"მამამ ბოლოს რომ დამირეკა, ვერ ვუპასუხე, რადგან სამსახურში ვიყავი. მერე დავურეკე, მაგრამ აღარ მიპასუხა. თურმე უკვე გარდაცვლილი იყო..." - კვირის პალიტრა

"მამამ ბოლოს რომ დამირეკა, ვერ ვუპასუხე, რადგან სამსახურში ვიყავი. მერე დავურეკე, მაგრამ აღარ მიპასუხა. თურმე უკვე გარდაცვლილი იყო..."

"ვემუდარებოდი ჩამოსულიყო. მეუბნებოდა, ნუ გეშინია, დედა, არაფერი მომივაო. სანგარში ვზივარ, მაგრამ ნუ გეშინიაო. როგორც ჩანს, მამხნევებდა, რომ არ შემშინებოდა..."

ქართველი მებრძოლი, 46 წლის დავით შარტავა, 24 აპრილს მშობლიურ მიწას მიაბარეს - ის უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების თავდასხმას ემსხვერპლა. დონბასში სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ. რუსმა აგრესორებმა იმ საბედისწერო დღეს სანგარში მყოფ მებრძოლებს ავტომატური ყუმბარსატყორცნები ჩაუყარეს და აფეთქებას გამოცდილი ქართველი მეომარი შეეწირა. დავით შარტავა 5 წელია უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან მებრძოლი უკრაინელების გვერდით იბრძოდა. მან საქართველოში მშობლები, მეუღლე და ორი ვაჟი დატოვა.

გიორგი შარტავა, დავით შარტავას 22 წლის შვილი:

"2016 წელს თანამებრძოლები დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ უკრაინაში საბრძოლველად წასვლას აპირებდნენ. მაშინ მამამ დაუფიქრებლად მიიღო გადაწყვეტილება - თანამებრძოლების გვერდით დადგა. მისი იდეა იყო თავისი სამშობლოს მტრებთან ნებისმიერ ადგილას ებრძოლა... თავიდან უკრაინაში ინსტრუქტორი იყო - ახალწვეულებს ასწავლიდა ბრძოლის წესებს. მერე თვითონაც ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში და ცხელ წერტილებში იბრძოდა ქართველებისა და უკრაინელების მხარდამხარ. თავიდან ქართულ ლეგიონში, მერე სხვადასხვა უკრაინულ ბატალიონში იბრძოდა. ბოლოს 128-ე სამთო შემტევ ბატალიონში მოხვდა, რომელიც დისლოცირებული იყო კარპატის მთებისკენ. მარტში ძალიან დაიძაბა მდგომარეობა დონბასში და რამდენიმე დღის წინ მამაჩემის ბატალიონი მარიუპოლის ახლოს გადავიდა. როგორც მისმა თანამებრძოლმა მითხრა, სანგარი ყუმბარსატყორცნებით დაუბომბავთ.

როგორც გამოცდილ ჯარისკაცს, უკრაინელი ახალწვეული ჰყავდა მიბარებული. როცა სროლა ატყდა, თურმე ახალწვეულს ხელი ჰკრა და იმ ადგილიდან მოისროლა. ბიჭი სიკვდილს გადაარჩინა, მხოლოდ დაიჭრა, მამა კი ბომბის ანასხლეტმა შეიწირა.

მამა სულ გვირეკავდა. ბოლოს რომ დამირეკა, ვერ ვუპასუხე, რადგან სამსახურში ვიყავი. მერე მე დავურეკე, მაგრამ აღარ მიპასუხა. თურმე უკვე გარდაცვლილი იყო...

მამა გამოცდილი სამხედრო იყო. 2004 წელს ამერიკელ ინსტრუქტორებთან გაიარა "კომანდოს" წვრთნები. ცხინვალში წინა ხაზზე იბრძოდა. აფხაზეთის ომი გამოიარა, მშობლიურ მიწაზე ებრძოდა რუს აგრესორს. სულ ამბობდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა ქვეყნის მთლიანობის დასაცავად".

დავით შარტავამ სამსახიობო-სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა. როცა საქართველოს დასჭირდა, საყვარელი საქმე მიატოვა და ქვეყნის სადარაჯოზე დადგა. როგორც მეგობრები ამბობენ, ძალიან თბილი და ნიჭიერი იყო, თან ღვთისმოშიში, ერთხანს მარტვილის მონასტერში ცხოვრობდა რწმენის გასაძლიერებლად.

"ვეხვეწებოდი, ვემუდარებოდი, ჩამოსულიყო. მეუბნებოდა, ნუ გეშინია, დედა, არაფერი მომივაო. ბოლოს რომ ველაპარაკე, ვერ ვხედავდი, სად ხარ ამ სიბნელეში-მეთქი. ჩემმა ქალიშვილმა მითხრა, დედა, სანგარში ზისო. სანგარში ვზივარ, მაგრამ ნუ გეშინია, ეს თამაშიაო. როგორც ჩანს, მე მამხნევებდა, რომ არ შემშინებოდა... სულ დაზიანებული აქვს სხეული, თავში ჭრილობა", - ამბობს დათო შარტავას დედა, მარინა ჟღენტი, რომელსაც მონატრებული შვილი უკრაინიდან ჩამოუსვენეს.

უკრაინაში დიდი პატივით გამოემშვიდობნენ. მისი ცხედარი მთავარ მოედანზე ესვენა, სამხედრო პატივით გამოაცილეს სამშობლოში. უკრაინული პრესაც წერს ქართველზე, რომელიც მათ ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა. თურმე დათო საოცრად კითხულობდა ლექსებს, თვითონაც წერდა, კარგად მღეროდა, გიტარას უკრავდა. უკრაინელ თანამებრძოლებს ასწავლა "სულიკო" და სწორედ ამ სიმღერით გამოაცილეს მონატრებულ სამშობლოში.

"მე, როგორც მებრძოლი, ვამბობ - ჩვენი საუკეთესო მებრძოლებით შედგენილი ქვედანაყოფი ყველაზე დიდ წინააღმდეგობას უწევს ჩვენს საერთო და მოუშორებელ მტერს, რუს ოკუპანტებს... რომლებიც არა მარტო საქართველოს და უკრაინის, არამედ მთელი მსოფლიოს მოუშორებელი სენია. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას, წარმატება ჩვენს დაუმარცხებელ მებრძოლებს!" - წაუწერია დათოს ომის ხაზზე გადაღებული თავისი ერთ-ერთი ფოტოსთვის.

რედაქცია უსამძიმრებს "პალიტრამედიის" თანამშრომელს, მარინა ჟღენტს, შვილის, დავით შარტავას გარდაცვალებას და თანაგრძნობას უცხადებს ოჯახს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ემოციური ვიდეო, სადაც დავით შარტავა ლექსს კითხულობს. როგორც ამბობენ, ფირი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრეა ჩაწერილი:

"მე რომ მოვკვდები, დაღონდებიან, ალბათ, ჩემები,

მე რომ მოვკვდები, ყველას უცხოდ მოგეჩვენებით,

ხელს ვერ მომკიდებთ, ცივ სხეულზე - დაითრგუნებით,

ჩემი ერთგული მეგობრებიც კი შეშინდებით.

მერე ამოხვალთ, ამომიტანთ ლამაზ ყვავილებს,

ჩემს შესანდობარს სხვის სუფრაზე ჩუმად დამილევთ,

თუ გამიხსენებთ ბედნიერი, ლაღი ფიქრებით,

მაშინ ყველაზე ბედნიერი მკვდარი ვიქნები."