"შსს-ს თანამშრომლები ჯარისკაცებს მუხლებზე დაჩოქილებს აიძულებდნენ, კბილის ჯაგრისით ყაზარმის ტერიტორია ეხეხათ"
23-04-2021
"შსს-ს თანამშრომლები ჯარისკაცებს მუხლებზე დაჩოქილებს აიძულებდნენ, კბილის ჯაგრისით ყაზარმის ტერიტორია ეხეხათ"
ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმის პროკურორის ალექსანდრე ჩხეიძის განცხადებით, ბრალდებულმა გიორგი ბიჩელაშვილმა ერთ-ერთ დაზარალებულს დამამცირებელი მოქმედების დროს ფოტოსურათები გადაუღო და ტელეფონში კომპრომატის სახით ინახავდა.

პროკურორის თქმით, ბრალდებულმა ბიჩელაშვილმა მოკლეტარიანი კბილის ჯაგრისით და კბილის პასტით დაზარალებულ მარტიროს მანასიანს საპირფარეშოს იატაკი მოახეხინა. ასევე, დაზარალებულებს, სულხანიშვილსა და სეხნიაშვილს სიტყვიერი ბრძანებით, 2-დან 4-საათამდე მუხლებზე დაჩოქილს სხვა ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით ყაზარმის ტერიტორია გაახეხინა.

ბიჩელაშვილმა ასევე დაზარალებულ არშავირ არუტულიანს სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე მოკლეტარიანი
ფეხსაცმლის საწმენდი "ჩოთქით" ყაზარმის ოთახი, საპირფარეშოს პირსაბანი ოთახის სივრცე მოაწმენდინა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, დიმიტრი დევდარიანს, მან ერთ-ერთ დაზარალებულს - სეხნიაშვილს სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით უთხრა, რომ მისი საქმე მხოლოდ ხეხვა იყო. დევდარიანმა თამაზ სეხნიაშვილს დილიდან საღამომდე, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში, სხვა ვადიანი ჯარისკაცების თანდასწრებით ახეხინა ყაზარმის
ტერიტორია, საპირფარეშოს პირსაბანი იატაკი, კარი.

პროკურორის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული. ჩხეიძის თქმით, ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს.

პროკურორის განმარტებით, ბრალდებულები საკუთარი ინიციატივით იღებდნენ დისციპლინური დასჯის მეთოდებს, ისინი ჯარისკაცებს უფლებამოსილების გადამეტებით სჯიდნენ და ყოველ ჯერზე დასჯის მეთოდებს ამკაცრებდნენ. ისინი დაზარალებულებს 11კგ-იანი ჯავშანჟილეტებით აღჭურვილებს აძლევდნენ მოკლეტარიან "ჩოთქებს", რათა მუხლებზე დაჩოქილებს გაეხეხათ ტერიტორია, რასაც სხვა ჯარისკაცებს აყურებინებდნენ. ჩხაიძის განცხადებით, ბრალდებული დიმიტრი დევდარიანი დაზარალებულ თამაზ სეხნიაშვილს ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლადაც რამდენიმე კილოგრამიანი ჯავშანჟილეტით აღჭურვილს უშვებდა.

პროკურორის თქმითვე, დაზარალებულმა თვითმკვლელობაზეც იფიქრა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებმა გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ გამოიყენეს კანონით აკრძალული დასჯის მეთოდები, რომლითაც შელახეს მათი პირადი ღირსება, არსებითად დაარღვიეს მათი უფლებები, მიაყენეს მორალური და ფიზიკური ტკივილი და დააზიანეს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

ბრალდებულებს - გიორგი ბიჩელაშვილსა და დიმიტრი დევდარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ მიიღო.

აღნიშნულით მან ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

მოსამართლის განცხადებით, მას "ნადვილად არ ეგონა, რომ მსგავსი ფაქტი ქართულ ჯარში შეიძლებოდა მომხდარიყო". ხორავას განმარტებითვე, ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და ასევე, სხვა საფრთხეებიც არსებობს, რის გამოც, მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდება დაკავებულების - გიორგი ბიჩელაშვილისა და დიმიტრი დევდარიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, დიმიტრი დევდარიანის ადვოკატი მისი 5 000-ლარიანი გირაოს, გიორგი ბიჩელაშვილის ადვოკატი კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თვის კითხვადი სტატიები