"მელიას რა აქვს საამაყო და რა უხარია, არ ვიცი, მაგას თავი მართლა პოლიტპატიმარი ჰგონია? "ნაციონალები" ვერასოდეს მოვლენ ხელისუფლებაში"
11-05-2021
"მელიას რა აქვს საამაყო და რა უხარია, არ ვიცი, მაგას თავი მართლა პოლიტპატიმარი ჰგონია? "ნაციონალები" ვერასოდეს მოვლენ ხელისუფლებაში"
"სააკაშვილის ბიძა არ მართავდა ყველაფერს? ივანიშვილმა არჩევნები მაინც მოიგო, პრემიერ-მინისტრი მაინც იყო და ვინ იყო საერთოდ ალასანია, სააკაშვილის ბიძა, წამლების და იარაღების ბარიგა, რომელიც რუსეთიდან იმართებოდა?"
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ არის მოლოდინი, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევლენ, ნაწილი კი თვლის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ისევ გააგრძელებს ულტიმატუმის ენით საუბარს და ვაჭრობას "ქართულ ოცნებასთან". ცხადია, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს უცხოელები გულისყურით აკვირდებიან და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში ეხმარებიან ქართველებს.

მიმდინარე
პროცესებს ჩვენი მოსახლეობაც თვალს ადევნებს და ბევრი ამბობს, რომ დაიღალა ამ ჭიდილში. საზოგადოების ნაწილს იმის იმედი აქვს, რომ მალე ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება და ის "ქართულ ოცნებასაც" ჩაანაცვლებს. ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე ამბობს, ორივე მხარეს პოლიტიკური ველი ჩაბინძურებულია და ისიც იმედოვნებს, რომ გაუსვრელი ახალგაზრდები
გამოჩნდებიან პოლიტიკაში და თავიანთ სიტყვას იტყვიან.

სოსო რობაქიძე:
- ნიკა მელია გუშინ ზარზეიმით გამოვიდა ციხიდან, მაგრამ იგი ჩემთვის ჩვეულებრივი პატიმარია, ჯალათების პარტიის თავმჯდომარე. რა აქვს საამაყო და რა უხარია, არ ვიცი. თურმე, იმის იმედი აქვს, რომ ყველას დაამარცხებს. ვერ წარმომიდგენია, ვინმემ მას მხარი დაუჭიროს. ის არ არის ჩემთვის პოლიტპატიმარი, ისე, როგორც არ არის პოლიტპატიმარი გიორგი რურუა. როგორ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში იმ პარტიებმა, რომლებიც გიორგი რურუას ციხიდან გამოშვებას ითხოვდნენ. არც იმას ვმალავ, ეს ყველაფერი "ოცნების" ბრალია. პარტია, რომელიც გარდაცვლილი იყო და სულს ღაფავდა, მოაბრუნეს და ფეხზე დააყენეს. ახლა ამბობენ ისინი, ჩვენ მართლები ვართო. "ნაციონალებს" არ უნდათ ამნისტია პოლიციელებს შეეხოთ და უნდოდათ, მხოლოდ ნიკა მელიას შეხებოდა. როგორ შეიძლება, მარტო ერთ ადამიანს შეეხოს ამნისტია? უნდათ იმის შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომ მერე თავად დაიჭირონ პოლიციელები.

კიდევ აქვთ იმის ილუზია, რომ ხელისუფლებაში ისევ მოვლენ, შემდეგ იმ ხალხს გაასამართლებენ და ეს გზა არ უნდოდათ მოეჭრათ, სულ დაჭერაზე ფიქრობენ. 7 ნოემბერს და 26 მაისს შეადარეთ 20 ივნისი, ჩვენ ვხედავდით, როგორ აპირებდნენ ისინი პარლამენტში შესვლას, ამას რომელიმე სახელმწიფო დაუშვებს? ჩვენ არც დაგვიშვია პარლამენტი აგვეღო, მაგრამ ხედავდით, საშინლად გაგვისწორდნენ და არავის უგია პასუხი იმაზე. ასე რომ, ნიკა მელია ჩვეულებრივი დამნაშავეა, მაგრამ "ნაცებისგან" გაპოლიტიზირებული. როგორც კი მოიხსნა სამაჯური, მაშინვე უნდა დაეკავებინათ, არ უნდა დალოდებოდნენ მოვლენების შემდეგ განვითარებას. ამასწინათ მქონდა საუბარი გურამ გირგვლიანთან. ჩვენ ჩვენი სალაპარაკო ვილაპარაკეთ და გავაკეთეთ. არც ეს "ნაციონალების" ტელევიზიები გვაინტერესებს. ის 9 წელი ჩემნაირ ადამიანებს უფრო მეტ ჭრილობას უხსნის, ვიდრე ჟურნალისტებს, დამიჯერეთ. ახლა ის საშინელებები ვინც გააკეთა, იმათ უნდათ ისევ მოსვლა, როგორ გგონიათ, ჩვენ დავიძინებთ? მერე რა, რომ "ქართულმა ოცნებამ" არ დასაჯა ეს ხალხი, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მართლები არიან, ხელი რომ დააფარა "ოცნებამ" მათ, ამისთვის თვითონაც დამნაშავეები არიან. არ დასაჯა "ოცნებამ", მაგრამ ყველამ ვიცით, ვინ ვინ არის. ვერასოდეს მოვლენ "ნაციონალები" ხელისუფლებაში. საერთოდ, მომდევნო არჩევნებში იმაზე ნაკლებ პროცენტს აიღებენ, რაც ახლა აიღეს. მე არ ვიძახი, რომ "ქართული ოცნების" მხარეს ვარ, არავის მხარეს არ ვარ. ჩემი აზრით, პოლიტიკური ველი ორივე მხარეს ჩაბინძურებულია.

- "ქართულმა ოცნებამ" იმედები გაგიცრუათ?
- "ოცნებას" არ ვუყურებ ისე, როგორც "ნაცმოძრაობას". მელია გია ბარამიძის თავმჯდომარეა. სულ კრიმინალები არ არიან იმ პარტიაში? - გიგა ბოკერია და სხვებიც, რომლებიც ვითომ გაებუტნენ ერთმანეთს, კრიმინალები არიან. ანზორ მელია ამბობს, ნიკა ვაჟკაცი ბიჭიაო, ვაჟკაცი მაშინ იქნებოდა "ნაციონალებმა" 165 ბიჭი რომ ჩადეს მიწაში, ადამიანებს რომ აუპატიურებდნენ, ცინდელიანი რომ მოკლეს, მაშინ მას ხმა რომ ამოეღო. ახლა გამოდის სააკაშვილი, მაგათი მთლად უფროსი და ამბობს, ირინა ენუქიძე ცამდე მართალი იყოო, ეს ახლა გაიგეს? ამაზე მეტი დაცინვა რა გინდა? ივანიშვილი არ წასულა ხელისუფლებიდანო, სააკაშვილის ბიძა არ მართავდა ყველაფერს? ივანიშვილმა არჩევნები მაინც მოიგო, პრემიერ-მინისტრი მაინც იყო და ვინ იყო საერთოდ ალასანია, სააკაშვილის ბიძა, წამლების და იარაღების ბარიგა, რომელიც რუსეთიდან იმართებოდა? საქართველოში დღეს არც ერთი ოპოზიცია არ არის იმის ღირსი, რომ ხალხმა მათ ხმა მისცეს. "ლელოს" როცა თვითონ მიადგნენ, მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა, მანამდე ჩუმად იყვნენ. ვინ არის ოპოზიციაში, მითხარით - ფიქრია ჩიხრაძე, ნინო ბურჯანაძე, შალვა ნათელაშვილი? ამისთანა ხალხი სირცხვილია, პოლიტიკაში რომ არის. ყველას ვიცნობ, ნაფტალინიდან ამოღებული ხალხია, რომელსაც ყველაფერი ნაკადრები აქვს. ვერ ვიტყვი, რომ დღეს ვინმეს ვენდობი. "ოცნებაზე" მაინც ვერ ვიტყვი, ისეთი რამ აქვს ჩადენილი, რაც "ნაცმოძრაობამ" ჩაიდინა, მაგრამ არჩევნებზე წასვლას საერთოდ არ ვაპირებ. ჩემს თავთან ხომ უნდა ვიყო მართალი.

