მირიან მეგრელიშვილის განცხადებით, გიორგი მენაბდეს ბრალი ახალი მტკიცებულებების მოპოვების, მათ შორის, მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძის ჩვენების შემდეგ წარუდგინეს - კვირის პალიტრა

მირიან მეგრელიშვილის განცხადებით, გიორგი მენაბდეს ბრალი ახალი მტკიცებულებების მოპოვების, მათ შორის, მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძის ჩვენების შემდეგ წარუდგინეს

დავით სარალიძის მკვლელობის საქმის პროკურორის, მირიან მეგრელიშვილის განცხადებით, გიორგი მენაბდეს ბრალი ახალი მტკიცებულებების მოპოვების, მათ შორის, მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძის ჩვენების შემდეგ წარუდგინეს.

როგორც მეგრელიშვილი აცხადებს, გუგა ბარბაქაძის ბოლო ჩვენება უფრო მნიშვნელოვან და უფრო დეტალურ ინფორმაციას მოიცავდა, ვიდრე მის მიერ წინა ეტაპზე მიცემული ჩვენებები.

"გ.მ-ს ბრალდება მას შემდეგ წარედგინა, როცა სახელმწიფო ბრალდებამ ჩათვალა, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა იყო. გამოძიება არ გაჩერებულა არც მ.კ.-ს მსჯავრდების შემდეგ და არც მანამდე. მოპოვებულია ახალი მტკიცებულებები, ბოლო პერიოდში მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის, გ.ბ.-ს ჩვენებაც. მტკიცებულებათა ერთობლიობა რამდენიმე დღის წინ შეიქმნა და გ.მ.-ს ბრალდების შესახებ იქნა გადაწყვეტილება მიღებული. გ.ბ.-ს ბოლო ჩვენება უფრო მნიშვნელოვან, უფრო დეტალურ, უფრო კონკრეტულ ინფორმაციას მოიცავდა, ვიდრე მის მიერ წინა ეტაპზე მიცემული ჩვენებები, სწორედ, ამ ბოლო ჩვენების შედეგად გადაწყდა გ.მ-ს მიმართ ბრალდების წარდგენა", - განაცხადა მეგრელიშვილმა.

კითხვაზე, იპოვა თუ არა გამოძიებამ დანაშაულის იარაღი - დანა, მეგრელიშვილი პასუხობს, რომ "დანაშაულის იარაღის არ არსებობა არ წარმოადგენს გადამწყვეტ საფუძველს იმისა, რომ დადგეს, ან - არა გამამტყუნებელი განაჩენი".

სახელმწიფო ბრალდება გიორგი მენაბდის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.

"ინტერპრესნიუსი"