"ახლაღა დაიჯერეს, რომ არა ვარ ურჩხული" - კვირის პალიტრა

"ახლაღა დაიჯერეს, რომ არა ვარ ურჩხული"

თემის გაგრძელება

"სანოძეს ხომ წამოეწია ტყვია, ყველა მასავით აგებს პასუხს ჩადენილის გამო"

(დასასრული. დასაწყისი #17,18)

"წლების განმავლობაში ერთი მოსამართლე არ აღმოჩნდა, რომელიც საჯაროდ იტყოდა, როგორი ზეწოლაა სასამართლოზე და მოსამართლეები პროკურატურის ნოტარიუსებად გადაიქცნენ. წარმოგიდგენიათ, როგორი ზნედაცემულია მოსამართლეების მთელი კონტინგენტი? მოვა დრო და ყველას მოუწევს პასუხისგება", - გვითხრა ორგზის პარლამენტარმა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ვახტანგ ტალახაძემ.

"კუბოების ცეხში"

2006 წლის 6 სექტემბერს, დილის 6 საათზე შსს-ს კუდ-ის თანამშრომლებმა "ზრდილობიანად" გამაღვიძეს, დაპატიმრების ბრძანება წამიკითხეს და დამისახელეს უცნობი პირების გვარები, რომლებთან ერთადაც "საიდუმლო თათბირში" მიმიღია მონაწილეობა. ჩვენს დასაპატიმრებლად გრანდიოზული პიარსპეცოპერაცია ჩაატარეს.12 კაცი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში "გმირულად" დაგვაპატიმრეს და მოდულის შენობასთან მდებარე ტროლეიბუსების დეპოს ეზოში შეგვაგროვეს. დეპოს ეზოში კუბოების დამამზადებელი საამქრო იყო. მახსოვს, გავიფიქრე, წასულია ჩვენი საქმე, ნამდვილად ზომების ასაღებად მოგვიყვანეს-მეთქი.

კარგა ხნის შემდეგ ერთ-ერთ დაკავებულს ბორკილები დაადეს და კბილებამდე შეიარაღებული სპეცრაზმელებით გატენილი სამი მანქანა დაუყენეს აქეთ-იქით. ზემოდან შვეულმფრენი დაეკიდა, სირენები ჩართეს და კოლონა მოდულისკენ დაიძრა. მოკლედ, ყველა დაკავებული ასეთი საპატიო კორტეჟით წაიყვანეს. ბოლოს ჩემი რიგიც მოვიდა. ხელბორკილი დამადეს, მაგრამ შვეულმფრენი არ მოვიდა. ატყდა ერთი ამბავი. პიარსპეცოპერაცია ჩაშლის პირას იყო, რომ შვეულმფრენიც გამოჩნდა. თურმე, კუდ-თან ჟურნალისტები იყვნენ მობილიზებული და ამიტომ იყო აუცილებელი იქ ჩვენი "შთამბეჭდავად" მიყვანა.

"უპრეცედენტო ფალსიფიკაცია"

ჩვენი საქმე გასაიდუმლოებული იყო. ბრალდების მოწმეები დაშიფრული, უცნობი პირები იყვნენ. გასაიდუმლოებული იყო მათი ჩვენებებიც. ერთმა ადვოკატმა მოსამართლეს სთხოვა, შორიდან მაინც დაგვანახეთ ჩვენებებიო. თურმე ბრალდების მხარეს საქმის არც ერთი ფურცელი არ ჰქონია. მოსამართლე საქმეში ჩაუხედავად აპირებდა ჩვენთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას. ერთი ამბავი რომ ავტეხეთ, შესვენება გამოაცხადეს. დაშიფრული მოწმეები პირველად სასამართლო პროცესზე ვნახეთ.

ეს იმით ახსნეს, რომ ვითომ მათ უსაფრთხოებაზე იზრუნეს. თუ კრება მართლაც ჩატარდა და ეს ხალხი ესწრებოდა, მაინც ხომ მივხვდებოდით, ვინ იქნებოდა ჩვენ შორის გამცემი... დაკავებისას ყველა ჩვენგანს ოფიციალურად წაუყენეს ბრალად, რომ 2006 წლის 20 მაისს დავესწარით კრებას, რომელზეც გადატრიალება დაიგეგმა. სამი დღის მერე თქვეს, კრება 20 მაისს კი არა, 4 მაისს ჩაგვიტარებია, რადგან მერეღა დაადგინეს, რომ ერთ-ერთ დაკავებულს 20 მაისს ოფიციალურად ჰქონდა საზღვარი გადაკვეთილი.

