუშტი რამდენჯერმე დაარტყა, ხოლო როდესაც შვილი დედის დაცვას შეეცადა, კოდუამ მასაც სახეში მუშტი დაარტყა" - კვირის პალიტრა

"დავით კოდუამ ცოლს სახის არეში მუშტი რამდენჯერმე დაარტყა, ხოლო როდესაც შვილი დედის დაცვას შეეცადა, კოდუამ მასაც სახეში მუშტი დაარტყა"

ოჯახში ძალადობის ფაქტზე დაკავებული ბიზნესმენის, დავით კოდუას საქმის პროკურორის თამარ ყულჯანიშვილის განცხადებით, კოდუამ ცოლს, ნათია გედევანიშვილს სახის არეში მუშტი რამდენჯერმე დაარტყა. ამასთან, პროკურორის თქმით, ბრალდებულმა ფიზიკურად შვილზე, ეკატერინე კოდუაზეც იძალადა, კერძოდ, პროკურორის თქმით, როცა შვილი დედის დაცვას შეეცადა, კოდუამ მასაც სახეში მუშტი დაარტყა.

ყულჯანიშვილის განცხადებით, კოდუამ ოჯახის ორი წევრის მიმართ იძალადა, რისი საფუძველიც ურთიერთშელაპარაკება გახდა, თავდაპირველად, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა.

პროკურორის თქმით, ბრალდებულმა ხელების და ფეხის გამოყენებით იძალადა მეუღლეზე, სახეში მუშტი დაარტყა, შემდეგ კი ფეხი დაარტყა ფეხის არეში და ეს დაზიანებები აშკარად ეტყობოდა მეუღლეს. ყულჯანიშვილის თქმითვე, კოდუამ ამის შემდეგ შვილზე გადაინაცვლა, რომელიც დედის დაცვას შეეცადა. პროკურორის განმარტებით, კოდუა თავს კონტროლს ვერ უწევს და აგრესიას ავლენს.

პროკურატურა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს და აღნიშნულს მიმალვისა და მომავალში დანაშაულებრივი ქმედების შესაძლო გაგრძელების რისკებით ასაბუთებს.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ბიზნესმენ დავით კოდუას მეუღლის და შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. კოდუას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ"" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) განესაზღვრა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან-სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.