"ნიკა მელიას პოლიტიკური ტყვეობა რამდენიმე წუთში დასრულდება" - კვირის პალიტრა

"ნიკა მელიას პოლიტიკური ტყვეობა რამდენიმე წუთში დასრულდება"

რამდენიმე წუთში დასრულდება ნიკა მელიას პოლიტიკური ტყვეობა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე გაანცხადა.

ადვოკატის თქმით, მათი პოზიცია უცვლელია - ნიკა მელია არის უკანონო პოლიტიკური პატიმარი.

"რამდენიმე წუთში დაიწყება პროცესი. მოლოდინი გვაქვს იმის, რომ რამდენიმე წუთში დასრულდება ნიკა მელიას პოლიტიკური ტყვეობა. მისმა შეუპოვარმა ბრძოლამ, პრინციპულობამ და ჩვენმა მეგობრებმა ევროკავშირის, აშშ-ის ძალისხმევით, ხელისუფლება გახადა იძულებული, რომ წერტილი დაუსვას ამ სიგიჟეს, რომელიც დაკავშირებული იყო ოპოზიციის ლიდერის პოლიტიკურ ტყვეობასთან. ეს რამდენიმე წუთში დასრულდება. უბრალოდ, რაც სასამართლოში ხდება ეს არის ჩვეულებრივად პოლიტიკური გადაწყვეტილების გაფორმება, ანუ როგორც მოხდა თავის დროზე პოლიტიკური აქტით მელიას დატყვება, რამდენიმე წუთში სწორედ ასე პოლიტიკური გადაწყვეტილებით იგი გათვისუფლდება.

ჩვენი პოზიცია არის უცვლელი როგორც იყო თვეების განმავლობაში, ნიკა მელია არის უკანონო პოლიტიკური პატიმარი. იგი საერთოდ არავითარი აღკვეთის ღონისძიების ქვეშ არ უნდა იყოს" , - განაცხადა კონდახიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.

ნიკა მელიას გირაოს თანხა - 40 000 ლარი ევროკავშირმა 8 მაისს გადაიხადა. აღნიშნული თანხა "ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის" (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" გადასცა.