"ლუდი უნდოდათ "ნისიად". ვუთხარი, რომ ვერ გავატანდი, მითხრეს, დამარტყამდნენ" - რას ჰყვებიან დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე?
"ლუდი უნდოდათ "ნისიად". ვუთხარი, რომ ვერ გავატანდი, მითხრეს, დამარტყამდნენ" - რას ჰყვებიან დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე?
დმანისში მდებარე მაღაზიის გამყიდველის ინფორმაციით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ახალგაზრდას ლუდის "ნისიად" მიცემაზე უარი უთხრა.

როგორც მაღაზიის გამყიდველი აცხადებს, ახალგაზრდებმა ჯერ მისი მამამთილი სცემეს, მოგვიანებით კი სხვა ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად ხელკეტებითა და ქვებით დაბრუნდნენ.

"ოთხი ბიჭი მოვიდა. ლუდი უნდოდათ "ნისიად". ვუთხარი, რომ ვერ გავატანდი, რადგან ადგილზე უფროსი არ იყო. შეურაცხყოფა მომაყენეს. მითხრეს, დამარტყამდნენ. ამ ხმაურზე ჩემი მამამთილი გამოვიდა და უთხრა, რომ ქალისთვის ხელის დარტყმა არ შეიძლებოდა. მათ მამამთილს
ცემა დაუწყეს. პოლიციას გამოვუძახეთ. ჩვენებაც მივეცი. მოგვიანებით უკვე ამ ბიჭებთან ერთად 40-მდე ახალგაზრდა მოვიდა. ხელკეტებით იყვნენ. ყველაფერი დალეწეს", - განუცხადა მაღაზიის გამყიდველმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება მოხდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით უპირისპირდებიან.

დმანისის მერის გიორგი ტატუაშვილის ინფორმაციით, ქალაქ დმანისში დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის მოხდა. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სავარაუდოდ, არიან დაშავებულები, თუმცა ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება. დმანისის მერს არ აქვს ინფორმაცია, რა გახდა კონფლიქტის მიზეზი.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები