"დღეს, ვინც ფულს არ გადაიხდის, ციხეში სიკვდილი ემუქრება" - კვირის პალიტრა

"დღეს, ვინც ფულს არ გადაიხდის, ციხეში სიკვდილი ემუქრება"

(გაგრძელება. დასაწყისი იხ. #17)

ორგზის პარლამენტარი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ ტალახაძე ციხეში ორჯერ მოხვდა. პირველად ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობისას დააპატიმრეს. მაშინ საბჭოთა კავშირი კიდევ არსებობდა, ციხეშიც ბევრი ისეთი პატიმარი იყო, რომელსაც გულაგის ბანაკები გამოევლო. "საინტერესო ისტორიებს ჰყვებოდნენ, მათი ნაამბობის ჩაწერა დავიწყე. ხან ვინ მომიჯდებოდა გვერდით თავისი ამბის მოსაყოლად, ხან - ვინ. რამდენიმე ისტორია განსაკუთრებით დამამახსოვრდა", - გვიყვება ვახტანგ ტალახაძე:

სიკვდილმისჯილები

კახელი ზურაბა 70-იან წლებში დაუხვრეტიათ თბილისის ციხეში. მისი ამბავი ერთმა თანამესაკნემ მიამბო:

"საკნის სათვალთვალო ნახვრეტიდან ვიღაცამ წერილი შემოაგდო. სიკვდილმისჯილთა საკნიდან იყო. "ზურაბა ვარ, ძმებო, კახელი, ამ დღეებში გავყავარ, ღმერთმა ნუ ჩაგაგდოთ, ძმებო, ჩემს დღეში. კალამი და საწერი ქაღალდი გამომიგზავნეთ ბევრი და სიგარეტი. გაგიმარჯოთ". ციხეში არავინ იცოდა, ვინ იყო, ან რისთვის იჯდა. მერე გაიგეს მისი ამბავი. თურმე მკვლელობისთვის ორი წელი ჰყოლიათ სიკვდილმისჯილთა საკანში. გამკითხავი და მიმკითხავი არავინ ჰყავდა თურმე. სულ შეწყალებას ელოდებოდა. ყოველდღე შედიოდნენ ზურაბასთან მებადრაგეები. არ იცოდა, სპეცკონტროლზე მიჰყავდათ თუ დასახვრეტად.

მებადრაგეების სახეზე ცდილობდა თავისი განაჩენის ამოკითხვას. ერთხელაც მებადრაგემ მის მზერას თვალი აარიდა. ზურაბა ერთ ყრუ ოთახში შეიყვანეს, სადაც გვამისა და ნესტის სუნი იდგა. კედლის გასწვრივ ბაგა დაინახა, იქვე კანალიზაციის ტრაპი. ირგვლივ ყველაფერზე სისხლი იყო შემხმარი. ზურაბა ბაგასთან მიიყვანეს, ბორკილებიანი  ხელები ამოუტრიალეს და ბაგაში თავით ჩააყუდეს. პისტოლეტის ხმა ბეტონის კედლებმა ჩაახშო. დახვრიტეს კახელი ზურაბა. წლების მერე კი ვიღაც წასწყდომია "პივნუშკაში" გალეშილ ლოთს, რომელიც გულში მჯიღს იცემდა და ჰყვებოდა, კახელი ზურაბა ტყუილად დახვრიტეს. დანაშაული, რომელიც მას დაჰბრალდა, მე ჩავიდინე. მას მერე ტყუილად დახვრეტილი კახელი ზურაბას ცოდვა არ მასვენებსო.

1996 წელს, როდესაც პარლამენტის წევრი ვიყავი და სიკვდილით დასჯის აკრძალვას ვიღებდით, ერთ-ერთი მოტივი ის იყო, რომ არ შეიძლება სახელმწიფომ სიკვდილით დასაჯოს ადამიანი, რადგან გამოძიებისას შეცდომა არ არის გამორიცხული. მაგრამ სიკვდილით დასჯა, რომელიც 1996 წელს გაუქმდა, სააკაშვილის რეჟიმში ისევ "აღადგინეს". სიკვდილმისჯილები ისინი არიან, რომელთაც არ აღიარეს დანაშაული, არ წავიდნენ საპროცესო შეთანხმებაზე, არ გადაიხადეს ფული. უმეტესობა  დაავადებულია და სიკვდილი ემუქრება.

რუსთავის საპყრობილეში იხდის სასჯელს პატიმარი გოჩა არჩაია, რომელსაც შიდსის ბოლო, მეცხრე სტადია აქვს. ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დააპატიმრეს ნარკოტიკების მოხმარების გამო, მაგრამ როგორც მძიმე ავადმყოფს, სასჯელის მოხდა გადაევადა, ისევ ჩაუდეს ნარკოტიკი, ახალს ძველი სასჯელი მიუმატეს და 15 წელი მიუსაჯეს. გოჩა არჩაიას შიდსთან ერთად  ტუბერკულოზიც დაემართა.

ეს კაცი არ აღიარებს დანაშაულს და არ თანხმდება საპროცესო შეთანხმებას. არჩაიას საქმე სტრასბურგშია გასაჩივრებული. როდესაც მოდის შეკითხვა, რატომ არა ჰყავთ ეს პატიმარი დაავადების შესაბამის პირობებში, დროებით გადაჰყავთ საავადმყოფოში,  მაგრამ  მერე ისევ აბრუნებენ ციხეში. ერთი თვეა, მე-6 საპყრობილეში გადაიყვანეს და პრაქტიკულად ჩაკეტეს. ეს აცნობეს სტრასბურგს, მაგრამ სანამ იქ რამეს გადაწყვეტენ, ის კაცი შეიძლება ცოცხალი აღარც  იყოს.

აკაკი ქვილითაია რუსეთში მუშაობდა. საქართველოში რომ დაბრუნდა, იფიქრეს,  ფული აქვსო და ნარკოტიკი ჩაუდეს. ეგონათ, ფულს გადაუხდიდა, მაგრამ არ გადაიხადა, არც დანაშაული აღიარა და სიკვდილისთვის გაწირეს, 10 წელი მიუსაჯეს. ქვილითაიას მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს.

როდესაც ექსპერტი წერს, რომ პატიმარი მძიმე ავადმყოფია, მას ან სასჯელის მოხდა უნდა გადაევადოს, ან  გათავისუფლდეს.

საქართველოში სიკვდილით დასჯა ოფიციალურად გაუქმებულია, მაგრამ რეალურად წამებით კლავენ ხალხს. რუსთავის საპყრობილის მე-17 კორპუსში 800 პატიმრიდან 96 მძიმე ავადმყოფია. უმეტესობას არ უღიარებია დანაშაული, არ გადაუხდია საპროცესო შეთანხმების  თანხა და სიკვდილმისჯილები ამიტომ არიან.

საბჭოთა დროს წელიწადში შეიძლებოდა 1-2 პატიმარი დაესაჯათ სიკვდილით, ახლა კი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: რუსთავის საპყრობილის მე-17 კორპუსში 96 სიკვდილმისჯილი პატიმარია, ნელ-ნელა რომ დაიხოცებიან.

მათ სასიკვდილო განაჩენი პრინციპულობის გამო დაიმსახურეს. შეწყალებაზე რომ  დაწერონ განცხადება, შეღავათი ექნებათ, მაგრამ არ ტყდებიან.

KvirisPalitra.Geთბილისელი ბეჟანა

ქურდი ბეჟანას ამბავიც ციხეში მოვისმინე 1991 წელს:

"თბილისის ციხეში მოვხვდი, - მიამბო  ერთმა, - ჩემთან საკანში საეკლესიო გუნდის მომღერალი შემოიყვანეს, მუხრანი ერქვა. ვერ წარმოვიდგინე, რა დანაშაული უნდა ჩაედინა. სულ ღიღინებდა. ერთხელაც სიმღერა წამოიწყო, ბანი მივეცი, კიდევ ერთი აგვყვა და  თანდათან  ავუწიეთ ხმას. უცებ კარზე ბრახუნი ატყდა, სიმღერა შეწყვიტეთო. ჯინაზე უფრო ავუწიეთ ხმას. კარის სარკმელში ზედამხედველის აჭარხლებული სახე გამოჩნდა, დაგხოცავთ, თქვენი დედაო. არა, იმღერეთო! - აგუგუნდა იზოლატორი. "შავლეგო" ჩავამთავრეთ და "მხედრული" რომ დავიწყეთ, კარი გაიღო და ჩაფხუტიანები შემოცვივდნენ რეზინის ხელკეტებით.

