"დმანისის ინციდენტი ერთი დიდი პრობლემის ფრაგმენტული გამოვლინებაა" - კვირის პალიტრა

"დმანისის ინციდენტი ერთი დიდი პრობლემის ფრაგმენტული გამოვლინებაა"

"ასეთ სივრცეში ცარიელი ადგილი არ არსებობს, რასაც ჩვენ ვერ ვაკეთებთ, ჩვენი მეზობელი ქვეყნები აკეთებენ..."

მულტიეთნიკურობა და მულტირელიგიურობა - სიმდიდრე თუ საფრთხე ქვეყნისთვის?! რა აჩვენა დმანისში მომხდარმა ინციდენტმა და როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს პოლიტიკა, კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე გვესაუბრება.

- ქაღალდზე არსებობს სტრატეგია, როგორი უნდა იყოს რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებთან მიდგომები, რა სახის პოლიტიკა უნდა გაატაროს სახელმწიფომ, მაგრამ ის ვერ სრულდება იმ მასშტაბით, როგორც დოკუმენტშია მოყვანილი. მაგალითად, სახელმწიფო ენის შესწავლა. ზოგიერთ სოფელში ქართული ენა თითქმის არ ისწავლება. ნაცვლად იმისა, საფრთხეებს ადეკვატურად ვაფასებდეთ და სახელმწიფო ენა არა მარტო ქართულ სკოლებში ისწავლებოდეს, მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებლები გვყავდეს და მათ შესაბამისი ანაზღაურებაც ჰქონდეთ, ფრაგმენტული პროექტები ხორციელდება. არადა, კვალიფიციური კადრების სწორი მუშაობა სამოქალაქო ინტეგრაციის წარმართვას ნიშნავს, რადგან ეს წმინდა პოლიტიკური პროცესია.

არის მცირედი გამონათებები, არაერთმა ახალგაზრდამ ქართულ უმაღლეს სასწავლებელს მიაშურა, მაგრამ მათი ნაწილი სწავლას წყვეტს ან უნივერსიტეტს მხოლოდ ენობრივი ბარიერისა და მენტალური პრობლემების გამო ფორმალურად ამთავრებს. ეს მედლის ერთი მხარეა, მეორე კი ბევრად სახიფათოა - ასეთ სივრცეში ცარიელი ადგილი არ არსებობს, რასაც ჩვენ ვერ ვაკეთებთ, მეზობელი ქვეყნები აკეთებენ...

- რა საფრთხეებზე შეგვიძლია საუბარი? - საქართველოში არის არაერთი ორგანიზაცია, რომელთა, ძალიან რბილად თუ ვიტყვი, ოჯახში შემოშვებაც კი არ შეიძლება.

ძლიერი მეზობელი ქვეყნებიდან წამოსული ჰუმანიტარული, არასამთავრობო, კომერციული, რელიგიური თუ სხვა სახის ორგანიზაციები მხოლოდ თავიანთი ქვეყნების ინტერესებს კი არა, ექსტრემისტული ორგანიზაციების ინტერესებსაც იცავენ. შესაძლოა ისინი საერთაშორისო თანამეგობრობის რეესტრში არ ფიქსირდებიან, მაგრამ მათი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სრულიად შესაძლებელია ექსტრემისტულად შეფასდეს.

დმანისის შემთხვევაში ყურადღებას არც გავამახვილებ სახელმწიფოს რეაგირებაზე, რომელიც მწვავე კრიტიკას იმსახურებს და ჩემი ნება რომ იყოს, მკაცრად მოვთხოვდი პასუხს ყველა იმ თანამდებობის პირს, რომლებმაც დმანისში პირველ დღეს განვითარებულ მოვლენებს წაუყრუა და ღამე ტკბილად დაიძინა. ეს ინციდენტი საფუძველშივე რომ აღკვეთილიყო, არაფერი მოხდებოდა. რაც შეეხება ეთნიკურ აზერბაიჯანელებს, დმანისისა თუ ქვემო ქართლის აზერბაიჯანელების ნაწილი თავს საქართველოს მოქალაქედ არც აღიქვამს. ბევრი ახალგაზრდა, რომლებიც ინფორმაციას აზერბაიჯანული მედიის პროპაგანდისტული ნაწილიდან იღებს, თავს "სამამულო ომში გამარჯვებული ერის" ნაწილად თვლის.

- მთიანი ყარაბაღის ომს გულისხმობთ? - დიახ, მათ უყალიბდებათ პოზიცია, რომ კონკრეტულ ომში გამარჯვებული საზოგადოების ნაწილი არიან. ამას ემატება ზოგიერთი არასამთავრობო და არაკეთილსინდისიერი მედიიდან კონკრეტული პირების, მათ შორის მილი-მეჯლისის რამდენიმე წევრის ტექსტები, რომ მცხეთამდე საქართველოს ტერიტორია აზერბაიჯანს ეკუთვნოდა. ახალგაზრდები კითხულობდნენ, რატომ გადასცეს საქართველოს მიწები? პასუხობდნენ, ეს სტალინის ნამოქმედარიაო. ხშირად ადგილობრივ მეჩეთებში ზოგიერთი რელიგიური პირის ქადაგების შინაარსი საქართველოს სახელმწიფოს ერთიანობას ნამდვილად არ უწყობს ხელს. ეს ორგანიზაციები, თუ 90-იან წლებში მხოლოდ პანკისის ხეობაში იყვნენ, ახლა საქართველოს ხუთ რეგიონში არიან. ამათგან ზოგი სამხრეთ მეზობელს ეკუთვნის, ნაწილი ჩრდილოელს, დანარჩენი კიდევ უფრო შორს მდებარე სახელმწიფოდან იმართება.

- ეს პრობლემა გუშინ არ გაჩენილა, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ეთნიკური უმცირესობების სრულად ინტეგრირება. - გეთანხმებით. მხოლოდ პრობლემის დროებითი კონსერვაცია ხდებოდა. თუ პოლიტიკური მიდგომები არ შეიცვალა, რაც დრო გავა, ამასთან გამკლავება უფრო გაგვიჭირდება. ამის ნათელი მაგალითია ის, რაც პანკისში მოხდა - მოსახლეობას არ სურდა, იქ ჰესი აშენებულიყო და არც აშენდა. ასეთი ექსცესები მთელ საქართველოში იქნება. ეთნიკური ნიშნის გარდა, არის რელიგიური მხარეც და სრულიად შესაძლებელია ერთ დღეს ორივე, ეთნიკური და რელიგიური ნიშნები გაერთიანდეს და მძიმე ვითარების წინაშე აღმოვჩნდით. შევხედოთ, რა ხდება ევროპაში - ერთ-ერთი მთავარი პრობლემა პოლიტიკური ისლამია. ცოტა ხნის წინ 200-მა ყოფილმა სამხედრომ საფრანგეთის პრეზიდენტს მისწერა წერილი, გთხოვთ გაითვალისწინოთ შექმნილი ვითარება, ქვეყანა სამოქალაქო საფრთხის წინაშეაო. ფსევდოლიბერალურმა პოლიტიკამ საფრანგეთში ისეთი ანკლავები წარმოქმნა, სადაც პოლიცია ვერ შედის და ფორმალური ხელისუფლება პოლიტიკური ისლამის წარმომადგენლებს აქვთ.

- რადიკალ ისლამისტებს გულისხმობთ? - მედია ასე უწოდებს მათ, რასაც არ ვეთანხმები, რადგან რადიკალი ისლამისტები ცდილობენ რელიგიის მეშვეობით შექმნან პოლიტიკა და გამოსდით კიდეც. მსგავსი სურათის მომსწრე ვართ საქართველოს რამდენიმე რეგიონში და ეს ხვალ-ზეგ უფრო ძლიერად იჩენს თავს. კარგად უნდა გავმიჯნოთ - მე პოლიტიკურ ისლამს ვგულისხმობ და არა რიგით მუსლიმანებს... სახიფათოა ყველა ის რეგიონი, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით არის დასახლებული. შესაძლოა გამონაკლისი იყოს ჯავახეთი, რადგან იქ "დამარცხებული ერის სინდრომი" აქვთ, თუმცა დროებით. დმანისის ინციდენტი ერთი დიდი პრობლემის ფრაგმენტული გამოვლინებაა. ხელისუფლებამ კარგად აწონ-დაწონილი პოლიტიკა უნდა გაატაროს.

ერთ ფაქტზე შევჩერდები, რაც ვნებათაღელვას გამოიწვევს, მაგრამ თავის მოტყუების დრო აღარ არის - რაც კეთდება რელიგიურ საკითხში, სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს, მათ შორის განათლებას, მაგრამ არც ერთი მედრესე, რელიგიური სკოლა ლიცენზირებული არ არის და შესაბამისი უწყება სასწავლო პროცესს არ იცნობს. განათლების სამინისტროს რომ ჰკითხო, გიპასუხებენ, ყურანს ასწავლიანო. დიახ, მაგრამ როგორ ასწავლიან, ეს არის საქმე. მისი სწავლება შესაძლებელია ცივილიზებულად, მაგრამ ხშირად სასურველ ინტერპრეტაციას აძლევენ. სწორედ ამაში ძევს ექსტრემიზმის გასაღები...

სახელმწიფომ ყველა მექანიზმი უნდა გამოიყენოს, რათა ახალგაზრდებს აქ თვითრეალიზაციის სურვილი გაუჩნდეთ. უამრავი ადამიანია, რომლებიც მათ თემში დამკვიდრებულ არასასურველ ტრადიციას გაემიჯნენ, ისწავლეს და კარიერა გაიკეთეს. ამის კარგი მაგალითია მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი, რომელიც შესაშური ქართულით საუბრობს. ასეთ ადამიანებს სახელმწიფომ ხელი უნდა მოუმართოს და დაეყრდნოს.