აზერბაიჯანელი "კანონიერი ქურდი" "ქურდული სამყაროს" მსხვერპლი გახდა? - რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს გახმაურებულ მკვლელობას სალიფოვთან?
აზერბაიჯანელი "კანონიერი ქურდი" "ქურდული სამყაროს" მსხვერპლი გახდა? - რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს გახმაურებულ მკვლელობას სალიფოვთან?
ფოტო:ალიკ ჰეიდაროვი, ნადირ სალიფოვი
ბოლო ერთი კვირაა საზოგადოების გარკვეული ნაწილი აქტიურად განიხილავს რუსეთში "კრიმინალური ავტორიტეტის", ალიკ ჰეიდაროვის მკვლელობას. როგორც ცნობილია, 12 აპრილს "კანონიერი ქურდი" "წითური ალიკი" ჩვეულებრივ, ფიტნეს კლუბში სავარჯიშოდ დაცვის თანხლებით წავიდა, თუმცა ის მოულოდნელად კილერმა მოკლა.

ჰეიდაროვის მკვლელობამ საზოგადოებაში ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა, ყველა დაინტერესდა ვინ დგას ამ მკვლელობის უკან. როგორც ამბობენ, მკვლელი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ჰეიდაროვის მეზობლად. იმ დღეს დარბაზში, როცა ალი ვარჯიშობდა, უკნიდან უცნობი პირი მიუახლოვდა, ჯერ მათ იკამათეს,
შემდეგ კი უცნობმა წითელი ჩანთიდან იარაღი ამოიღო და ჰეიდაროვს ზურგში რამდენჯერმე ესროლა. გასროლის ხმაზე დარბაზში პანიკა ატყდა, ხალხი ფიტნეს კლუბიდან გაქცევას ცდილობდა, ამ დროს მოასწრო კილერმა და წითელი ჩანთით გაიქცა, თუმცა ის სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს. ცნობილი გახდა კილერის ვინაობაც, ის ვინმე მატლაბ სულთანოვია.

სულთანოვი წარსულში
უკვე იყო აზერბაიჯანში მკვლელობის გამო ნასამართლევი. 2008 წელს მან საკუთარი და დაჭრა, ხოლო სიძეს, რომელიც მის შეჩერებას ცდილობდა, ყური მოაჭრა. როგორც ჩანს, ჰეიდაროვი კილერის მორიგი მსხვერპლი გახდა.

ჩასაფრებული სულთანოვი

სამართალდამცავების მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ სულთანოვმა სწორედ იმ საცხოვრებელ კომპლექსში იქირავა ბინა, სადაც ჰეიდაროვი ცხოვრობდა. ის ერთი წლის განმავლობაში უთვალთვალებდა და სწავლობდა თუ რას და როდის აკეთებდა "კანონიერი ქურდი". ეჭვი რომ არავის გასჩენოდა, სულთანოვმა შეყვარებული გაიჩინა და მას ბიზნესმენად გაეცნო. სახლის ჩხრეკისას მისულ სამართალდამცავებს გოგონამ განუცხადა, რომ ის სულთანოვს სხვა სახელით იცნობს და მისგან შვილსაც ელოდება.

სულთანოვმა შემთხვევის ადგილის დატოვება მოასწრო, ის ავტობუსში ავიდა ტანსაცმელი გამოიცვალა და გზა ასე განაგრძო. კილერმა რამდენჯერმე გამოიცვალა ავტობუსი და კვალის არევის მიზნით, გზაში სხვადასხვა კეპს იხურავდა. ამბობენ, მას თანამზრახველიც ჰყავდა, რადგან ერთ-ერთ ავტობუსში ის ვიღაცას შეხვდა, ახალი ქურთუკი გამოართვა და წავიდა. გაქცევის მიუხედავად, სულთანოვი 14 აპრილს დააკავეს. მან მაშინვე აღიარა დანაშაული. ამბობს, რომ მკვლელობა უთანხმოების ნიადაგზე მოხდა და ამაში თანხა არავის გადაუხდია.

