"მეორეკლასელი ბავშვები ატირებული ადევნებდნენ თვალს ფანჯრებიდან, როგორ სცემდნენ მათი მშობლები ერთმანეთს" - კვირის პალიტრა

"მეორეკლასელი ბავშვები ატირებული ადევნებდნენ თვალს ფანჯრებიდან, როგორ სცემდნენ მათი მშობლები ერთმანეთს"

"დაპირისპირების ამსახველ ვიდეოფირში ამოვიცანი მასწავლებელი, რომელიც ხელჯოხს ურტყამს ვიღაცას. ის მასწავლებელი მეორე დღეს სკოლაში რომ მივიდა, როგორ შეხედა იმ ბავშვს თვალებში, რომლის მშობელსაც წინადღეს სცემდა?"

"კონფლიქტი აღარ უნდა გაგრძელდეს, საქართველოში მცხოვრებმა ყველა ეთნოსმა ამ ქვეყნის გაძლიერებაზე უნდა ვიზრუნოთ", - განაცხადა აღმოსავლეთ საქართველოს მუფთიმ ეტიბარ ემინოვმა მას შემდეგ, რაც დმანისში დაპირისპირება შერიგებით დასრულდა. 16-17 მაისს დმანისში კონფლიქტი ყოფით საკითხზე წარმოიშვა, თუმცა მალე თემთა შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. მაღაზიის გამყიდველის თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ახალგაზრდას ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა. საქმეში სახელმწიფო უწყებების ჩართვის შემდეგ მხარეებმა დმანისის მერიაში შერიგების ნიშნად ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. "მე, როგორც სასულიერო პირს, რჩევა მექნება - შორეულ ახლობელს ახლო მეზობელი სჯობია, გაუფრთხილდნენ ერთმანეთის მეზობლობას... საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნოსს ერთი მიზანი უნდა გვქონდეს, ხელი ჩავჭიდოთ და საქართველოს გაძლიერებაზე ვიფიქროთ", - განაცხადა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა.

როგორი ვითარებაა დღეს დმანისში, სპონტანური იყო თუ წინა პირობა ჰქონდა კონფლიქტს, ამის შესახებ დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლაშა ჩხვიმიანი გვესაუბრება:

- ასეთ ინციდენტზე თვალის დახუჭვა, ვითომ არაფერი მომხდარა, არ შეიძლება. დამნაშავე, ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, უნდა დაისაჯოს!

- რა მოხდა სინამდვილეში? - ორივე მხარე სხვადასხვაგვარად ჰყვება. რა მოხდა სინამდვილეში, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. იცით, ყველაზე ცუდი ამ დაპირისპირებაში რა არის? ჩემი მეუღლე დაწყებითი კლასის პედაგოგია. თურმე მეორეკლასელი ბავშვები ატირებული ადევნებდნენ თვალს ფანჯრებიდან, როგორ სცემდნენ მათი მშობლები ერთმანეთს. მეტსაც გეტყვით, დაპირისპირების ამსახველ ვიდეოფირში ამოვიცანი მასწავლებელი, რომელიც ხელჯოხს ურტყამს ვიღაცას. ის მასწავლებელი მეორე დღეს სკოლაში რომ მივიდა, როგორ შეხედა იმ ბავშვს თვალებში, რომლის მშობელსაც წინადღეს სცემდა? მის ეთნიკურობაზე შეგნებულად არ გავაკეთებ აქცენტს. იმ დღეს დმანისელებისთვის სამყარო გაჩერდა.

ერთი ქვეყნის მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში ერთმანეთს დაუნდობლად სცემდნენ ხელკეტებით, საღამოს კი შერიგდნენ. რა, თამაში იყო, ხელის ჩამორთმევით რომ დაასრულეს? ხვალ კიდევ ვინმეს რომ მოუნდეს ასეთი "თამაში", რა მოხდება?! პოლიცია ისევ შესარიგებლად მოვა?! თუ მე მოძალადე ვარ და ამისთვის არავინ დამსჯის, რა შემიშლის ხელს, რომ ხვალაც ვიძალადო?

ჩემი ვერსიით, მაღაზიის ეპიზოდი საბაბი იყო, ამ კონფლიქტს რეალურად სულ სხვა მიზეზები აქვს. მთავარი განათლების პრობლემაა. წესით, სკოლა უნდა ზრუნავდეს, რომ მსგავსი კონფლიქტები არ მოხდეს. ახალგაზრდებს ბავშვობიდანვე უნდა ჰქონდეთ ადეკვატური შეფასებები.

- დმანისელი აზერბაიჯანელების უმეტესობამ სახელმწიფო ენა არ იცის? - დმანისში არის აზერბაიჯანული სექტორისთვის განკუთვნილი სკოლები, სადაც ბავშვებს საგნების ქართულად სწავლის ვალდებულება არა აქვთ. არის სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც მათ ქართულის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს, პედაგოგებიც არიან, რომლებიც საკუთარი ინციატივით ცდილობენ აზერბაიჯანელი ბავშვებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებას, თუმცა ეს არ არის საკმარისი და არც პრობლემის მთავარი არსი.

არ იქმნება შთაბეჭდილება, რომ დმანისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ბავშვები საქართველოს მოქალაქეებად იზრდებიან. ამისთვის არაფერი კეთდება!

დაპირისპირების მეორე დღეს არც ერთი აზერბაიჯანელი ბავშვი სკოლაში არ მივიდა. ამ შერიგებამ კონფლიქტი მყისიერად მოაგვარა, გაყინა, მაგრამ მხოლოდ დროებით.

თუ სახელმწიფომ დამოკიდებულება არ შეცვლა ამ რეგიონის მიმართ, გაყინული კონფლიქტი ძალიან მალე დაიწყებს ლღობას. ხელისუფლებას ვთხოვ გამოფხიზლდეს. ბევრი სამუშაოა საგანმანათლებლო სისტემასა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუციებში, ეთნიკურ უმცირესობებთან. ყველა ხელისუფლება ცდილობს 3-4-წლიანი პროგრამა განახორციელოს. გრძელვადიან პერსპექტივაზე არავინ ფიქრობს, მხოლოდ იმას აკეთებენ, რაც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს გამოიღებს ნაყოფს.

მესმის, რომ ქართველი და აზერბაიჯანელი ბავშვებისთვის სიყვარულის, ტოლერანტობისა და სახელმწიფოებრივად აზროვნების უნარის სწავლება 10, 20 წლის შემდეგ გამოიღებს ნაყოფს, მაგრამ ეს ხომ სასიცოცხლოდ აუცილებელია?! მიწის დათმობით, მოქრთამვით და საქმეში ავტორიტეტების ჩართვით პრობლემას ვერ მოაგვარებენ.

- მიწის დათმობაში რას გულისხმობთ?

- აზერბაიჯანელი თემი, ძირითადად, სოფლად მეურნეობას ეწევა. არჩევნების დროს მმართველი ძალა აზერბაიჯანელებს გულის მოსაგებად სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწას აძლევს, მაგრამ ეს დროებითი საშუალებაა და პრობლემას რეალურად არ მოაგვარებს.

ხათუნა ბახტურიძე