ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაკავებული შსს-ს 2 თანამშრომლისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს
22-04-2021
ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაკავებული შსს-ს 2 თანამშრომლისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს
ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომლისთვის - გიორგი ბიჩინაშვილისა და დავით დევდარიანისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს.

ერთ-ერთი დაკავებულის, დავით დევდარიანის ადვოკატის, დავით ჭიკაიძის ინფორმაციით, დევდარიანი ამ დროისთვის დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის. უფლებადამცველმა ასევე უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უფლებამოსილების გადამეტებასთან ერთად, ბრალდებულები სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების ვიდეოგადაღებასაც აწარმოებდნენ.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დღეის მდგომარეობით ინარჩუნებს
დუმილის უფლებას. შევხვდი გუშინ, ვესაუბრე, გავივლით ტექნიკურ საკითხებს. ჩვენებასთან დაკავშირებით ის აუცილებლად ჩამოაყალიბებს ინფორმაციას და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დეტალურად მიაწვდის ინფორმაციას საგამოძიებო ორგანოს და საზოგადოებას. დღემდე ჩვენი ინიციატივით, მისი გამოკითხვა მოხდა ორჯერ, ჩვენ განცხადებით მივმართეთ საგამოძიებო ორგანოს და ის თანამშრომლობს გამოძიებასთან. მე მასთან ვთანამშრომლობ რამდენიმე
თვეა, ვესწრებოდი გამოკითხვებს და მან დეტალურად ისაუბრა შესაძლო დანაშაულზე, რომლის ფარგლებშიც შეიძლება მისთვის ბრალი წარედგინათ. მას პირადად აქვს გადაცემული პირად სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონი საგამოძიებო ორგანოსთვის და მის ტელეფონში არ არის დაფიქსირებული არც ერთი ფაქტი, სადაც ასახული იქნებოდა რომელიმე ჯარისკაცის მიმართ პატივის და ღირსების შემლახველი ინფორმაცია", - აღნიშნა დავით ჭიკაიძემ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებმა გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ გამოიყენეს კანონით აკრძალული დასჯის მეთოდები, რომლითაც შელახეს მათი პირადი ღირსება, არსებითად დაარღვიეს მათი უფლებები, მიაყენეს მორალური და ფიზიკური ტკივილი და დააზიანეს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსი გიორგი ბიჩინაშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის სამი სხვადასხვა ეპიზოდის ბრალდებით დააკავეს, რაც პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

რაც შეეხება ამავე სამმართველოს ცვლის უფროსს, დავით დევდარიანს, იგი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ორი სხვადასხვა ეპიზოდის ბრალდებით, რაც პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის - ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თვის კითხვადი სტატიები