- ბოლო არჩევნებში მონაწილეობა მიიღეთ?
- მონაწილეობა მივიღე, მაგრამ აწი არ მივიღებ. ახლა რომ ამბობენ, გაყალბდა არჩევნებიო, სისულელეა. "ნაციონალები" და მათი ტელევიზიები ყვირიან, მელია პოლიტპატიმარიაო, თორემ გამოდით საზოგადოებაში და ნახეთ, რას ფიქრობენ ნიკა მელიაზე. მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია პოლიტპატიმარი იყო და ასევე პოლიტპატიმარია ნიკა მელია და გიორგი რურუა? ამას ხალხი უყურებს. გრიგოლიას ტელევიზიას საერთოდ ვერ ვუყურებ. ვერ გაიგებ, რა უნდა ნოდარ მელაძეს, მივიდეს და გამოიტანოს სააშკარაოზე კეზერაშვილმა მილიონები, სააკაშვილის ქონებაზე ილაპარაკოს. თუ ობიექტური ადამიანი ხარ, ორივე მხარე უნდა ანახო საზოგადოებას და ჟურნალისტი არ შეიძლება სპეცსამსახურის თანამშრომლის მსგავსად ლაპარაკობდეს.

დღეს რომ მთავარ ოპოზიციურ ძალად რჩება "ნაცმოძრაობა", ეს "ქართული ოცნების" ბრალია. სამართლიანობა რომ აღმდგარიყო, ასე ხომ არ იქნებოდა? "ოცნებას" ის რეჟიმი უნდა დაესაჯა, ამას რად უნდა ლაპარაკი. თავის დროზე რომ არ ყოფილიყო კოჰაბიტაციები, ამ არჩევნებზეც ამდენ ხმას ვერ აიღებდნენ.

- ფიქრობთ, რომ "ქართულ ოცნებას" და "ნაცმოძრაობას" შორის კოჰაბიტაცია შედგა?
- ერთი ვიცი, "ოცნებასა" და " ნაცმოძრაობას" შორის თუ შედგა კოჰაბიტაცია, მთავარია, ხალხსა და "ნაციონალებს" შორის კოჰაბიტაცია არასოდეს არ შედგება. ადამიანები რომ გააუპატიურეს, ადამიანს შვილი რომ მოუკლეს, ის როგორ შეეგუება ამას? სახლი რომ წაართვეს, ქონება რომ წაართვეს, ეს გასაგებია, იმან შეიძლება კიდევ იშოვოს ქონება, მაგრამ ათობით ადამიანია, საერთოდ, ქვეყანაში გამქრალი და ეს არის სამართალი? უსამართლო ქვეყანაში ვერც ეკონომიკა განვითარდება და - ვერც ვერაფერი. ვცხოვრობ იმ ქვეყანაში, სადაც კრიმინალები არიან ოპოზიციაში და დღემდე არ გასამართლდა რეჟიმი. ვიღაცები კი დაიჭირეს, მაგრამ რეჟიმი უნდა გასამართლებულიყო, რადგან "ნაცმოძრაობამ" თავის ხალხს გენოციდი მოუწყო. ვის უნდა მისცეს ხმა ადამიანმა, ყველა ვართ იმის მოლოდინში, რომ გამოჩნდება პოლიტიკაში ახალი თაობა. მესამე ძალა უნდა იყოს არა ის, ვინც გუშინ დარბოდა, არამედ ის, ვინც არ არის გასვრილი ცუდ საქმეებში.

- გიორგი გახარიას გამოჩენას ელოდებიან, შეიძლება ის მესამე ძალა იყოს?
- მე არ ვიცი, არ მიფიქრია, ამ კაცმა თქვა პოლიტიკაში მოვდივარო, 8 ადამიანი გამოეყო პარლამენტში "ქართულ ოცნებას" და მას შემდეგ გაჩერდა ეს პროცესი. მაგრამ მე სხვა რამეს ვამბობ. მე რომ ვიყო დღეს სახელმწიფო, ამ ქარაქუცა პარტიებს დაფინანსებას მოვუხსნიდი და ახალგაზრდებს მივცემდი ფულს პარტიის შესაქმნელად. ბევრი ვიცი, ვინც ვერ ქმნის პარტიას, რადგან არ აქვს დაფინანსება, არადა, მაშინ გამოჩნდება ახალი სახეები. ყველა დროში მოფრიალე კაცი დღეს ვერ გაიმარჯვებს, ის ვინც არ უნდა იყოს.

არ შეიძლება, ჯერ სხვაგან მუშაობდე, მერე სხვაგან გადაბარგდე და იძახდე, ეს კარგია და ის ცუდი იყოო. ასეთ ექსპერიმენტშია 30 წელია საქართველო და ვერაფერი შედგა, წესიერი. ხელმოცარულ ხალხს ვეძახი პოლიტიკოსებს, არადა, მათ უსმენენ და ნორმალურ ადამიანებს არ უსმენენ. თქვენ გახსოვთ, ბევრჯერ დამიძახეს ტელევიზიებმა ადრე მურუსიძესთან დაკავშირებით და მაშინ ვთქვი, მურისიძის დანიშვნა სასამართლოში დიდი მათრახი იქნება "ოცნებისთვის", ისეთი მათრახი იქნება, რაც იყო "ნაციონალებისთვის" სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის და სხვების მკვლელობა-მეთქი. დღეს სასამართლო ცოტათი უკეთესია, ვიდრე ეს მიშას დროს იყო. მაშინ მობილურით წყდებოდა საქმეების ბედი, მაგრამ როდესაც არქმევ სასამართლოს "მურუსიძის სასამართლოს", ეს არ უნდა გააკეთო, იმიტომ, რომ რაც უნდა სწორი გადაწყვეტილება გამოიტანო, არ შეიძლება დაიჯეროს ადამიანმა იმ სასამართლოსი.
მურუსიძეობა თუ უნდოდათ, ნებისმიერ მოსამართლეს გაამურუსიძებდნენ, ის არ უნდა დაეტოვებინათ, ამას არც მაშინ ვუჭერდი მხარს და ახლაც არ ვუჭერ. ბუტას საქმის მოსამართლე დღეს სამუდამოდ არის არჩეული, ეს იყო უზარმაზარი შეცდომა, რასაც ხალხი არ პატიობს "ოცნებას". ხალხი გაბრაზებულია "ოცნებაზე" იმიტომ, რომ სამართლიანობა არ აღდგა, ეს ძალოვანი სტრუქტურები ისეთი ადამიანების ხელში არ არიან, რომელსაც შეიძლება ენდო. სასამართლო თუ იქნება ქვეყანაში სამართლიანი, მაშინ ყველაფერი იქნება თავის ადგილზე, ამიტომ ადამიანს რომ გაუჩნდება გრძნობა ვიღაცა ვიღაცას ჩაგრავს და მას გამოუტანენ ერთხელ განაჩენს, მეორედ შენს დაჩაგვრას აღარ ინატრებს.

დღეს კარგი განაჩენებიც გამოდის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. დღეს პოლიტიკურ ველზე უნდა შემოვიდნენ ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად სუფთა ხელებით იქნებიან და არავის არასდროს არ ემსახურებოდნენ. ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ვიცი, რომელიც საზღვარგარეთ არის, უნდა ჩამოსვლა, მაგრამ არ ჩამოდის. არ არის ფინანსური საშუალებები, ფინანსები ორ პარტიას უჭირავს ხელში. ამიტომ ვიძახი, თავის 17 მილიონზე რომ ჭიდაობს ლელო და სხვებიც, ადგნენ და და წავიდნენ. ამ ხალხმა დააფინანსოს ახალგაზრდები და თვითონ გავიდნენ თამაშგარე მდგომარეობაში.

- ახლა ლევან ვასაძეც გამოჩნდა პოლიტიკაში, შეძლებს ის მიზნის მიღწევას?
- არ ვიცი, მას გაუჭირდება, რაღაც რეიტინგის მოპოვებას ალბათ ყველა შეძლებს, მაგრამ ძირითადი ძალა რომ გახდეს, მგონი, გაუჭირდება. ვის რად უნდა დღეს რუსეთი. ნამდვილად არ მინდა იქ დაბრუნება, საიდანაც გამოვედი. ამიტომაც არავის უნდა ის "ნაცებიც". დამიჯერეთ, ასეთ სიტუაციაში ვერასოდეს მოიგებს ოპოზიცია, ყოველთვის მოიგებს ის, ვინც არჩევნებს ატარებს. თქვენ გჯერათ რომ ნინო ბურჯანაძე მკვდრეთით აღდგება, ან შალვა ნათელაშვილი, რომელიც იძახის არჩევნები გამიყალბესო? ჰგონია "ნაცმოძრაობას", რომ იმ პროცენტებს ისევ აიღებს. ეს არ მოხდება, ხმას არ მიცემენ, სირცხვილიც კი არის მათი არჩევა. იმდენად დაიღალა ხალხი ამ თამაშით და განსაკუთრებით დაღალა ადამიანები ამ 6 თვემ, შედი-გამოდის ძახილმა. ისეთი გაბანძებულია პარლამენტი, დეპუტატობა რომ მაჩუქონ, უარს ვიტყოდი. უთავმოყვარეო კაცი უნდა შევიდეს იქ.

- როგორ ფიქრობთ, "ნაცმოძრაობა" შევა პარლამენტში?
- ოპოზიცია თავიდანვე უნდა შესულიყო და იქიდან უნდა ელაპარაკა, თუ თვლიდნენ, რომ გააყალბეს არჩევნები და არა ის გაეკეთებინა, რაც გააკეთა. ბოსელი გახადეს რუსთაველის გამზირი. პოლიტიკოსი და ღირსეული ადამიანი თუ ხარ, მაშინ უნდა შეხვიდე პარლამენტში. დამთავრდა საქართველოში ქუჩიდან მოსვლა, დამთავრდა რევოლუციები, ადამიანების ქუჩაში გამოყვანა და ასე ხელსუფლებაში მოსვლა. ეს არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში, მათ შორის - უკრაინაშიც დამთავრდა. რევოლუციების იმედი არავის უნდა ჰქონდეს. ნიკა მელია სპეცრაზმით შეიყვანეს ციხეში და სპეცრაზმით უნდოდათ გამოყვანაც. არ გამოდიოდა გარეთ, მაგას მართლა პოლიტპატიმარი ჰგონია თავისი თავი? დიდი ხანია, კრიმინალური პარტიის თავმჯდომარეა, წესით, ციხეში უნდა იჯდეს და ეხვეწებიან პარლამენტში შედიო. გმირობის თამაშს თამაშობს. დღეს რაც ხდება, იმიტომ ხდება, რომ უნდათ მიხეილ სააკაშვილი ჩააჩოჩონ, მაგრამ, საუბედუროდ, ვერ ჩააჩოჩეს. მართალია მკვლელია, მაგრამ მაგის ტვინი აქვს თავში, რომ არ მოერიონ. ვიღაც პოლიტიკოსებს ჯობია. რაც ხდება, ყველაფერი არის თამაში. მართლა ვინმე იტყვის, რომ კოსტავას და გამსახურდიას მსგავსად მელია პოლიტპატიმარიაო? დამთავრდა, ვერ მოვლენ ხელისუფლებაში. თქვენ რომ იყოთ შს მინისტრი და მთავრობის სახლს იღებდნენ, სპეცრაზმს არ გამოიყვანდით? მაკო გომურის განცხადებაც მოვისმინეთ ამნისტიაზე - ვინც მას თვალი ამოთხარა, იმას გაუხმეს ხელი და, როგორც მელია იყო დასასჯელი და არანაირი პოლიტპატიმარი არ არის, ისე უნდა დაისაჯონ ის პოლიციელებიც, ვინც გადაამეტეს უფებამოსილებას. ოქრუაშვილმა თქვა კიდეც, გავასროლინეთო. სად იყვნენ თვითონ, ზურგს უკან იდგნენ და ბავშვები მიუშვეს წინ? 7 ნოემებრს დაშავებულებიდან ბევრი ეტლზეც ზის, პირადად მე, ორი რეზინის ტყვია მომხვდა 26 მაისს და ვიყავი საავადმყოფოშიც, მაგრამ, როგორ ამოვიღებდი ხმას, როცა "ნაცების" დროს ამდენი ადამიანია მოკლული. ორგანიზაცია "გადაარჩინე სიცოცხლე" კარგადაკარ დავდიოდით და ვადგენდით მსხვერპლების ვინაობებს და ეს რეჟიმი უნდა გასამართლებულიყო.

- "ქართულ ოცნებაში", შიგნით არსებულ ვითარებას როგორ შეაფასებთ, როგორ ფიქრობთ, ივანიშვილი ისევ ერევა მათ საქმიანობაში?
- ბიძინა ივანიშვილი არ მგონია, რომ ერევა პოლიტიკაში. კაცმა საჯაროდ თქვა, წავედიო. მოკლე ჭკუის ადამიანი იტყვის, არ წასულაო. "ოცნებაში" არის ბევრი ღირსეული ადამიანი, მაგრამ პოლიტიკაში უნდა იყვნენ პოლიტიკოსები, იურისტები, ეკონომისტები და არა - მომღერლები, მსახიობები და სპორტსმენები. ყველას რეიგანი ნუ ჰგონია თავი. მილიარდიდან ერთი იყო რეიგანი, მსახიობობას რომ დაანება თავი, მას მერე გუბერნატორი იყო და ეგრევე არ გამხდარა პრეზიდენტი. პურს მეპურე უნდა აცხობდეს. 30 წლის მანძილზე უნდა გაეზარდათ ხალხი, მაგრამ ვინც ტაშფანდური იცოდა, ისინი ისხდნენ პარლამენტში და ვერ გაზარდეს ვერავინ. ვერ მოილაპარაკეს, სანამ ევროპიდან ხალხი არ ჩამოვიდა. ჩვენი თავმოყვარეობა ხომ გვაქვს! მე ჩემმა მთავრობამ უნდა გადამიწყვიტოს რაღაც და არა - ვიღაცამ.

კორუფცია ყოველთვის იყო და ამას არ ეშველა. მიშას დროს 5-მა კაცმა იმდენი წაიღო, რაც 500 000-ს ეყოფოდა. მილიარდები აქვთ ნაშოვნი, ადეიშვილიდან დაწყებული, ყველას, ვინც ხელისუფლებაში იყო. დღეს პოლიტიკური ველი არის თავისუფალი, საინტერესო სიტუაციაა, რადგან პრაქტიკულად არის ის პარტიები, რომლებსაც რეიტინგი საერთოდ არ აქვთ და ახლა ჭკვიანი კაცის, ძლიერი პიროვნების და კარგი გუნდის დროა, რომ შემოვიდეს პოლიტიკურ ველზე და გამოჩნდეს ახალი ძალა. თუ ეს მოხდება, ძალიან გამიხარდება. რაღა დროს "ნაციონალებზე", ნათელაშვილზე, ბურჯანაძეზე, ფიქრია ჩიხრაძეზეა ლაპარაკი, ისინი უნდა წავიდნენ. დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. კარგით, ნუ დავიჭერთ ნურავის, მაგრამ უნდა იცოდეს ყველამ, ვინ ვინ არის. ხალხმა დღეს ვერ გაიგო, ვინ არის დამნაშავე - "ნაცმოძრაობა" თუ მისი ხელის დამფარებლები. ჩემი აზრით, ორივე მტყუანია. დღეს "ნაცმოძრაობა" ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას და უნდა წავიდეს. "ნაცების" მოსვლა წარმოუდგენელია, ამას არ დაუშვებს ქართველი ხალხი, იარაღის ხელში აღება რომ დაჭირდეს, ისინი ვერასოდეს მოვლენ. ამ ილუზიებს დაანებონ თავი. ალბათ, შემოვა მარტო გახარია კი არა, რამდენიმე პარტია გაიხსნება. ლევან ვასაძემაც თქვა, პარტიას ვაკეთებო. რაც მეტი პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას, მრავალპარტიული პარლამენტი იქნება. ზოგი დეპუტატობისთვის იბრძვის მარტო. ვისაც მეტი მომხრე ეყოლება, ის შექმნის მთავრობას, მაგრამ დაიმახსოვდრეთ, საქართველოს არ გამოადგება კოალიციური პარლამენტი. მე რომ მკითხოთ, საპრეზიდენტო ინსტიტუტი სჭირდება საქართველოს. სააკაშვილმა რომ შეხედა, მესამედ ვეღარ იყრიდა კენჭს, ამიტომ შეცვალა კონსტიტუცია.

(სპეციალურად საიტისთვის)

12 მაისი 2021 06:50
ვფიქრობ,რომ ქვეყანას ვეღარ მართავს ხელისუფლება.
თბილისელი
12 მაისი 2021 02:58
თქვენ ვეღარ დარჩებით ქვეყანა რომ ფსკერზე ჩაძირეთ
მოქალაქე
12 მაისი 2021 02:49
ყველაერს მარტალს ამბობთ ეს ნაცებიც ეს ქოცებიც ორივე უნდა გადაშენდნენ ერთიერთმანეთზე უარესები არიან

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ კონკურსანტებისა და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას პრემია ლიტერას კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ კონკურსანტებისა და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას პრემია ლიტერას კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები