"ჯერ ერთი ძმა მომიკლეს მაგისმა შვილებმა, გამოვიდნენ ციხიდან და ახლა ჩემი მეორე ძმაც მოკლეს" - ახალდაბაში მომხდარი მკვლელობის უცნობი დეტალები - კვირის პალიტრა

"ჯერ ერთი ძმა მომიკლეს მაგისმა შვილებმა, გამოვიდნენ ციხიდან და ახლა ჩემი მეორე ძმაც მოკლეს" - ახალდაბაში მომხდარი მკვლელობის უცნობი დეტალები

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბაში ვალერი ნაცვლიშვილი მოკლეს. ტრაგედია დღეს დილით მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ნაცვლიშვილი სახლიდან ადრე გავიდა, რათა ნახირი საძოვარზე გაეშვა, ამ დროს, ქუჩაში მიმავალს თანასოფლელმა სანადირო თოფიდან ესროლა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მას ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ნაცვლიშვილს თანასოფლელმა და მეზობელმა ზაურ მაჭარაშვილმა ესროლა. მომხდარი კი, ახალდაბელების ვარაუდით, ამ ორ ოჯახს შორის წლების წინ არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება. დეტალები სამართალდამცავებმა უნდა გაარკვიონ. გორის მერის წარმომადგენელი ვარიანის ადმინისტრაციულ ერთეულში, პაატა კოკაური ამბობს, რომ ჯერჯერობით მისთვის უცნობია მომხდარის დეტალები და მკვლელობის მოტივიც.

"ვარიანის შემადგენლობაში შედის სოფელი ახალდაბა. ახალი მომხდარია ეს დანაშაული, ახლა შემთხვევის ადგილზე ვიმყოფები, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერში გავერკვიე. მოკლულია ვალერიან ნაცვლიშვილი. არც ის ვიცი, ვინ არის მკვლელი. ახლაც მუშაობს პოლიცია, დეტალები ჯერ უცნობია", - ამბობს მერის წარმომადგენელი. ჩვენს კითხვაზე, არსებობდა თუ არა მოკლულსა და სავარაუდო დამნაშავეს შორის რაიმე დაპირისპირება, კოკაური ამბობს, რომ მეზობლებს შორის დაპირისპირებაზე არაფერი გაუგია.

"რაიმე დაპირისპირებაზე არ მსმენია. ამ დილით გასულა სახლიდან, ნახირი გარეკა და ქუჩაშია მოკლული. ისიც არ ვიცი, ჰყავს თუ არა მომხდარს თვითმხილველი. პოლიცია მუშაობს ამ წუთას. მოკლული დაოჯახებული იყო, ჰყავს მეუღლე და შვილები, არ იყო ნასამართლევი. მიმდინარეობს გამოძიება, მალე გაირკვევა, რატომ მოხდა ეს მკვლელობა", - განუცხადა ამბები.გე-ს კოკაურმა.

ვალერი ნაცვლიშვილის ცხედარი გორის პროზექტურაში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს. გარდაცვლილის ნათესავები პირდაპირ ამხელენ მომხდარში მოკლულის მეზობელს.

"მკვლელი ზაურ მაჭარაშვილია. 2004 წელს ჯერ ერთი ძმა მომიკლეს მაგისმა შვილებმა, გამოვიდნენ ციხიდან და ახლა მეორე ძმაც მოკლეს. ამნისტიით არიან გამოშვებული თვითონაც და მისი შვილებიც. 2004 წლიდან მოდის ეს ამბავი, სერიული მკვლელია მაჭარაშვილი..." - ამბობს გარდაცვლილის და.

ადგილობრივები ადასტურებენ ოჯახებს შორის არსებულ დაპირისპირებას და როგორც შევიტყვეთ, ამ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე ჩხუბიც მომხდარა.

გარდაცვლილი ვალერი ნაცვლიშვილის მეზობელი:

- როგორც იძახიან, სურენა, იგივე ზაურ მაჭარაშვილია ვალერის მკვლელი. ვალერი ასე 47 წლის იქნება, სამი შვილის მამა, სოფლის მეურნეობა ჰქონდა აწყობილი, კარგი, გამართული ოჯახია. გააგრძელეთ კითხვა