გონდაკარგულები გაგვათრიეს საკნიდან. გონზე რომ მოვედი, სველ ბეტონზე ვეგდე. იქიდან სხვა საკანში გადამიყვანეს, სადაც ორმოცდაათამდე კაცი იყო. საკნის ორივე მხარეს ორსართულიანი რკინის საწოლები ჩაემწკრივებინათ. პატიმრები ჯგუფ-ჯგუფად იყვნენ. ერთ ჯგუფს ლეიბები ჰქონდა, ფილტრიან სიგარეტს აბოლებდნენ. იმ ჯგუფიდან დამიძახეს. ერთმა ახალგაზრდამ სიგარეტი მომაწოდა და საუბარი გამიბა. მაშინვე პატივისცემით და მოწიწებით განვიმსჭვალე. მკითხა, იზოლატორში შენ მღეროდი? იქ არასოდეს არავის უმღერია, ვაჟკაცი ყოფილხარო. მერე გავიგე კანონიერი ქურდი ბეჟანა ყოფილა. მეორე დღეს ეტაპით წაიყვანეს რუსეთში.

მოგვიანებით მეც ირკუტსკში გამგზავნეს "სტოლიპინით" (რკინიგზის ვაგონი). ადგილზე რომ ჩავედი, 12-კაციან საკანში შემიყვანეს. თავისუფალ საწოლზე რომ დავაპირე წამოწოლა, მითხრეს, ჯერ იატაკი მოხეხეო. გვიან მივხვდი, რომ "პრესხატაში" ვიყავი "ლახმაჩებთან" (ციხის ადმინისტრაციასთან შეკრული პატიმარი, რომელსაც სხვა პატიმრების გასატეხად (ძირითადად, ნაცმენების) და დასამორჩილებლად იყენებდნენ). დავიწყე იატაკის ხეხვა და მოულოდნელად კარი გაიღო. საკანში ვიღაც შემოაგდეს. ადამიანის სახე აღარ ჰქონდა, მაგრამ მაინც ვიცანი, - ბეჟანა იყო.

თავი გავახსენე და იმედი მომეცა. ბეჟანამ იცოდა, სადაც მოხვდა და გამოაცხადა, საქართველოდან ვარ, კანონიერი ქურდი ბეჟანაო და სარკმელთან საწოლზე ჩამოჯდა. ხელით მანიშნა, შენ  ზევით ადიო. "ლახმაჩები" მიხვდნენ, ამას ადვილად ვერ მოვინელებთო და ტაქტიკა შეცვალეს. ვითომ არაფერს გვერჩოდნენ. ჩამობნელდა. ბეჟანამ ყველაფერი გამომკითხა, დიდხანს ვისაუბრეთ და უცებ მეუბნება, მომეფარეო.

კუთხეში ჩაცუცქდა, პირი გააღო და  ორივე ხელი შიგ ჩაიყო. მტკავლის სიგრძის შტირი ჰქონია ჩაყლაპული. ძაფით გამოება უკანა კბილზე. ხროტინით და ხრიალით ამოიღო, სულ სისხლი აფურთხა.

