დავით კოდუას პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

დავით კოდუას პატიმრობა შეეფარდა

ცოლისა და შვილის ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ბიზნესმენს დავით კოდუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე კოდუას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, პროკურატურა კი პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა.

მოსამართლის განმარტებით, დაცვის მხარემ ის ვერ დაარწმუნა, რომ კოდუას მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

"ვერ დამარწმუნეთ, რომ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. პოლიციელების, ექიმების ჩვენებები, დაზიანებები მაძლევს იმის საფუძველს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, რომ ძალადობას ჰქონდა ადგილი",- განაცხადა მოსამართლემ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც და განაცხადა, რომ მისი მხრიდან ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ბიზნესმენ დავით კოდუას მეუღლის და შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. კოდუას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ"" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) განესაზღვრა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან-სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.