ჰეიდაროვის მკვლელობამ უამრავი კითხვა გააჩინა და შესაძლოა, არსებობდეს მკვლელობის ორი მიზეზი. პირველი საქართველოში დაბადებული, ეთნიკურად აზერბაიჯანელი "კანონიერი ქურდის" ნადირ სალიფოვთან წარსულში მომხდარი უთანხმოებაა. მკვლელობის მეორე მიზეზი შეიძლება "ქურდული სამყაროს" შურისძიება იყოს. ჰეიდაროვი იყო პირველი "კანონიერი ქურდი", რომელიც ციხიდან ვადაზე ადრე გამოუშვეს, ამ ფაქტის გამო ფიქრობდნენ, რომ ჰეიდაროვი სამართალდამცავებთან თანამშრომლობდა და საერთოდაც არ არის გამორიცხული, ეპატაჟური "კრიმინალური ავტორიტეტი", თავად ამ სამყაროს წევრების გადაწყვეტილებით მოეკლათ.

ძველი მტრები

ვინც "კრიმინალური სამყაროს" მიმდინარე ამბებს იცნობს, ყველამ იცოდა, რომ უკვე გარდაცვლილი "კანონიერი ქურდი" ნადირ სალიფოვი იგივე "გული", რომელიც ბოლო პერიოდში ნომერ პირველ ქურდად მოიაზრებოდა, უკომპრომისობით გამოირჩეოდა. ის დაუპირისპირდა ერთ-ერთ აზერბაიჯანელ ავტორიტეტს როვშან ჯანიევს, რომელიც 2016 წელს კილერმა მოკლა. ამის შემდეგ "გული" მის მომხრეებსაც გაუსწორდა და მათ შორის იყო "წითური ალიკიც", რომელსაც "ქურდული სტატუსი" ჩამოართვა.

ამის მიზეზი კი საკმაოდ სერიოზული იყო. კრიმინალური გარჩევისას, სადაც დაპირისპირება მოხდა, "წითური ალიკი" გაიქცა და არც მეტი, არც ნაკლები, პოლიციის მანქანაში დაიმალა...

"გულის" გადაწყვეტილება არცერთ ავტორიტეტს არ გაუპროტესტებია, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ, ჰეიდაროვმა მოახერხა სტატუსის დაბრუნება და სალიფოვის ოპონენტად იქცა. მან სალიფოვის მფარველობაში არსებული რუსული ბაზრების ხელში ჩაგდებაც მოინდომა. კიდევ სხვა პატარა კონფლიქტური ვითარებებიც არსებობდა ამ ორ მხარეს შორის, თუმცა ომში ეს არასდროს გადაზრდილა. რამდენიმე წელში კი სალიფოვი საკუთარ ნომერში მოკლეს. ახლა კი სვამენ კითხვას, არის თუ არა ჰეიდაროვის მკვლელობა ერთგვარი შურისძიება გარდაცვლილი სალიფოვის მხარდამჭერების მხრიდან, ჯერ კიდევ არავინ იცის...

"თერძი ალიკი"?

ჰეიდაროვის მკვლელობის მეორე მიზეზი შესაძლოა მისი ციხიდან გამოშვება და ციხეში განვითარებული მოვლენები იყოს. როგორც ცნობილია, მას ავტო გამყიდველების გაქურდვის გამო 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის ციხიდან 13 თვით ადრე გამოუშვეს. სასამართლო გადაწყვეტილებაში წერია, რომ ჰეიდაროვი "გამოსწორების გზას დაადგა".

ამბობებენ, რომ ჰეიდაროვი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კარგად იქცეოდა, კარგი ურთიერთობა ჰქონდა ციხის ადმინისტრაციასთან. ჩართული იყო სხვადასხვა აქტივობაში, მათ შორის, პროფესიულ სასწავლებელში ეუფლებოდა თერძის - მკერავის პროფესიას.

ამბობენ, რომ რუსული სპეცსამსახურები მას აზერბაიჯანში კრიმინალური კლანის სათავეში ჩასადგომადაც ამზადებდნენ.

"თუ ჰეიდაროვის, როგორც "კრიმინალური ავტორიტეტის" ღირსებაზე ვისაუბრებთ, ფაქტობრივად ის არც არსებობდა. ოპონენტებზე რომ არ ვისაუბროთ, მის "ქურდობას" აზერბაიჯანული კლანის მესამედიც კი არ აღიარებდა. ის არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი პიროვნება, მის უკან ყოველთვის იდგა უფრო გავლენიანი პირების ინტერესები", - ამბობს საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ კრაიმის" რედაქტორი ვიქტორია გეფტერი. (წყარო)

მოამზადა ნიკა გულუამ

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები