"სარალიძეს მარჯვნიდან მენაბდე ედგა, მარცხნიდან - კალანდია. მას მეთერთმეტე, სასიკვდილო ჭრილობა მიყენებული აქვს მარჯვნიდან" - კვირის პალიტრა

"სარალიძეს მარჯვნიდან მენაბდე ედგა, მარცხნიდან - კალანდია. მას მეთერთმეტე, სასიკვდილო ჭრილობა მიყენებული აქვს მარჯვნიდან"

"საქმეში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა ჩვენება შეცვალა და სამი წლის მერე გაახსენდა, რომ, თურმე, მენაბდემ დაარტყა დანა სარალიძეს"

დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი მენაბდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შსს-ის ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიებისას დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ შემზარავ მკვლელობას ორი არასრულწლოვანი - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი შეეწირა. ამ საქმეზე მსჯავრდებულები იყვნენ - გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. იგი ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. მიხეილ კალანდია 2019 წლის ივნისში დააკავეს და მას სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და, საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც. კალანდია ბრალს არ აღიარებს და მისი საქმე ევროსასამართლოშია გასაჩივრებული. გამოძიებასთან ბრალი აღიარა ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა გუგა ბარბაქაძემ, მაშინ მან კალანდიას წინააღმდეგაც მისცა ჩვენება. როგორც ირკვევა, ახლა ბარბაქაძე მენაბდესაც ამხელს. ბარბაქაძესაც 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. მისი ახალი ჩვენების საფუძველზე გაუფორმებენ თუ არა მას საპროცესოს, ეს მოგვიანებით გამოჩნდება. ჯერჯერობით ბარბაქაძის ადვოკატი ამ დეტალებზე კომენტარს არ აკეთებს.

ფაქტი ერთია, დანაშაულის ჩადენიდან თითქმის 4 წლის შემდეგ საქმეში ახალი ბრალდებული გამოჩნდა, დეკანოზ შიო მენაბდის ვაჟი, გიორგი მენაბდე. როგორც ჩანს, გუგა ბარბაქაძე მას ამხელს. მართალია, მენაბდის ადვოკატი დავით დადიანი არ ასახელებს მოწმეს, თუ ვინ ამხელს მის დასაცავს, მაგრამ ამბობს, რომ ერთი პირის ჩვენების საფუძველზეა დღეს 20 წლის გიორგი მენაბდე დაკავებული.

ადვოკატი დავით დადიანი:

- ამ საქმეში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა ჩვენება შეცვალა და სამი წლის მერე გაახსენდა, რომ, თურმე, გიორგი მენაბდემ დაარტყა დანა სარალიძეს. ამ ერთი პირის ჩვენების საფუძველზეა დაკავებული გიორგი მენაბდე, რომელსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით წარუდგინეს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჯერჯერობით არ მინდა, მისი გვარი დავასახელო. ადრე მე ვიყავი მოწმის ადვოკატი, მასალებთან წვდომა მაშინ არ მქონია. ახლა მთლიანად გადმომეცა საქმის მასალები  და ვეცნობი. ამიტომ ჯერ ბევრ შეფასებას ვერ მივცემ ამ საქმეს. ძალიან საინტერესო და უცნაური მოწმეა, რომელიც სამართლებრივ ეჭვებს აღვივებს. მოულოდნელი და, ამავე დროს, საქმესთან შეუთავსებელია ეს ყველაფერი. ის პირდაპირი მოწმეა. აქ არც ერთი ვარაუდის გამორიცხვა არ შეიძლება, მათ შორის, პოლიტიკურის. არის საეჭვო ჩვენება, გაოგნებული ვარ ამ ჩვენებით.

- ბატონო დავით, მიხეილ კალანდიას ადვოკატი ამბობს, რომ ბარბაქაძე აქამდეც ამხელდა მენაბდეს და საქმეში ისედაც დევს მისი ჩვენება. - თუ ამხელდა, მით უმეტეს გასაკვირია, ახლა, სამი წლის მერე რატომ დააკავეს და რა შეიცვალა? მე აქამდე წვდომა არ მქონდა ამ საქმის მასალებთან. აქ ცალსახად პირდაპირი ჩვენებაა, მაგრამ არ დავაკონკრეტებ ვინ მისცა ეს ჩვენება. ამ ეტაპზე არის მარტო ერთი ჩვენება და ვნახოთ, შემდეგ რა იქნება. ჩემი დასაცავი თავს დამნაშავედ არ ცნობს. მოცულობითი საქმეა და ახლა ვეცნობი.

- ხომ არ არის მოსალოდნელი, ამ ჩვენების საფუძველზე ბრალდებულ ბარბაქაძეს საპროცესო გაუფორმდეს და მას სასჯელი შეუმსუბუქდეს? - საპროცესოს გარიგების სანაცვლოდ თუ მოხდა ეს და გამოუვალი მდგომარეობაა, არ ვიცი, ვნახოთ, ყველაფერი შესაძლებელია. თუ, როგორც ამბობენ, ეს იგივე ჩვენებაა, რაც ადრეც ჰქონდა მიცემული და მაშინ არ გაიზიარეს, რატომ უნდა გაუფორმდეს საპროცესო? არ ვიცი, ვნახოთ.

სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა შვილის დაკავება სასულიერო პირის ოჯახის წევრებისთვის. შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია დაკავებულის დედა: "სახლში არ იყო, ისიც არ ვიცი, საიდან აიყვანეს, ისიც არ ვიცი, გიო სად ჰყავთ. ჩვენს ოჯახს არავინ მფარველობს. სავარაუდოდ, რადგან ეკლესია იდევნება და სასულიერო პირების ლანძღვა-გინება მიმდინარეობს, იმიტომ მოხდა ეს. პირველივე დღიდან ლაპარაკი იყო, არავინ სახელდებოდა, მღვდლის შვილის გარდა, მთელი აქცენტი იყო მღვდლის შვილზე. არადა, ხელში ამას და მის მეგობარს არაფერი ეკავათ. იმ დღიდანვე, როცა მოაკითხეს და დაკითხვაზე წაიყვანეს, პირველი დღიდან ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. არც დამალულა, სასამართლო პროცესებზეც ილაპარაკა ყველაფერი", - განაცხადა დაკავებულის დედამ.

ჯერჯერობით მენაბდის დაკავებაზე კომენტარი არ გაუკეთებია ზაზა სარალიძეს, თუმცა ცნობილია, რომ წლებია, იგი სხვა პირებთან ერთად მენაბდის დაკავებასაც ითხოვს და მასაც ადანაშაულებდა მომხდარში. სარალიძის ოჯახის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ მენაბდის მისამართით კითხვები ისედაც არსებობდა.

"ზაზა სარალიძის მიერ საქმის დასაწყისშივე იყო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პირი ფარდულში განვითარებულ მოვლენებში მონაწილეობას იღებდა. დღემდე ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ გამოვლენილიყო და დასჯილიყო ყველა პირი, რომელმაც დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა მიიღო. რამდენად კმაყოფილია დაზარალებული მხარე, ამაზე ლაპარაკი ცოტა რთულია, რადგან დავით სარალიძის საქმეზე ვინც უნდა დაისაჯოს, მას ვერავინ გააცოცხლებს და ოჯახი ამით კმაყოფილი ვერ იქნება, თუმცა მათ ექნებათ თუნდაც მცირედი სამართლიანობის განცდა, რომ დაისაჯნენ მათი შვილის მკვლელები. ჩვენი მთავარი მოთხოვნა გრძელდება, ვერ ვიტყვით, რომ საქმეზე გამოძიება დასრულდა, ვიდრე  პასუხისგებაში არ იქნებიან მიცემული ის პირები, ვისმა ქმედებებმაც ეს საქმე დღემდე მოიყვანა", - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ. მისი თქმით, ძალიან ბევრი მტკიცებულება მიუთითებდა, რომ ამ საქმეში მონაწილეობდა მენაბდე: - "მის ტანსაცმელზე დიდი ოდენობით იყო დავით სარალიძის დნმ-ის კვალი, მიხეილ კალანდიას პროცესზე არა ერთმა პირმა დაასახელა ფარდულში მონაწილე პირებში მენაბდე... აქ, ასევე, იკვეთება სამოხელეო დანაშაულიც და ყველა უნდა დაისაჯოს".

მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუაც ამბობს, რომ მენაბდის ბრალეულობა საქმეში აქამდეც იკვეთებოდა.

ზურაბ თოდუა, კალანდიას ადვოკატი: - მე ამას ვამბობ პირველივე დღიდან. საქმეში დევს ბარბაქაძის ჩვენება და ის ამბობდა, მენაბდე იქნევდა დანასო. ეს ბარბაქაძემ თქვა მაშინაც, როცა საპარლამენტო კომისიამ დაკითხა იგი. ამას გარდა, ბევრი მტკიცებულება დევს საქმეში, მის ტანსაცმელზეა სარალიძის სისხლის კვალი, ფეხსაცმელზე, ქურთუკზეა სისხლის კვალი. აღწერილი იყო, სად იდგა იმ ჩხუბის დროს მენაბდე და ემთხვეოდა, რომ მეთერთმეტე ჭრილობა, რომელიც იყო სასიკვდილო, მან მიაყენა. უამრავი ობიექტური გარემოება ადასტურებდა მის დანაშაულს და აქამდე რომ ემუშავა გამოძიებას სამართლიანად, ის აქამდეც დაჭერილი იქნებოდა.

- მაშინ დღეს რატომ დააკავეს ?

- ამის ორნაირი ახსნა მაქვს: ერთი ის, რომ უკვე შესულია ევროსასამართლოში კალანდიას საქმე და იცის ხელისუფლებამ, რომ ძალიან სერიოზულ დარტყმას მიიღებს, მეორე ფაქტორია, ვფიქრობ, პოლიტიკური. მაშინ აქციებს მართავდა ზაზა სარალიძე და ეს უკავშირდება გიორგი გახარიას, იმ აქციების შემდეგ მან და მისმა მოადგილემ შეთხზეს კალანდიას სისხლის სამართლის საქმე. 3 წლისა და 6 თვის შემდეგ მენაბდის მონაწილეობა, აბა, ვის გაახსენდა ამ საქმეში? მოსამართლე 8 საათის განმავლობაში იჯდა პროცესზე და, პარალელურად, “ფეისბუკით“ ერთობოდა, ასეთ განაჩენს ევროპა ვერანაირად ვერ გაიზიარებს. ამის სამხილი - ვიდეომასალა გაგზავნილი მაქვს ევროსასამართლოში. ბევრი დეტალია გასარკვევი, რატომ დაჭრეს მენაბდე, ისიც უნდა ახსნას მან. უამრავ კითხვაზეა პასუხი გასაცემი, მაგრამ არავინ მიპასუხა. მოცემულობა კი ნამდვილად ასეთია - სარალიძეს მარჯვნიდან მენაბდე ედგა, მარცხნიდან - კალანდია. მას მეთერთმეტე, სასიკვდილო ჭრილობა მიყენებული აქვს მარჯვნიდან, გარდა ამისა, ბარბაქაძის ჩვენებით, მენაბდეს ჭრილობა მიაყენეს ზურგიდან და მას აღწერილი აქვს თავის ჩვენებაში, როგორ გამოიყურებოდა ის კიკინებიანი ბიჭი, რომელსაც ეცვა მწვანე ქურთუკი და მან დაჭრა მენაბდე. ისმის ლოგიკური კითხვა: იმიტომ ხომ არ დაარტყეს დანა, რომ საფრთხე  მენაბდისგან მოდიოდა? მაშინ რატომ არ დაარტყა ის დანა კალანდიას, რომელიც მასთან უფრო ახლოს იდგა. ისეთს რა საფრთხეს წარმოადგენდა მისთვის მენაბდე, რომ მას დაარტყა? მენაბდის დაკავება არის საქმეში ახალი არსებითი გარემოება და ეს იძლევა საფუძველს, რომ გადაისინჯოს კალანდიას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე.

- თუმცა პროკურატურა არ უმსუბუქებს არანაირად თქვენს დასაცავს ბრალს, პირიქით, ამბობს, რომ კალანდიამ და მენაბდემ ორივემ მიაყენეს სარალიძეს დაზიანებები... - აბა, იმას ხომ არ იტყვის პროკურატურა, ჩვენ შეგვეშალაო. პირდაპირ ვაცხადებ, აქ აშკარად იკვეთება რამდენიმე პროკურორის და გამომძიებლის პასუხისმგებლობის საკითხი, რაც მათ პატიმრობას გამოიწვევს. უნდა გაირკვეს, პოლიტიკური დაკვეთის შესრულების მიზნით გააყალბეს ეს საქმე, თუ რა იყო ამის მიზეზი. ფაქტია, კალანდიას და სუბელიანის დაკავების შემდეგ სარალიძე ჩახსნეს მაჩალიკაშვილთან ერთად მიმდინარე აქციიდან. მითხარით, სამ წელზე მეტი რაში სჭირდებოდა ამ საქმის გამოძიებას? გიორგი მენაბდეს ვინ მფარველობდა, არ ვიცი, მაგრამ მფარველობის გარეშე ამდენ შეცდომას გამოძიება ერთი ადამიანის სასარგებლოდ რომ არ დაუშვებს, ეს ცხადია. იმდენი მტკიცებულებაა საქმეში, რომ სხვა მტკიცებულების მოპოვება არც სჭირდებოდა პროკურატურას, რომ მენაბდისთვის ბრალი წარედგინა, მაგრამ ამისთვის სასამართლოს ყურადღება არ მიუქცევია. “ფეისბუკით“ ერთობოდა მოსამართლე მარსაგიშვილი და მას განაჩენი არ აინტერესებდა, ამის კადრები მაქვს გადაღებული და ზერელედ არაფერს ვამბობ.

ველი, რომ გონიერი ხელისუფლება აუცილებლად გადასინჯავს კალანდიას განაჩენს და სიმართლე გაირკვევა. გარდა ბარბაქაძის ჩვენებისა, როგორც გითხარით, არის სხვა სამხილები. სისხლის კვალს რა უნდოდა მენაბდესთან, თუ არ მიუღია მონაწილეობა? ამბობდა, ჯანაშიას ჩავეხუტე, რომ გამორბოდაო და მაშინ დავისვარე სისხლითო. მაშინ ეს ჩვენება გაიზიარა დოყლაპია გამომძიებელმა. ვკითხე მას, რატომ გარეცხე შარვალი-მეთქი? - მისი შარვალი გარეცხა მისმა მეზობელმა ბიჭმა, - რატომ სთხოვე შარვლის გარეცხვა მას-მეთქი? მაგრამ ამაზე პასუხი ვერ მივიღე. ბევრ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. ფაქტი ერთია, კალანდია იყო პოლიტიკური დაკვეთით დაპატიმრებული, რათა ხელისუფლება ხელისუფლებაში კიდევ დარჩენილიყო. ხელისუფლება "სერიოზულ დარტყმას მიიღებს" ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოდან, რადგან იქ ძალიან მალე დაიწყება მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა. დღეს, შესაძლოა, გონს მხოლოდ ამის გამო მოვიდნენ. საქმეზე გამოძიება გრძელდება, თავად ბრალდებული მენაბდე ბრალს არ აღიარებს, ვნახოთ, რა მტკიცებულებები ექნება მის წინააღმდეგ სასამართლოში პროკურატურას და დამტკიცდება თუ არა ამ ხმაურიან საქმეში გიორგი მენაბდის ბრალეულობა.

(სპეციალურად საიტისთვის)