მითხრა, შენ დაიძინე, მე გიყარაულებო და ზედა საწოლზე შეხტა. რატომ უნდა მიყარაულო-მეთქი. მძინარეებს მოგვეპარებიან და გაგვაფუჭებენო. ვერაფრით დავიძინე, ყოველ გაფაჩუნებაზე წამოვხტებოდი ხოლმე. დაიძინე, შუაღამისას გაგაღვიძებ და მერე შენ მიყარაულეო, - მითხრა ბეჟანამ. შუაღამისას ბეჟანა ქვემოთ დაწვა. მე ზემოთ ვიყავი შტირმომარჯვებული. თენდებოდა, რომ ჩამყვინთა. უცებ ძლიერი დარტყმა ვიგრძენი ბეჭებში. შტირი ხელიდან გამივარდა. მეორე დარტყმამ ქვემოთ გადმომაგდო. აღარ  მახსოვს, რამდენ ხანს მცემდნენ.

მე და ბეჟანა ტუალეტთან მიგვათრიეს და სიბინძურეში დაგვაგდეს. ბეჟანაც ძალიან იყო ნაცემი, მაგრამ მაინც პირველი წამოდგა, სახიდან  სისხლი და სიბინძურე ჩამოიბანა. ტუალეტში შევიდა. ფარდებს უკან რას აკეთებდა, ვერავინ ხედავდა. უცებ მკვეთრი მოძრაობით გაიწია ფარდა და ბეჟანამ ისკუპა. ხელში შტირი ჰქონდა. ვერ გავიგე, როგორ დაითრია. ერთი დაიღრიალა და "ლახმაჩებს" დაერია. ეს იმდენად მოულოდნელი იყო, პატიმრები კარს მისცვივდნენ და ბრახუნი ატეხეს.

ბეჟანამ ხუთი კაცი დაშტირული დააგდო, ამასობაში კარი გაიღო. ბადრაგს უნდოდა შემოვარდნა, მაგრამ  პატიმრებმა აჯობეს და გადაქელეს. ბეჟანაც გაჰყვა დერეფანში და სანამ გაძაგრავდნენ, ორი კაციც იქ დააგდო. მერე გავიგე, ხელახლა გაუსამართლებიათ. 15 წელი მისცეს, კრიტი. მას მერე აღარ მინახავს და არც არაფერი გამიგია მასზე. ოციოდე წლის თბილისელი ბიჭი იყო და რა გული ჰქონდა".

საბჭოთა ციხეში მგლური კანონები იყო და თავი რომ დაეცვა, პატიმარი იძულებული იყო, მხეცად ქცეულიყო.

საცოლის შურისძიება

ძალიან თანავუგრძნობდი ერთ გოგოს, რომლის ამბავიც პირველი პატიმრობისას მოვისმინე.

ანა მოსკოველი გოგო იყო. დასავლეთევროპული ენების ფაკულტეტი დაამთავრა. მაღალი რანგის დიპლომატის შვილი იყო და ბავშვობა ",ზა კორდონომ" გაატარა. მოსკოვში ქართველი ბიჭი გაიცნო, ზაზა. "ცოლად შერთვას დამპირდა და თბილისში წამომიყვანა. ძალიან მიყვარდა და ბედნიერი ვიყავი. ზაზას ძმაკაცის და სკოლის დირექტორი იყო და სკოლაში დამაწყებინა მუშაობა. ქართულიც მალე ვისწავლე, თან აბიტურიენტებს ვამზადებდი ინგლისურსა და ფრანგულში. მე და ზაზა ყოველდღე ვხვდებოდით, მაგრამ ჩემს ცოლად შერთვას არ ჩქარობდა. ლოდინში ორი წელი გავიდა.

ზაზა რაღაც მაქინაციაში გაება და დაიჭირეს, ათი წელი მისცეს. კარელიაში იჯდა. პეტროზავოდსკის ზონაში." - ჰყვებოდა ანა. ქალი თბილისში დარჩა და ზაზას ელოდა. ზაზას 6 თვეში ერთხელ სამდღიანი პაემანი ეკუთვნოდა და ანა ჩადიოდა, პროდუქტები და ფული ჩაჰქონდა. სანამ მამა  ცოცხალი ჰყავდა, ეხმარებოდა. თითქოს 10 წელი ზაზასთან ერთად მოიხადა.

