"სულხან მოლაშვილი არ იყო პოლიტპატიმარი და მელია და რურუა არიან პოლიტპატიმრები? არ რცხვენიათ, ამას რომ ამბობენ?" - კვირის პალიტრა

"სულხან მოლაშვილი არ იყო პოლიტპატიმარი და მელია და რურუა არიან პოლიტპატიმრები? არ რცხვენიათ, ამას რომ ამბობენ?"

"ერთხელ უდუმაშვილმა თქვა, არ გამიგია, სულხანი როდის აწამესო. ნამუსი აქვს ამ ადამიანს?"

სულხან მოლაშვილის მამა თამაზ მოლაშვილი წლებია შვილის საქმის გამოძიებას უშედეგოდ ელოდება. იმედი ჰქონდა, რომ "ქართული ოცნება" ამ საქმეს სტრასბურგის მითითებების შემდეგ მაინც გამოიძიებდა, თუმცა თვლის, რომ კოაბიტაციის გამო მისი შვილის მწამებლები დღემდე დაუსჯელი არიან. სულხან მოლაშვილი ამქვეყნიდან ისე წავიდა, ქართულ სასამართლოში სამართალს ვერ მიაღწია. ამას ბატონი თამაზი დღეს განსაკუთრებით განიცდის. მით უფრო, რომ თვეებია, ესმის "ნაციონალური მოძრაობისგან", რომ ნიკა მელია და გიორგი რურუა პოლიტპატიმრები არიან, "ნაციონალების" ხელისუფლების დროს ნაწამები სულხან მოლაშვილი კი, რომელიც სააკაშვილის პოლიტიკური პატიმარი იყო, ყველას მიავიწყდა.

- დღეს ისეთ პირებზე გაიძახიან პოლიტპატიმარიაო, გასაკვირია. "ოცნებაზე" ახია, რასაც "ნაციონალები" მათზე ამბობენ, მაგრამ საწყალმა ხალხმა რა დააშავა?

ჩემმა ოჯახმა რა ტანჯვაც გამოიარა, ვინმეს ახსოვს? ვინმემ გამოიძია სულხანის დაკავებისა და წამების ამბავი? არადა, სტრასბურგმა სიცოცხლეშივე გაამართლა, პუნქტებად ჩამოაყალიბა, რა უფლებები იყო დარღვეული და დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, სულხანის წამების საქმე გამოეძია და დამნაშავეები დაესაჯა, მაგრამ ყურიც არ შეიბერტყეს. მელიასთან პრეტენზია არ მაქვს, კარგი ბიჭია, კარგი მამის შვილია, მაგრამ ის პოლიტპატიმარი არ არის, უტვინო "ქართული ოცნება" მათ სალაპარაკოს აძლევს. ამ მთავრობას პოლიტპატიმარი არ ჰყავს.

ამას ვამბობ იმის მიუხედავად, რომ მთავრობაზე კარგი შეხედულების არ ვარ. ვინც ნამდვილი პოლიტპატიმრები იყვნენ, იმათზე ხმას არ იღებენ.

გიორგი რურუა პოლიტპატიმარია? თქვე დალოცვილებო, გამოიძიეთ ეს საქმე! მე რომ კაცი მოვკლა და მერე პოლიტპატიმარი დამერქვას, შეიძლება? თუ რურუამ არ დახოცა ის ადამიანები, მაშინ თავისი სიმართლე დაამტკიცოს. ჭირისუფალი სასტიკ ბრალდებას უყენებს და ეს ხომ უნდა გამოიძიოს ვინმემ?

ყველაფერი იმან გამოიწვია, რომ ეს კოაბიტაცია მოიგონეს. გაიძახიან, მოსამართლე, პროკურორი დამოუკიდებელი უნდა იყოსო. შენ დალოცვილო, ჯერ საქართველო არის დამოუკიდებელი? საქართველოს დამოუკიდებლობა იქნება მაშინ, როცა არც ამერიკის და არც რუსეთის ქვეშევდრომი არ ვიქნებით. თუ საქართველო არ იქნა დამოუკიდებელი, ვერც ქვედა რგოლები იქნებიან დამოუკიდებლები. ყველამ დავინახეთ, საქართველოს ევროპისა და ამერიკისთვის რა მნიშვნელობა აქვს, როგორ ერევიან ისინი ჩვენს შიდა საქმეებში. თავმოყვარეობა არც ოპოზიციას აქვს დღეს და არც - პოზიციას, რომ შიდა საქმეები თავად გადაწყვიტონ. სამართლებრივად არ ვვარგივართ, რომ ჩვენი პრობლემები მოვაგვაროთ და ევროპის ჩარევა არ დაგვჭირდეს. ამერიკასთანაც უნდა ვიმეგობროთ, რუსეთთანაც, ევროპასთანაც, მაგრამ შიდა საქმეებში მათი ჩარევა არ უნდა გვჭირდებოდეს. ხრუშჩოვის დროს, 1962 წელს, საბჭოთა კავშირმა კუბაში რაკეტები შეიტანა და ამის გამო ამერიკელებმა ისეთი ამბავი ატეხეს, მზად იყვნენ, ომი დაეწყოთ. როგორღაც განელდა მაშინ ეს ამბავი... ახლა გეკითხებით - რუსეთი შავ ზღვაში რომ დაინახავს ამერიკის გემებს, ამას მოითმენს? რაც ცხინვალში და აფხაზეთში გაგვიკეთა, მონაგონი იქნება!.. თუ ამერიკას ან ევროპას ვინც მოეპრიანება, იმას დავსვამთ მინისტრად და ვისაც ის გვეტყვის, იმას გავათავისუფლებთ, მაშინ გამოდის, ჩვენი საშველი არ ყოფილა და ყოველთვის სხვაზე ვიქნებით დამოკიდებული.

