"ჰოი საოცრებავ, მოსამართლის გადაწყვეტილება დაემთხვა პროკურატურის შუამდგომლობას და იმ თანხას, რომელიც ევროკავშირმა გადმორიცხა ნიკა მელიას დასახსნელად" - კვირის პალიტრა

"ჰოი საოცრებავ, მოსამართლის გადაწყვეტილება დაემთხვა პროკურატურის შუამდგომლობას და იმ თანხას, რომელიც ევროკავშირმა გადმორიცხა ნიკა მელიას დასახსნელად"

მსოფლიოში პირველად პოლიტიკური ლიდერის გამოსასყიდი გადაიხადა ევროკავშირმა და სასამართლომ წინმსწრებად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას.

მისი შეფასებით, მოსამართლის გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად დაემთხვა პროკურატურის შუამდგომლობას და იმ თანხას, რომელიც ევროკავშირმა გადმორიცხა ნიკა მელიას დასახსნელად, რაც არის ,,კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორი დამოუკიდებელი მართლმსაჯულება გვაქვს საქართველოში".

"მას შემდეგ რაც სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება, ნიკა მელია დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, ეს არის წუთების ამბავი. მინდა კომენტარი გავაკეთო დღევანდელ გადაწყვეტიელბაზე, ჰოი საოცრებავ, დამოუკიდებელმა მართლმსაჯულებამ მიიღო გადაწყვეტილება და მოსამართლის გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად დაემთხვა პროკურატურის შუამდგომლობას და იმ თანხას, რომელიც ევროკავშირმა გადმორიცხა ნიკა მელიას დასახსნელად, ეს იყო კლასიკური მაგალითი იმისა, როგორი დამოუკიდებელი მართლმსაჯულება გვაქვს საქართველოში. იურისტთა წრეში ამ საქმემ შეიძინა სამართლებრივი "ნოუ-ჰაუს" მაგალითი, ყველა ნაბიჯზე ხდება სამართლებრივი პრეცედენტი. მსოფლიოში პირველად პოლიტიკური ლიდერის გამოსასყიდი გადაიხადა ევროკავშირმა და სასამართლომ წინმსწრებად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. თანხაშიც კი განსხვავება არ მიუციათ, ეს არის მაგალითი იმისა, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი. რა გადაწყვეტელებასაც იღებენ ხელისუფლებაში, სწორედ ისე ვითარდება მოვლენები. როგორც დაიჭირეს პოლიტიკურად, ისე პოლიტიკურად გაუშვეს, ვინმეს ხომ არ აქვს იმის ილუზია, რომ ეს იყო სამართლებრივი პროცესი", - აღნიშნა გიორგი კონდახაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა - 40 000 ლარი ევროკავშირმა 8 მაისს გადაიხადა. აღნიშნული თანხა "ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის" (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" გადასცა.