როდესაც გაათავისუფლეს, ციხის კართან დახვდა შეყვარებულს. თბილისში ერთად დაბრუნდნენ.  ზაზას ანას გარდა გვერდით აღარავინ ჰყავდა. ნაცნობ-მეგობრებმა დაივიწყეს. ერთი წელი გავიდა, სანამ საქმეს მოჰკიდებდა ხელს. ამასობაში ანა სკოლიდან გამოუშვეს, მამაც გარდაეცვალა. უმწეო ქალი ზაზამ მიატოვა და ცოლი მოიყვანა. გოგო სადარბაზოსთან დახვდა შეყვარებულს და ორი ტყვია მუცელში დაახალა. ანა ამას რომ ჰყვებოდა, თურმე გულსაკლავად ქვითინებდა, თითებს იჭამდა, ჩემი სიყვარული მოვკალიო".

ციხეში ყველაზე კარგად დოსტოევსკი იკითხება

საბჭოთა დროს იყო ისეთი რეჟიმის საპყრობილეები, სადაც წიგნების შეტანა  იკრძალებოდა და ამას უსაფრთხოებით ხსნიდნენ.  ქაღალდისაგან პატიმრები "თოფებს" აკეთებდნენ, ქაღალდს მილივით ახვევდნენ, შიგ დებდნენ პურის პატარა ბურთულას, რომელზეც ქინძისთავი იყო დამაგრებული. ასეთ მილს პირით ძლიერად თუ ჩაბერავ, რამდენიმე ათეულ  მეტრზე შეიძლება ბურთულა ისროლო. ამ "თოფით"  შეიძლება "ვიშკაზე" ზედამხედველიც დააშავო, თუ თვალში მოარტყი ქინძისთავიანი ბურთულა.

ზოგ საპატიმროში აკრძალული და დასაშვები  ლიტერატურა არსებობდა. ერთმა პატიმარმა მიამბო, როგორ დაუხიეს ლევ ტოლსტოის "ომი და მშვიდობა", რადგან აკრძალული წიგნების სიაში მოხვდა.

"პატიმრები ჩეფირის მოსახარშად ტანსაცმელს, პირსახოცებსა და ქაღალდს ვიყენებდით.  ერთმა პატიმარმა ყდამოგლეჯილი სქელი წიგნი დამანახა, ერთი კვირა გვეყოფა ჩეფირისთვისო. "ომი და მშვიდობა" იყო, 1898 წელს გამოცემული. ეს სამუზეუმო ექსპონატია, ამის დაწვა არ შეიძლება. ვინც ამ წიგნს ხელს მოჰკიდებს, გამოვფუშავ-მეთქი და წიგნი ბალიშის ქვეშ ამოვდე.

ზედამხედველს რომ არ წაერთმია, ადმინისტრაციის მიერ დაშვებული წიგნის "გამომძიებლის ჩანაწერების" ყდა შემოვაკარი, მაგრამ ჩამიშვეს, შემოგზავნილ წიგნებს კითხულობსო. შემოწმებაზე წიგნი ვითომ შემთხვევით იპოვეს. საიდან გაქვს ეს წიგნიო, ღრიალებდა ზედამხედველი. მერე დასწვდა, შუაზე გაგლიჯა და ჩექმებით შედგა. ისეთი შეგრძნება მქონდა,  თითქოს პატარა ბავშვი მოეკლათ ჩემს თვალწინო", - მიამბო პატიმარმა.

საბედნიეროდ, სააკაშვილის ციხეში წიგნები არ არის აკრძალული. ბიბლიოთეკაც არის და გარედანაც შემოაქვთ მხატვრული ლიტერატურა. მიშას ძალიან ეწყინება, მაგრამ უნდა ვთქვა - პატიმრები განსაკუთრებით რუსულ ლიტერატურას კითხულობენ. ციხეში ყველაზე პოპულარული "ძმები კარამაზოვებია". გისოსებს მიღმა ყველაზე უკეთ დოსტოევსკი იკითხება. ალბათ, იმიტომ, რომ მასაც ციხე ჰქონდა გამოვლილი და სიკვდილმისჯილთა საკანშიც იჯდა.

(გაგრძელება იქნება)