- "ქართულ ოცნებაში" შექმნილ ვითარებაზე რას იტყვით?

- ძალიან ცუდად იქცევა "ქართული ოცნება", გაუგებრად, უცოდინრად... როგორც პედაგოგი, ვიტყვი - არ არიან პროფესიონალები. დღეს "ქართულმა ოცნებამ" ქუდი უნდა დაიხუროს და წავიდეს, რადგან მათი საბალახო ადგილი აქ აღარ არის.

- სულხანი ელოდა, რომ "ქართული ოცნება" მის საქმეს გამოიძიებდა? - როცა სტრასბურგმა სულხანი გაამართლა, მთავრობას დაავალა, ეს საქმე გამოიძიეთო. კარგა ხანს ძვრა რომ არ იყო, სულხანს ვუთხარი, რატომ არ იძიებენ-მეთქი. მითხრეს, განცხადება დაწერეო. მერე რატომ არ წერ-მეთქი? მამა, მე იურისტი ვარ, ვიცი, საქმის წარმოებას რა უნდა, მურუსიძემ, კუბლაშვილმა, ირაკლი ოქრუაშვილმა და სხვებმა რაც მიქნეს, ის განცხადებაში დავწეროო? ხომ იციან, საქმის გამოძიებას რა სჭირდება და მე თავს სამასხარაოდ არ ავიგდებო. როცა სტრასბურგმა დაგავალა, საქმე გამოიძიეო, რად უნდა ამას ახალი განცხადება? სულხანს ციხეში C ჰეპატიტი დამართეს და ერთი წელი კაციშვილმა არ უმკურნალა, სანამ სტრასბურგმა არ მიუთითა, უმკურნალეთო. მერე გადაიყვანეს "რეზბალნიცაში". დროზე რომ ემკურნალათ, იქნებ ჩემი შვილი დღეს ცოცხალი ყოფილიყო... ძალიან გულნატკენი წავიდა ამქვეყნიდან. ამბობდა, ასეთი იურისტების ხელში სამართალს ვერასოდეს ვიპოვითო. მელიას უნდა პოლიტპატიმარი დაირქვას და გმირად წარმოჩნდეს, მაგრამ სულხან მოლაშვილი არ იყო პოლიტპატიმარი და ნიკა მელია და გიორგი რურუა არიან პოლიტპატიმრები? არ რცხვენიათ, ამას რომ ამბობენ, სინდისი არა აქვთ? 29 ივნისს ხუთი წელი გახდება, რაც სულხანი აღარ არის და ამ ხუთი წლის განმავლობაში დღე არ გათენებულა, არ მეთქვას, როდის ეშველება ამ ქვეყანას-მეთქი. მარტო "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი ახსენებს ხოლმე სულხანს, სხვას არავის ახსოვს. ერთხელ უდუმაშვილმა თქვა, არ გამიგია, სულხანი როდის აწამესო. ნამუსი აქვს ამ ადამიანს?

- როგორ ცხოვრობს დღეს სულხან მოლაშვილის ოჯახი?

- უმამოდ დარჩა სულხანის ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. ბიჭებმა ოჯახები შექმნეს და ძალიან კარგი მეუღლეები ჰყავთ. უფროსს, ბაკურს, გოგონა შეეძინა, შუათანას, თამაზს - ვაჟი და სულხანი დაარქვეს. ისეთი ბედნიერი ვიყავი, თითქოს შვილი გამიცოცხლეს. პატარა სულხანის დაბადებამ უდიდესი სიხარული მომგვარა. სულხანის გოგონა სამხატვრო აკადემიის სტუდენტია.

მე 82 წლის ვარ და ვაგრძელებ პედაგოგიურ საქმიანობას. საქართველოში ყველაზე ძლიერი ორკესტრი მყავს. ბავშვებთან ურთიერთობას ვაყოლებ გულს, მათ წარმატებებზე ფიქრი მასულდგმულებს.