ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა - კვირის პალიტრა

ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა

ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.

ადეიშვილმა აღნიშნული მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე კვირის წინ მიმართა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა დააკმაყოფილა.

"მიმდინარე წლის 4 მარტს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებით მომართა ზურაბ ადეიშვილმა (წარმომადგენლის მეშვეობით) და მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, რადგან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

სააგენტომ თავად განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ 80-დღიან ვადაში განიხილა და შეისწავლა ზურაბ ადეიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, რის შემდეგაც, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე მომზადებული დასკვნა, მოქმედი კანონმდებლობისა და პროცედურების შესაბამისად, მიმდინარე წლის 7 მაისს გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს.

საქართველოს პრეზიდენტის 2021 წლის 13 მაისის № 204 ბრძანებულებით, "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, უკრაინის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, ზურაბ ადეიშვილს მისივე მოთხოვნით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროში.