"დავაკავებთ, რა თქმა უნდა. ახლა გავალთ და...“ - რა განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ბადრი ესებუაზე - კვირის პალიტრა

"დავაკავებთ, რა თქმა უნდა. ახლა გავალთ და...“ - რა განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ბადრი ესებუაზე

შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს დღეს ჟურნალისტებმა კიდევ ერთხელ ჰკითხეს "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას შესახებ, რომელიც ამ დრომდე დაკავებული არ არის. გომელაურმა კითხვას ხუმრობით უპასუხა - "ახლა გავალთ და რამდენიმე წუთში, ალბათ, უკვე დაკავებული იქნება", - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, შესაძლოა, "ათი წელიც გავიდეს" და ესებუა შემდეგ დააკავონ.

"დავაკავებთ, რა თქმა უნდა, დავაკავებთ აუცილებლად. ახლა გავალთ და რამდენიმე წუთში ალბათ უკვე დაკავებული იქნება. ნუ, ამაზე მილიონჯერ გავაკეთე განცხადება. შეიძლება წლები გავიდეს, შეიძლება ათი წელიც გავიდეს და მერე დააკავონ...მეოთხე მინისტრმა ჩემს შემდეგ, ან მეორე მინისტრმა, ეს ჩვეულებრივი თემაა. გვინდა რომ დავაკავოთ, რა თქმა უნდა", - ამბობს ვახტანგ გომელაური.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალს ბადრი ესებუა გასული წლის 25 ოქტომბერს დაესხა თავს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ამავე საქმის ირგვლივ, შსს-მ ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა 14 დეკემბერს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა - შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. საგამოძიებო ორგანოს ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბადრი ესებუას მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბიძინა ესებუამ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა. დაკავებულის კუთვნილი "ბმვ"-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი.