"მენაბდე სარალიძის მარჯვენა მხარეს იდგა და მას სასიკვდილო ჭრილობა ბარძაყში სწორედ მარჯვნიდან აქვს მიყენებული" - კვირის პალიტრა

"მენაბდე სარალიძის მარჯვენა მხარეს იდგა და მას სასიკვდილო ჭრილობა ბარძაყში სწორედ მარჯვნიდან აქვს მიყენებული"

"სისხლიანი შარვალი მეზობელს გაარეცხვინა. ასე იმიტომ მოიქცა, რომ მისი მარჯვენა ჯიბის სარჩულზე იყო სისხლი, რომელშიც, სავარაუდოდ, დანას ინახავდა. მერე ეს დანაც გააქრეს"

3 წლისა და 5 თვის შემდეგ ხორავას საქმის ფიგურანტი გიორგი მენაბდე, რომელიც მანამდე მოწმის სტატუსით სარგებლობდა, დააკავეს. მას ბრალად ედება არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა. დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"დადგინდა, რომ დაკავებულმა გ.მ.-მ, გ.ჯ.-სა და მ.კ.-სთან ერთად ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. წლების მერეც მთავარ კითხვად დარჩა, ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დათუნა სარალიძეს და არის თუ არა ეს დეკანოზ შიო მენაბდის ვაჟი.

დათუნა სარალიძის მამა თავიდანვე ასახელებდა გიორგი მენაბდეს სავარაუდო მკვლელებს შორის, თუმცა ამბობდნენ, რომ მას ხელს აფარებდნენ და სამხილებიც გააქრეს.

ხორავას ქუჩაზე იმ ინციდენტის დროს მენაბდეც დაიჭრა, თუმცა ეს არ გახმაურებულა, მას ექსპერტიზაც ინციდენტიდან 2 კვირის შემდეგ ჩაუტარდა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1-ლ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს. დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალი ორ პირს, მიხეილ კალანდიასა და გიორგი ჯანაშიას წარუდგინეს. კალანდია დღეს პატიმარია, ჯანაშიას კი 2020 წლის იანვარში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. პროკურატურის განმარტებით, მან აღიარა დანაშაული და ბრალდების მხარეს საქმეზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. საპატიმრო კი 2021 წლის 4 იანვარს დატოვა.

"ერთ-ერთი ეჭვი ის არის, რომ გ.ბ. რაღაცის სანაცვლოდ მოიქცა ასე..."

დავით დადიანი, გიორგი მენაბდის ადვოკატი:

- მენაბდე ერთი მსჯავრდადებულის ჩვენების საფუძველზე დააკავეს. ცხრა სასამართლო ჩატარდა და მას ახლა გაახსენდა დეტალები? ამბობს, მენაბდე სარალიძის მარჯვნივ იდგა და მან დაარტყა დანა ბარძაყშიო.

- ანუ სასიკვდილო ჭრილობაზე მიანიშნებს? გ.ბ.-ს ადრინდელ ჩვენებაში მენაბდე არ უხსენებია? - როგორ არ უხსენებია... მისი ჩვენებები გასაზიარებელი თუ იყო, მაშინ რატომ არ დაიჭირეს? როცა სასამართლომ გარემოებები დაადგინა, მაშინ არ იყო მენაბდე დასაჭერი და ახლა, როცა მსჯავრდადებულმა შეცვალა ჩვენება, დაიჭირეს?

ჯერ არ ვიცი, ეს რის სანაცვლოდ გაკეთდა. როგორც ბარბაქაძე ამბობს, მენაბდე იდგა დათუნა სარალიძის მარჯვნივ და მან დაარტყა დანა. სხვა არავითარი მტკიცებულება არ არის საქმეში. მისი შარვალიც პირველივე დღეს ამოიღეს. მისი გადაგდება რომ ნდომოდა, არ გამოაჩენდა. ტანსაცმელზე სისხლის წვეთები ყველას ჰქონდა, რადგან იმ დროს, ალბათ, ყველა ერთმანეთს ეხებოდა. დანაც არ არის ამოღებული და არ ვიცი, რა მტკიცებულებების ერთობლიობაზე ლაპარაკობს პროკურორი.

- გარდაცვლილის ოჯახი მენაბდეს თავიდანვე მკვლელობის მონაწილედ მოიხსენიებდა. - ყველაზე შეიძლებოდა ეჭვი ყოფილიყო, ვინც იქ იყო. წარმოიდგინეთ, უზენაესი სასამართლოს სამი განაჩენია, მანამდე ჩატარებულ სასამართლოებზე რა გარემოებებიც დადგინდა, იმის საფუძველზე კი არ დაიჭირეს მენაბდე, მათი საწინააღმდეგო გარემოებების გამო - მსჯავრდადებულის ახლანდელი ჩვენების საფუძველზე. გამოდის, სასამართლომ არასწორად დაადგინა გარემოებები, ან შეიძლება 9 სასამართლოს გადაწყვეტილება ერთი ჩვენებით შეიცვალოს?

- თავად ბრალდებული რას ამბობს? - უარყოფს დანაშაულს.

- ვინ და რატომ დაჭრა მენაბდე? ითქვა, რომ მას სწორედ იმიტომ დაარტყეს დანა, სარალიძის სიცოცხლეს რომ შეუქმნა საფრთხე. - ეგ მათ უნდა გამოეძიებინათ. თვითონაც არ იცის, ვინ დაჭრა, უკნიდან აქვს მიყენებული ჭრილობა და როგორ დაინახავდა? ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ უმნიშვნელო ჭრილობა იყო. თუ ძმაკაცს გიკლავენ, კი არ უჩხვლეტ, დაარტყამ და ჭრილობის სიღრმე მეტი იქნებოდა.

- როგორც კალანდიას ადვოკატი, თქვენც თვლით, რომ მენაბდის სამი წლის შემდეგ დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა? - როცა გამოძიება გრძელდება, შეიძლება 10 წლის შემდეგაც დააკავონ ადამიანი, მაგრამ გაუგებრობას იწვევს ერთი რამ: როდესაც მსჯავრდადებულმა რაღაც განაცხადა, ამ ინფორმაციას ჯერ ამოწმებენ. არავინ ამოწმებს, ბარბაქაძემ ციხეში ზეწოლის გამო მისცა ასეთი ჩვენება თუ რაღაცის სანაცვლოდ. არც ერთ გარემოებას არ გამოვრიცხავთ, სანამ ეს არ დადგინდება. ამიტომ ვიძახო, პოლიტიკურიაო, არ გამოდის. ერთ-ერთი ეჭვი ის არის, რომ გ.ბ. რაღაცის სანაცვლოდ მოიქცა ასე.

- მამა შიო რას ამბობს შვილის დაკავებაზე? - მან თქვა, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა და სიმართლე გაირკვევა. ის ელოდება მართლმსაჯულებას, თუ ამას მართლმსაჯულება ჰქვია.

"ზაზა თავიდანვე მიუთითებდა, რომ მენაბდე იმ დროს ფარდულში იყო "

ნესტან ლონდარიძე, ზაზა სარალიძის ადვოკატი:

- მენაბდის სავარაუდო დანაშაულზე ზაზა სარალიძე ჯერ კიდევ საქმის დასაწყისში ლაპარაკობდა, თავიდანვე მიუთითებდა, რომ მენაბდე იმ დროს ფარდულში იყო. შემდეგ გამოიკვეთა, რომ მენაბდის ტანსაცმელზე დავით სარალიძის სისხლი იყო...

- გაიზრდება ბრალდებულთა წრე? - ჩვენ გამოვავლინეთ საქმეში მონაწილე მთავარი პირები და ამ მხრივ ბრალდებულთა რაოდენობის გაზრდას არ ვვარაუდობთ. თუმცა, თუ საქმეში აღმოჩნდა დამატებითი მტკიცებულება, შესაძლებელია გაიზარდოს კიდეც. ამოღებულია მხოლოდ 2 დანა, თუმცა ჭრილობების სიმრავლე და ჩვენებებიც მიუთითებს, რომ გამოყენებული იყო 2-ზე მეტი დანა ან დანის მსგავსი საგანი. იკვეთება ზოგიერთი პირის სამოხელეო დანაშაულიც და ეს საკითხიც შესასწავლია.

- ბარბაქაძის გარდა, მენაბდეზე კიდევ ვინმემ მისცა ჩვენება? - დიახ, ზოგიერთმა ჩვენებებში მენაბდეზე მიუთითა.

- შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დათუნას მან მიაყენა მეთერთმეტე, სასიკვდილო ჭრილობა? - სამ წელზე მეტია გასული და ძალიან რთულია ვთქვათ, ვინ რომელი ჭრილობა მიაყენა. თავდაპირველად არაერთი თანამდებობის პირის მტკიცებულებებზე ზეგავლენა გამოიკვეთა, რამაც გაართულა მტკიცებულებების უმრავლესობის მოპოვება. საგამოძიებო ორგანოებმა სცადეს მათთვის სასურველი ვერსიის გატანა, რომ არ მოპოვებულიყო ის მტკიცებულებები, რომელთაც საქმისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

"მენაბდის გარდა არავის შეეძლო სარალიძისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიყენება"

ზურაბ თოდუა, მიხეილ კალანდიას ადვოკატი:

- კალანდიას საქმეზე 155 მოწმე დავკითხე და არც ერთს არ უთქვამს, მენაბდემ დანა დაარტყაო, მაგრამ საქმეში იყო ჩემ მიერ მოძიებული უამრავი მტკიცებულება, რომლებიც ბრალდებას აძლევდა საფუძველს, რომ მენაბდე დაეკავებინათ, მაგრამ მაშინ ეტყობა, მფარველობდნენ, ახლა კი ბარბაქაძეს იყენებენ იმისთვის, თითქოს ახალი გარემოება გამოჩნდა.

