უფროსი პროკურორი ზაზა დათუკიშვილი თანამდებობას ტოვებს
22-04-2021
უფროსი პროკურორი ზაზა დათუკიშვილი თანამდებობას ტოვებს
უფროსი პროკურორი ზაზა დათუკიშვილი თანამდებობას ტოვებს. როგორც ზაზა დათუკიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, ქვეყანაში შექმნილი ვითარება აფიქრებინებს, რომ "ამჟამინდელი როლითა და რესურსით ამ ინსტიტუტის და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განვითარების ხელშეწყობა ნაკლებად რეალური ხდება", რის გამოც პროკურორის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მისვე განმარტებით, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის მშენებლობისთვის ბრძოლას სამოქალაქო სექტორიდან გააგრძელებს.

"როგორც თქვენთვის ცნობილია, მალე 10 წელი სრულდება, რაც ვმუშაობ საქართველოს პროკურატურაში უფროსი პროკურორის თანამდებობაზე. ეს იყო გამოწვევებით, სირთულეებით, სიახლეებითა და გამარჯვებებით
სავსე 10 წელი. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო ბოლო 4 წელი, როდესაც ვიმსახურე, როგორც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პროკურორმა. ამ წლების განმავლობაში მუხლჩაუხრელად ვიბრძოდი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, როგორც მართლმსაჯულების მართლაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ინსტიტუტის განვითარებისთვის. მეამაყება, რომ ჩემს გუნდთან ერთად უდიდესი წვლილი შევიტანე ამ სფეროში პროკურატურის როლის გაძლიერებაში.
ჩვენ მიერ ჩატარებულმა ისტორიულმა პროცესებმა შეუქცევადი გახადა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარება, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, დღეს არის ერთ-ერთი მიუკერძოებელი, ობიექტური და სამართლიანი მართლმსაჯულების ფორმა ჩვენს ქვეყანაში.

თუმცა, 10-წლიანი მოღვაწეობის მიწურულს ქვეყანაში შექმნილი ვითარება მაფიქრებინებს, რომ ამჟამინდელი როლითა და რესურსით ამ ინსტიტუტის და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განვითარების ხელშეწყობა ნაკლებად რეალური ხდება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დავტოვო პროკურორის თანამდებობა, მივიღო ახალი გამოწვევა და განვაგრძო დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის მშენებლობისთვის ბრძოლა აწ უკვე სამოქალაქო სექტორიდან.

მჯერა, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვნად გააძლიერებს ადვოკატთა კორპუსს და სამოქალაქო სექტორს, რაც ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემის განვითარებას. ჩემი ახალი ასპარეზის შესახებ კონკრეტულად მოგვიანებით შეგატყობინებთ, თუმცა, თამამად ვაცხადებ, რომ ეს იქნება შესაძლებლობა ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე, ვემსახურო იდეას, რომლისაც მჯერა და ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას.

მადლობა ყველა იმ კოლეგას, რომლებიც გულწრფელად ემსახურებიან ქვეყნისა და ხალხის ინტერესს! მადლობა აშშ-ის საელჩოს საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის! იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან მალე ეს ქვეყანა მართლაც დაადგება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და მართლმსაჯულების განვითარების გზას და გახდება ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრი!

განსაკუთრებული მადლობა ჩემს გუნდს - ნაფიც მსაჯულთა სამმართველოს! მადლობა თქვენ მიერ გაწეული შრომისა და ბრძოლისთვის! თქვენი შრომა იყო და იქნება ფასდაუდებელი. ვრჩები თქვენს გულშემატკივრად და მჯერა, რომ ოდესმე ერთად ვიზეიმებთ ჩვენი საოცნებო მართლმსაჯულების სისტემის არსებობას.

და ბოლოს, წარმატებას ვუსურვებ თითოეულ პროკურორს! პროკურორობა არ არის მხოლოდ სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა. პროკურორობა არის ქვეყნის სამსახური, ქვეყნისა და ხალხის მომავალზე ზრუნვა, და ღირსება, რომელსაც სჭირდება დაცვა! გისურვებთ, დარჩენილიყავით თქვენი ფიცის ერთგულნი!" - წერს ზაზა დათუკიშვილი.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თვის კითხვადი სტატიები