ვინ იყო სოხუმში მოკლული "ხელშეუხებელი ქემალი" - აფხაზეთის ე.წ. პირველი პრეზიდენტის ძმისშვილის პოლიტიკური კავშირები - კვირის პალიტრა

ვინ იყო სოხუმში მოკლული "ხელშეუხებელი ქემალი" - აფხაზეთის ე.წ. პირველი პრეზიდენტის ძმისშვილის პოლიტიკური კავშირები

ინტერნეტში ხშირად ვრცელდებოდა ქემალ არძინბას ფოტოები კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებთან: თემურ გვასალიასთან, ვალერი ხაშუბასა და თემურ ახუბასთან ერთად. ვინაიდან ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. ქურდული გაგება ძალზე პოპულარულია, კრიმინალებთან მეგობრობას არძინბა კარგად იყენებდა...

ამოუცნობი ფიგურა თუ ხელშეუხებელი კრიმინალი?

"ამოუცნობი ფიგურა" - ასე უწოდებს მოკლულ კრიმინალს აფხაზური მედია. თურმე ის ძალიან ცოტა ვინმეს თუ უნახავს, მაგრამ მასზე ბევრს სმენია. აფხაზეთის ე.წ. პირველი პრეზიდენტის ძმისშვილის შესახებ მცირე ინფორმაცია ვლადისლავ არძინბას ოფიციალურ გვერდზეც არის. მისი მდიდარი კრიმინალური წარსულის გამო ადგილობრივი მედია ამას სამარცხვინოდ თვლიდა და ინფორმაციის ამოღებას ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ. ქემალ არძინბა აფხაზეთში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად ითვლებოდა, რასაც მისი ქონების არასრული ჩამონათვალიც ადასტურებს.

კრიმინალის ოჯახი

ქემალ არძინბას მეუღლე, 1950 წელს დაბადებული ეთნიკურად ქართველი სვეტლანა ჯერგენია, ინგლისურისა და ისტორიის სპეციალისტია. უნივერსიტეტი საბჭოთა წლებში ვლადიკავკაზში დაამთავრა. მათი ერთადერთი ქალიშვილი, რომელიც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა, ბიზნესმენია, ისევე როგორც მისი ქმარი - ალხაზ არღუნი. რასაკვირველია, სიძის ბიზნესზე სიმამრი ზრუნავდა.

"ქემალ არძინბას არასდროს უმუშავია. მას აფხაზეთში ან ბიზნესმენად მოიხსენიებდნენ, ან კრიმინალურ ავტორიტეტად... მისი ფოტოები იშვიათობაა, თუ არ ჩავთვლით, "კანონიერ ქურდებთან" ერთად გადაღებულ ფოტოებს. როგორც ირკვევა, არც ქართველ კრიმინალებთან მეგობრობაზე ამბობდა უარს, განსხვავებით რაულ ბარცბასგან, რომელიც დამოუკიდებელ კლანს ქმნიდა და მეგობრებს ეთნიკური ნიშნით არჩევდა", - წერს თელეგრა.პჰ-ი აფხაზურ ინტერნეტგამოცემა Mანდარინ-ზე დაყრდნობით. ამიტომ ინტერნეტში ხშირად ვრცელდებოდა მისი ფოტოები კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებთან: თემურ გვასალიასთან, ვალერი ხაშუბასა და თემურ ახუბასთან ერთად. ვინაიდან ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. ქურდული გაგება ძალზე პოპულარულია, კრიმინალებთან მეგობრობას არძინბა კარგად იყენებდა.

"ხელშეუხებელი კრიმინალის" პოლიტიკური კავშირები

როგორც აფხაზეთში მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტები, არძინბაც არ იყო შორს პოლიტიკური პროცესებისგან. 2004 წელს ის გაიტაცეს და კრიმინალების ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს... ცნობილი ბიძის წყალობით თავს დაჩაგრულად არასდროს გრძნობდა, მაგრამ ხელისუფლებასთან სიახლოვე მაინც სჭირდებოდა და მას კარგადაც იყენებდა. 2003 წლიდან, ანუ კომპანია "აკუაფონის" დაარსების დღიდან ექვსი თვის განმავლობაში წილს 15-დან 25 მილიონ რუბლამდე იღებდა. ამას ემატებოდა სოხუმსა და სხვა "წვრილ-წვრილი საქმიანობებიდან" შემოსული წილი. მხოლოდ სოხუმში ოჯახს აქვს 10-ზე მეტი ბინა, ერთი ფეშენებელური სახლი ეზოთი, დიდი მანსარდითა და მდიდრული ავტოკოლექციით, რომელსაც 50-ზე მეტი კაცი იცავს. თუმცა, როგორც აფხაზები სოცქსელებში წერენ, "ხელშეუხებელ კრიმინალს" ამანაც ვერ უშველა.

რაულ ხაჯიმბას "პრეზიდენტობის" დროს ქემალ არძინბა წილს იღებდა ასევე ეშერის "სახელმწიფო" კომპანია Абхазтоп-ში. გარდა ამისა, ეშერაში ყველა ბიზნესკომპანია, რომლებიც მას წილს არ უხდიდნენ, გააკოტრეს. არძინბამ წილი მოითხოვა მდინარე გუმისთის ნაპირზე ხრეშის მომპოვებელი საწარმოსგანაც, რაზეც კომპანიის მფლობელებმა უარი უთხრეს და მალე მათ ბიზნესი დაუხურეს. არძინბამ წაართვა ბიზნესი სოხუმში აფხაზური ფაცხების, ავტოსამრეცხაოებისა და ავტონაწილების მეპატრონეებსაც. მას ტერიტორიული დავა ჰქონდა სოხუმში არსებულ "ФинИнвестБанк"-თან, რომლის მფლობელიც ადგილობრივი სომეხი არამ კონდახჩიანი იყო. არძინბასთან შეჯახების შემდეგ მას აფხაზეთიდან გაქცევამ მოუწია. ბანკი ჯერ გაკოტრდა, შემდეგ გაიყიდა, ტერიტორიის მფლობელი კი არძინბა გახდა.

სოხუმში ქემალ არძინბას 200 მილიონი რუბლის ღირებულების სახლი კლასიკურ სტილშია აშენებული და ზღვის სანაპიროს გადაჰყურებს, თუმცა ყველას ყურადღებას მაინც მისი ძვირად ღირებული ავტოპარკი იპყრობდა: 7 მილიონ რუბლად ღირებული Porshe Panamera, ორი BMW X5, ასევე ორი Land Cruiser-ი, C და GLK კლასის "მერსედესის" მარკის ჯიპები.

რა კავშირი ჰქონდა არძინბას ლუკავას გათავისუფლებასთან?

დრანდის ციხის უკანონო პატიმრის გიორგი ლუკავას ქართული მხარისთვის გადმოცემას რეგიონის რადიკალურად განწყობილ მოსახლეობაში პროტესტი მოჰყვა. მათ სოხუმის ცენტრში აქციებიც გამართეს, ხაჯიმბას ხელისუფლება ქართულ მხარესთან გარიგებაში დაადანაშაულეს და მისი გადადგომა მოითხოვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ლუკავას გათავისუფლებაში წვლილი ქემალ არძინბასაც მიუძღვის, რაც აფხაზების ნაწილმა ჰუმანურ აქტად ჩაუთვალა, რადგან ქართველი პატიმრის დრანდის ციხეში ყოფნა "ქვეყანას, საერთაშორისო საზოგადოებრიობის თვალში წამგებიან პოზიციაში ყოფნის გარდა, კარგს არაფერს აძლევდა". სხვების ცნობით, ქემალ არძინბა ფულის გამო ყველაფერზე წამსვლელი იყო და ეს არაერთგზის დაამტკიცა კიდეც...

"ქემალ არძინბა, რომელსაც არასდროს ჰქონია არც საჯარო პირისა და მით უფრო დიპლომატის სტატუსი, აქტიურად მონაწილეობდა ლუკავას გათავისუფლების მოლაპარაკებაში. არსებული ინფორმაციით, მან ამ საქმეში ორი მილიონი დოლარი აიღო, ოღონდ არ კონკრეტდება ვისგან. დიდი ალბათობით, ფულს საქართველოს ხელისუფლება არ გადაიხდიდა. არ არის გამორიცხული, რომ მას ფულის სანაცვლოდ პრივილეგიების გაფართოებას დაჰპირდნენ. 2018 წლის იანვარში, როდესაც ხაჯიმბას წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა აგორდა, მან ე.წ. პრეზიდენტი გაამხნევა, ნურაფრის გეშინიათ, თქვენ გვერდით ვართო...

რეგიონის მოსახლეობის მეორე ნაწილი პირიქით, ამბობდა, რომ ლუკავას გათავისუფლება სწორი გადაწყვეტილება იყო და თუ ამაში არძინბამ წვლილი შეიტანა, ეს მისი ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო.

"არძინბა ბევრ საშინელ საქმეში ფიგურირებს, რაც შეეხება გიორგი ლუკავას გათავისუფლებას, ის სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის თხოვნით ქართულმა მხარემ ოს პატიმრებში გადაცვალა. თუნდაც დამნაშავე ყოფილიყო, ამის გარკვევა ჩვენს მხარეში ძნელია, რადგან არა გვაქვს და კიდევ დიდხანს არ გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო. ამიტომაც, რაც უნდა დაებრალებინათ მისთვის, მაინც ვიფიქრებდით, რომ ეს ეთნიკური ნიშნით იყო განპირობებული. ასე რომ, თუ ამ საქმეში არძინბას ხელი ურევია, მხოლოდ მისასალმებელია", - წერდნენ აფხაზები სოციალურ ქსელში.

ადამიანებით ვაჭრობა - არძინბას შემოსავლის წყარო

თუ აფხაზეთის ე.წ. ეროვნული გმირის ძმისშვილის წარსულს გადავხედავთ, ლუკავას საქმეში მონაწილეობა ნამდვილად ნათელ წერტილად შეიძლება დარჩეს, რადგან ადამიანებით ვაჭრობა წლების განმავლობაში მისი ერთ-ერთი (მთავარი თუ არა), დიდშემოსავლიანი ბიზნესი იყო.

"მთელმა აფხაზეთმა იცის, როგორ მუშაობდა მისი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. მის შემადგენლობაში შედიოდნენ ავიძბასა და შამბას მკვლელობაში ბრალდებული ერიკ ჭკადუა (რომელიც ქემალ არძინბას ცოლის ნახევარძმაა. უკვე დაკავებულია) და ალხაზ ღვარწკია, იგივე "იბლუშა". ორივე წლების განმავლობაში ქემალ არძინბას პარტნიორი იყო, არძინბას დავალებებს უყოყმანოდ ასრულებდნენ: ძალადობდნენ, იტაცებდნენ, ემუქრებოდნენ და ხოცავდნენ, არეკეტებდნენ ბიზნესს.

"მათი ნახელავია ომარ მირცხულავას გატაცება სოფელ გუმისთის გზაზე. ავტომობილით მიმავალს იარაღით დახვდნენ, მანქანიდან გადმოათრიეს და გაიტაცეს; 2018 წელს აფხაზეთში გაიტაცეს პეტერბურგელი ბიზნესმენი, კომპანია "Полиграфоформление"-სა და "Гранд Каньон"-ის მფლობელი მაქსიმ იაკოვლევი და მის გამოსასყიდად ოჯახს 200 მილიონი რუბლი მოსთხოვეს. ასეთი საქმეების შემსრულებელი ჭკადუა და ღვარწკია თავიანთ წილს იღებდნენ", - წერს აფხაზური მედია, რომლის ცნობით, ყველაზე შემოსავლიანი პერიოდი არძინბას სწორედ ხაჯიმბას "პრეზიდენტობისას" ჰქონდა.

ქემალ არძინბას მკვლელობას აფხაზეთში არაერთგვაროვნად ეხმიანებიან. ნაწილის აზრით, ეს იმის მაგალითია, რომ აფხაზეთისთანა რეგიონში ხელშეუხებელი პერსონა არ არსებობს. "ცუდია, როდესაც ახალგაზრდა კაცს კლავენ, მაგრამ როდესაც შამბასა და ავიძბას მკვლელობის საქმეში ქემალ არძინბას გვარი გახმოვანდა, ის ჩვენი პირველი პრეზიდენტის სახლში გამაგრდა, რისი უფლებაც არ ჰქონდა, მაგრამ იქ თავს უფრო დაცულად გრძნობდა. მიხვდა, რომ მის სახლს არავინ დაარბევდა, შემდეგ რუსეთში გაიპარა და იქიდან სთხოვდა ხაჯიმბას ხელშეუხებლობის გარანტიას. ხაჯიმბას გუნდი სწორედ იმ საქმეს გადააყოლეს. ბოლოს მაინც დაბრუნდა, მაგრამ ბარცბას საცეცებს ვერ გაექცა", - წერს აფხაზი ანასტასია სმირი.

"ანქვაბი-ბჟანიას გუნდს კრიმინალებთან ბრძოლის ახალი მეთოდი აქვს - ერთმანეთზე მიუშვეს. ახლა რაულ ბარცბას კლანი უნდა ელოდოს არძინბას მხარდამჭერების შეტევას. როდესაც შეთხელდებიან, იმედია, მერე მაინც მიხედავენ კანონით, თუ მანამდე ჩვენ, უბრალოდ მოქალაქეები ცოცხალი დავრჩით. გადავხედე არძინბას ქონებას და არ ვიცი, მიცვალებული შემეცოდოს, რომელმაც ეს წლები ასეთ ფუფუნებაში გაატარა, თუ ჩემი თავი, თბილისში სამკურნალოდ ჩასვლას თუ არ ჩავთვლით, დაბადებიდან აფხაზეთს რომ არ გავცდენივარ", - წერს ვინმე "იასონ აფხაზი".