"უსამართლობის განცდა აქვს მამა გიორგისაც, მაგრამ ღმერთის იმედს არ კარგავს, თუმცა ფიზიკურად რამდენს გაუძლებს მისი ორგანიზმი, არ ვიცი" - კვირის პალიტრა

"უსამართლობის განცდა აქვს მამა გიორგისაც, მაგრამ ღმერთის იმედს არ კარგავს, თუმცა ფიზიკურად რამდენს გაუძლებს მისი ორგანიზმი, არ ვიცი"

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლას და მის დასაცავთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვს. ამბობს, რომ დეკანოზთან შეხვედრის საშუალებას მას არ აძლევენ. მორიგი მცდელობა ადვოკატს დღეს ჰქონდა, მაგრამ სასჯელაღსრულების მე-18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ისევ უარი უთხრეს იმ მიზეზით, რომ შეხვედრის ადგილი თავისუფალი არ იყო. ფანცულაია მიიჩნევს, რომ მის დასაცავს დაცვის უფლება შეგნებულად ეზღუდება.

"იუსტიციის სამინისტრო და შესაბამისად მე-18 დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციით; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით; სისხლის სამართლის კანონმდებლობით, ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონით და სხვა სამართლებრივი ნორმებით გარანტირებულ დაცვის უფლების განხორციელების შესაძლებლობას, უკვე მერამდენე თვეა ვერ ვახერხებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ნახვას. ყოველი მისვლისას მეუბნებიან ადგილი არ არისო. დღესაც იგივე განმეორდა, ამიტომ იძულებული გავხდი მიმემართა უწყებისთვის წერილობით, რომ დაუყოვნებლივ მოგვარდეს ეს პრობლემა, სხვა შემთხვევაში მათ მოუწევთ დაცვის უფლების დარღვევით გამოწვეულ შედეგებზე სამართლებრივ პასუხი აგონ. ეს თვეების განმავლობაში ხდება. პასუხი უნდა გამცენ თუ რატომ ვერ ხდება ადვოკატის შეშვება.

პირადი ინფორმაციით, რამდენიმე ადგილი აქვთ, რასაც მთავრობის, პარლამენტის წევრებისთვის, ან საპატრიარქოდან მივლინებული სასულიერო პირებისთვის ინახავენ და საშუალებას არ აძლევენ ადვოკატს ეს სივრცეები გამოიყენოს, მეზღუდება კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება. ეს მიზანმიმართულად ხდება თუ სხვა მიზეზით არის გამოწვეული, ამაზე პასუხი ოფიციალურად უნდა გამცენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ვერ ვახერხებ დეკანოზთან კომუნიკაციას და ამიტომაც ვერ ხერხდება სამართლებრივი ღონისძიებების ერთობლივად შეთანხმება. მისი სამართლებრივი მოქმედებები ხორციელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე, სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის, მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა მან ჯანმრთელობის ასეთი პრობლემებით დაწესებულებაში მკურნალობით მოიხადოს სასჯელი, თუ უნდა გადაუვადდეს, პერიოდულად მასთან შესვლა და კომუნიკაცია მჭირდება, რომ შემდეგი სამართლებრივი ღონისძიებები შევათანხმო. მისი საქმე გასაჩივრებულია სტრასბურგშიც. მამა გიორგი ავადა, უნდა ვნახო ისიც, სამედიცინო მიმართულებითაც როგორია მისი მდგომარეობა, უზრუნველყოფენ თუ არა მის სამედიცინო დახმარებას", - ამბობს ადვოკატი გიორგი ფანცულაია.

შეგახსენებთ, მამა გიორგი მამალაძე მეხუთე წელია დაკავებულია, მისი ხმაურიანი დაკავება თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ე.წ ციანიდის საქმის დეტალები საზოგადოებისთვის ცნობილია. საბოლოოდ შურისძიების მოტივით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ სცნეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თავად  მსჯავრდადებული დღემდე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

ჩვენ ასევე ვესაუბრეთ მამა გიორგი მამალაძის ძმას, თორნიკე მამალაძეს, რომელსაც დიდი ხანია პარლამენტის წინ კარავი აქვს გაშლილი და ხელისუფლებისგან ძმის გათავისუფლებას უშედეგოდ ითხოვს.

- თორნიკე, ადვოკატი ვერ ახერხებს მამაოსთან შეხვედრას, ოჯახის წევრებს თუ გაქვთ მასთან კომუნიკაცია?

- ადვოკატს რამდენიმე მისვლაზე უარი უთხრეს, ადგილები არ არისო და უკან უშვებენ ისე, რომ არ ახვედრებენ. ჩემს ძმასთან ბოლო კომუნიკაცია რამდენიმე კვირის უკან მქონდა, დამირეკა, მაგრამ ადვოკატს არ უშვებენ. არადა ბევრი საჩივარია დასაწერი, ადვოკატი სჭირდება, რადგან მას დაწესებულებაში მკურნალობა საერთოდ არ უტარდება და სჭირდება ამიტომაც იურიდიული დახმარება. ეს კარგად იციან და ვფიქრობ ამიტომ ეზღუდება სავარაუდოდ ნახვა.

- თქვენ როდის ნახეთ ბოლოს? - თვის დასაწყისში მოკლევადიან პაემანზე შევხვდი. შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მომდის შეტყობინება, რომ შეხვედრა ჩანიშნულია და მითითებულ დროს მივდივარ მასთან შესახვედრად.

- როგორია მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - ამ წუთას როგორია მისი მდგომარეობა, არ ვიცი, ისე ყოველ შესვლაზე ვხედავ რომ უარესდება მისი ჯანმრთელობა. მესამე წელია პარალიზებულია, თუ არ იმკურნალა, ბუნებრივია გართულდება მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად. ნევროლოგიური პრობლემა აქვს და წარმოიდგინეთ იმ დაწესებულებაში, სადაც ის ახლა არის, წელიწადი და 2 თვეა ნევროლოგი არ მუშაობს. როცა კონკრეტული სპეციალისტი არ ნახულობს ასეთ პაციენტს, ბუნებრივია ყოველდღე უარესდება მისი ჯანმრთელობა. ამას ის ოქმებიც ადასტურებს, რაც ციხეში იწერება. წელიწადი და 2 თვეა ნევროლოგს არ უნახავს ისეთი პაციენტი, რომელსაც მარჯვენა კიდურები გაშეშებული აქვს და ვერ ამოძრავებს. ხელი უკვე დაწვრილებულია, პარალიზებული რომ არის კუნთები დადნა ნელ-ნელა, რადგან ასეთ პაციენტს სათანადო სამედიცინო დახმარება, ვარჯიშები და სხვა პროცედურები სჭირდება. სადაც ის არის, იმას ციხის საავადმყოფო კი ჰქვია, მაგრამ ჩვეულებრივი ციხეა, როცა მაშინ სათანადო ექიმი და მედიკამენტი არ არის, რა ციხე უნდა უწოდო. არიან დაწესებულების უფროსი და დარაჯები, რომლებიც უსაფრთხოებას იცავენ. მას კი ექიმი სჭირდება.

- თქვენ მასთან დაწესებულებაში გიშვებენ? - არა მასთან ფიზიკურად მიახლოების საშუალება არ გვაქვს. შუშის მიღმა არის ჩემი ძმა და მე მეორე მხარეს ვდგავარ. ტელეფონით ვეკონტაქტებით ერთმანეთს ოთახში იქაც. მას ეტლზე დაჯდომაც კი არ შეუძლია და ამიტომ სამი წელია საკაცეზე წევს და ისე შემოყავთ უსაფრთხოების თანამშრომლებს. სამი კაცი მოაგორებს საკაცით, ეს ძალიან მძიმე საყურებელია ჩემთვის. შემოიყვანენ შუშებიან ოთახში და ტელეფონს მიუტანენ ახლოს და ასე ვესაუბრები მას. ორი სახელმწიფოა ამ ქვეყანაში, მთავრობა და საპატრიაქო. საპატრიარქომ აუკრძალა მასთან შესვლა ყველა სასულიერო პირს და სხვებთან შედიან მოძღვრები, მაგრამ ჩემს ძმასთან სასულიერო პირი საერთოდ არ შედის. აქეთ ახლა სახელმწიფო ადვოკატს ხელს უშლის იურიდული დახმარება რომ განახორციელოს, დაატარებს აქეთ-იქით და არ უშვებს შიგნით. აქედან გამომდინარე ადამიანს უსამართლოს განცდა გეუფლება როცა ამ ყველაფერს ხედავ და ყველაფერი შენს თავს ხდება. უსამართლობის განცდა აქვს მამა გიორგისაც, მაგრამ ღმერთის იმედს არ კარგავს, თუმცა ფიზიკურად რამდენს გაუძლებს მისი ორგანიზმი ეს უკვე არ ვიცი და ეს ძალიან მტკივა და მაღელვებს.

- ოჯახის სხვა წევრებს ტელეფონით ეკონტაქტება? - თვეში 45 წუთი აქვს სალაპარაკო დრო და ამას ანაწილებს ოჯახის წევრებთან. თვეში სამჯერ შეუძლია დარეკოს 15 -15 წუთით. მშობლები ჰყავს, მეუღლე და სამი შვილი, დედმამიშვილები და მათთან ანაწილებს ამ დროს. თითო წუთით უნდა დაურეკოს მხოლოდ ოჯახის წევრებს და ეს მძიმეა, რადგან ფიზიკურად არ ჰყოფნის ბავშვებთან სასაუბროდ დრო. ბავშვები იზრდებიან, უფროსი ბიჭი უკვე 13 წლის არის, შვილებს მამა ძალიან ენატრებათ. ძალიან ბევრი რამ აქვთ მოსაყოლი და მაქსიმუმ ერთ წუთში უნდა ჩაეტიოს ბავშვი საუბრის დროს, ეს ძალიან ძნელია. ძალიან განიცდიან ბავშვები ამ ვითარებას.

- თქვენ ბრძოლას ისევ აგრძელებ... - მე ისევ ვიბრძვი ჩემი ძალებით და ამდენხნიანი უშედეგო ბრძოლის მიუხედავად ხელი არ ჩამიქნევია. პარლამენტის წინ ახლაც კარავი მაქვს გახსნილი, ვცხოვრობ ამ კარავში და რაც შემიძლია, ვცდილობ ყველას ხმა მივაწვდინო და არ გავჩუმდე, მაგრამ არავის ესმის მართალი ადამიანის ხმა. ვაპროტესტებ უსამართლობას და გავაპროტესტებ ბოლომდე, სანამ სიმართლე არ დადგინდება. არ დავიღლები, ყოველთვის ვიბრძოლებ და ვიცი სიმართლე საბოლოოდ დადგინდება და ყველა გაიგებს იმას, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოა და მსხვერპლია. ხელისუფლებას ვეუბნები გონს მოეგონ და ადვოკატს ციხეში შევსლის უფლება მისცენ. გაანთავისუფლონ ჩემი უდანაშაულო, პარალიზებულ მდგომარეობაში მყოფი ძმა, რომლის ჯანმრთელობაც ყოველდღე უარესდება.

(სპეციალურად საიტისთვის)