"მერაბ კოსტავამ პირდაპირ მითხრა, არავითარი დანაშაული არ მაქვს ჩადენილი ჩემი ხალხის, ერის და ქვეყნის წინაშე. ვის უნდა ვთხოვო პატიება და რატომო?!" - კვირის პალიტრა

"მერაბ კოსტავამ პირდაპირ მითხრა, არავითარი დანაშაული არ მაქვს ჩადენილი ