"გამოძიებიდან გამომდინარე რაც დადგინდება, კანონის შესაბამისად დაისჯებიან" - რას ამბობს ვახტანგ გომელაური "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე და ივერი მელაშვილზე თავდასხმის ფაქტზე - კვირის პალიტრა

"გამოძიებიდან გამომდინარე რაც დადგინდება, კანონის შესაბამისად დაისჯებიან" - რას ამბობს ვახტანგ გომელაური "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე და ივერი მელაშვილზე თავდასხმის ფაქტზე

"გამოძიებიდან გამომდინარე რაც დადგინდება, კანონის შესაბამისად დაისჯებიან", - ასე ეხმაურება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე და ივერი მელაშვილზე დავით გარეჯში მომხდარ თავდასხმის ფაქტს.

როგორც მინისტრმა განმარტა, მომხდარზე გამოძიების კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით პირადად დაზუსტებით ვერაფერს იტყვის, რადგან ამის თაობაზე პროკურატურამ უნდა იმსჯელოს.

"არ ვიცი, ამაზე მე დაზუსტებით ვერ მოგახსენებთ იქიდან გამომდინარე, რომ კვალიფიკაციის შეცვლაზე პროკურატურამ უნდა იმსჯელოს. გუშინ, რაც მოხდა, გამოძიება დავიწყეთ. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მიუღებელია ჟურნალისტებზე და მოქალაქეებზე ძალადობა. გამოძიებიდან გამომდინარე რაც დადგინდება, კანონის შესაბამისად დაისჯებიან", - აცხადებს ვახტანგ გომელაური.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ დაიწყო შსს-მ გამოძიება მხოლოდ ძალადობის ფაქტზე, მინისტრი პასუხობს, რომ "რაც ჰქონდათ ფაქტი, სავარაუდოდ, იქედან გამომდინარე დაიწყო გამოძიება".

"უკაცრავად, მე არ ვარ გამომძიებელი, მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი. მე რაც მომახსენეს, დავიწყეთ გამოძიება ფაქტიდან გამომდინარე. კადრებს ნახავენ, დააკვირდებიან, აქედან გამომდინარე, შეიძლება 5 მუხლი დაემატოს და შეიძლება არაფერი დაემატოს", - აცხადებს ვახტანგ გომელაური.

შეგახსენებთ, "მთავარი არხის" ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ. ივერი მელაშვილის განცხადებით, სასულიერო პირები, რომლებიც დავით-გარეჯში "მთავრი არხის" გადამღებ ჯგუფსა და მას თავს დაესხნენ არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. როგორც მელაშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა, საქმეში "აშკარად ეტყობოდა ვიღაცის ორკესტრირებული ხელი".