ჩვენი საქმე რომ შეკერეს, თავიდანვე ცხადი იყო, მაგრამ ასეთი უსინდისო ფაბრიკაცია, ვგონებ, ისტორიაში პირველია.

4 მაისს თემურ ჟორჟოლიანი, რომელიც ბრალდების თანახმად გადატრიალების ერთ-ერთი დამგეგმავი იყო, გულის კლინიკაში იწვა(?!). საქმეში ეს უზუსტობა რომ აღმოჩნდა, ბრალის დამძიმება გადაწყვიტეს. მოიყვანეს ცრუმოწმე, რომელმაც განაცხადა, ჟორჟოლიანი ჩემს გადაბირებას ცდილობდაო. ამით თავი დაიზღვიეს, მოსამართლეს ნამუსი რომ გაეღვიძოს და თქვას, თემურ ჟორჟოლიანი კრებაზე როგორ იქნებოდა, როდესაც საავადმყოფოში იწვაო, მზად იყო მეორე ბრალდებაც.

7,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს კახა ქანთარიას, რომლის სარდაფშიც თითქოს იარაღი იპოვეს, მაგრამ მისი დაკავების დღეს "რუსთავი 2"-ში გაეპარათ სიუჟეტი, სადაც ქანთარიას მეზობელი ამბობდა, გუშინ სარდაფში უცნობები მიდი-მოდიოდნენ თეთრი ტომრებითო. ის კაცი ვეძებეთ, მაგრამ ვეღარსად ვიპოვეთ, ეტყობა, დააშინეს. ჩვენს საქმეში უამრავი ასეთი ლაფსუსი იყო. ადვოკატმა მაია ელოშვილმა დაადგინა, რომ ოთხი მოწმის ჩვენება სიტყვასიტყვით ჰგავდა ერთმანეთს. ჩვენებებს ექსპერტიზა აშშ-ში ჩაუტარა ცნობილმა პროფესორმა ლიმ და დაასკვნა, რომ ყველა ერთი ადამიანის დაწერილია. ტექსტიც და შეცდომებიც კი ერთნაირი იყო, მაგრამ ეს სასამართლომ არ გაითვალისწინა.

ცრუმოწმეები

სასამართლოზე ცრუმოწმეებს ოთახისა და იმ მაგიდის აღწერა ვთხოვეთ, სადაც ის მითური კრება გაიმართა. ზოგმა თქვა, მაგიდა ოთხკუთხედი იყოო, ზოგმა მრგვალიო, ზოგმა, იმ ოთახში მაგიდა არ იდგა, სკამები იყო კედლის გასწვრივ მიდგმულიო. ცხადია, ვერავინ გაიხსენა, ვინ ვის გვერდით იჯდა კრებაზე და რა ეცვა.

ერთ-ერთი ცრუმოწმე იყო აკაკი შავშიშვილი, რომელიც ბრალდების მხარემ სასამართლოზე ვერ წარმოადგინა. ამბობდნენ, საზღვარგარეთ წავიდაო. თურმე ასეთი პიროვნება არც არსებობს.

ერთი ცრუმოწმე რამინ ადეიშვილი ასაკოვანი იყო, მძიმე ავადმყოფი, სიარული უჭირდა. ჩვენების მიცემისას გახდა ცუდად და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. იმ კაცმა თქვა, კრებაზე მეც ვიყავი და 100 ბოევიკის შეკრება დამავალესო. ჩვენ ჩამჭრელი კითხვები რომ დავუსვით, ისეთი რამეების როშვა დაიწყო, რაც საჩვენო იყო. ეს რომ დაინახა პროკურორმა, განაცხადა, მოწმე ცუდად არისო და სასწრაფოს გამოძახება მოითხოვა. ცრუმოწმე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. იმ კაცს განგრენა სჭირდა, მძიმედ იყო ავად, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ მისი სიკვდილი დააჩქარეს.