მენაბდე სარალიძის მარჯვენა მხარეს იდგა და მას სასიკვდილო ჭრილობა ბარძაყში სწორედ მარჯვნიდან აქვს მიყენებული (საზარდულთან არტერია ჰქონდა გადაჭრილი). ამ ჭრილობის მიყენება სწორედ მარჯვენა მხარეს ზურგიდან მდგომ ადამიანს შეეძლო. თავად მენაბდე სარალიძის მეგობარმა დაჭრა, როცა დაინახა, რომ ის სარალიძის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. ჩემი დაცვის პირს რომ შეექმნა საფრთხე, ის დანას მენაბდეს კი არა, კალანდიას ჩაარტყამდა. მან ჯერ გვერდი აუარა კალანდიას და შემდეგ ჩაარტყა დანა სარალიძეს. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება მაინც პოლიტიკურია - მაშინ გიორგი გახარიამ დაალაგა ყველაფერი და კალანდია-სუბელიანის დაკავებით დანაპირები შეუსრულა ზაზა სარალიძეს, რის სანაცვლოდაც მან შეწყვიტა აქციები და მაჩალიკაშვილს დაუპირისპირდა.

გახარიამ დააშოშმინა ეს ხალხი, სანაცვლოდ კი ხელისუფლებამ მიიღო იმის გარანტია, რომ სარალიძე არ იხმაურებდა, არ გააპროტესტებდა შოთაძისა და ბედოიძის უწყებაში დაბრუნებას. დღეს, ფაქტობრივად, "ოცნებიდან" წასულმა გახარიას ჯგუფმა შეიძლება პრობლემები შეუქმნას უმრავლესობას და ახლა ესენი ცდილობენ გახარიას შეახოცონ ხელი, ამით უთხრან, ჭკვიანად თუ არ იქნები, ვიტყვით, როგორ დაალაგე ეს საქმე, როგორ დაიჭირე კალანდია და სუბელიანიო... უამრავი მტკიცებულება იყო, რომლებიც პირდაპირ ადასტურებდა მენაბდის მონაწილეობას მკვლელობაში. ექვსჯერ თუ მეტჯერ დაჰკითხეს და არც ერთ ჩვენებაში არ უთქვამს ის, რაც ჩემს შეკითხვაზე მიპასუხა, რომ ზურგჩანთა გაჭრილი ჰქონდა. ვკითხე, სად წაიღე-მეთქი, არ ვარგოდა და გადავაგდეო. მას სარალიძის მეგობარმა დანა ძლიერად დაარტყა, დანამ ჩანთაში წიგნებსა და რვეულებში გაიარა და ამიტომ მიიღო მცირე დაზიანება. მენაბდემ სისხლიანი შარვალი მეზობელს გაარეცხვინა. ასე იმიტომ მოიქცა, რომ მისი მარჯვენა ჯიბის სარჩულზე იყო სისხლი, რომელშიც, სავარაუდოდ, დანას ინახავდა. მერე ეს დანაც გააქრეს...

არგუმენტების შესწავლა-ანალიზი მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მის გარდა, სხვას არავის შეეძლო სარალიძისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიყენება. ეს საქმე საერთოდ ანგრევს კალანდიას საქმეს, რომელიც პოლიტიკური დაკვეთით დაკავებული პირი იყო. ეს გახარიამ და საბანაძემ აღასრულეს.

ამონარიდი ხორავას საქმის ფიგურანტ გუგა ბარბაქაძის ჩვენებიდან:

"არკაში შევედით და იქ გავჩერდით, სადაც 2 ცალი ბეტონის ბოძი იდგა. იქიდან ვუყურებდი და დავინახე, რომ სარალიძემ ჯანაშია ფარდულში შეაგდო. სარალიძეს მარცხენა მხარეს ედგა კალანდია, მარჯვენა მხარეს კი მენაბდე, რომელიც სარალიძეს ურტყამდა რაღაც მჭრელ საგანს, სავარაუდოდ, ეს იყო დანა. მერე სარალიძე ოდნავ მოტრიალდა, მის პარალელურად დადგა და მენაბდემ ისევ გააგრძელა დანის დარტყმა... მერე მე გამოვბრუნდი და ინგლისურზე წავედი".