კიდევ ერთ ცრუმოწმეს დავით ლომიძეს, ჩვენება ვითომ ჩვენს დაჭერამდე აქვს მიცემული, არადა მეტიც, კუდის მიერ გავრცელებულ ჩვენი დაკავების კადრებში (6 სექტემბერი) ჩანს ლომიძის დაპატიმრებაც. ის კუდის თანამშრომლებმა ხელბორკილებით გამოიყვანეს. როგორც ჩანს, თავისუფლების სანაცვლოდ ლომიძემ პირობა დადო, ნებისმიერს ჩავუშვებო. მერე ეტყობა, სინდისმა შეაწუხა და ციხეში მოვიდა ხმა, გალოთდაო. შარშან კი თავის სახლში ნახეს ჩამომხრჩვალი. შესაძლოა, ლომიძე შეაშინეს, ტყუილის თქმა აიძულეს. ჩვენც გვაშინებდნენ, 20 წელს მოგისჯით, აქედან ვერ გახვალთო. გვთავაზობდნენ თანამშრომლობას, სხვებზე გვითხარით რამე და სანაცვლოდ გაგათავისუფლებთო.

ჩვენი სასამართლო ნამუსახდილია, სამართალი კი - ფეხქვეშ გათელილი.

სასამართლო ხელისუფლების შეკვეთას ასრულებს ცინიკურად და არაკვალიფიციურად.

"კეთროვანები"

ჩვენი დაპატიმრება ანტირუსული პროპაგანდის შემადგენელი ნაწილი იყო. ეს იყო სასტიკი გაფრთხილება, ვისაც რუსეთთან უნდა თანამშრომლობა, ასეთი შავი დღე ელისო.

სანამ დამაპატიმრებდნენ, ვამბობდი, რუსეთთან უნდა მოვაგვაროთ ურთიერთობა-მეთქი. ამიტომ მომაწერეს პრორუსობა და დამიჭირეს. ჩემს პოლიტიკურ გაერთიანება "ქართულ მოძრაობას" კავშირი არ ჰქონია რუსეთთან. ჩემს უახლოეს მეგობრებსაც კი, რომელთაც იცოდნენ, რომ დანაშაული არ ჩამიდენია,  შეეშინდათ, ეთქვათ, რომ უდანაშაულო ვიყავი.

საზოგადოებამაც გაგვწირა. კეთროვანებივით გვიყურებდნენ. ფიქრობდნენ, ესენი გიორგაძის მომხრეები არიან, ეგენი უნდა დაეხვრიტათ კიდეცო. მხოლოდ ჩემი მეუღლე (რომელიც ჩემი ადვოკატიც იყო) დადიოდა ყველას საქმეზე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებოდა, ავრცელებდა განცხადებებს და გარდატეხაც შეიტანა სიტუაციაში. მე და კიდევ 60-მდე კაცი საერთაშორისო ორგანიზაციებმა (ერთ-ერთია "ფიჯი") გვაღიარეს პოლიტპატიმრებად.

ქართველი საზოგადოება დამბლადაცემულივით არის.

ასე რომ არ იყოს, არ შეეგუებოდა, რომ ციხეში სხედან სააკაშვილის პირადი პატიმრები: მაია თოფურია, ნორა კვიციანი და კიდევ 50 პოლიტპატიმარი. ჩვენი საზოგადოება გატეხილი და დაშინებულია. საკუთარ თავზე გამოვცადე, რა ძნელია, როდესაც მართალი კაცი ციხეში ზიხარ, შენი ცოლი მიდის საზოგადოებისთვის ცნობილ პირებთან, პოლიტიკოსებთან, ეხვეწება, ხელი მომიწერეთ, რომ ჩემი მეუღლე უდანაშაულოაო, ისინი კი თავს იკავებენ. ახლა ბევრმა რომ დაიწყო რუსეთში სიარული და პუტინსაც შეხვდნენ, დაიჯერეს, რომ არა ვარ ურჩხული.

სასამართლო პროცესზე მოსამართლესა და პროკურორს ვუთხარი, პასუხს გაგებინებთ-მეთქი და ავუსრულებ.

მოვა დრო და პასუხს აგებს ყველა, ვინც ღვთის გზაზე უარი თქვა და სატანის გზა აირჩია. Yყველას მიეზღვება. სანოძეს ხომ წამოეწია ტყვია, ყველა მასავით აგებს პასუხს ჩადენილის გამო.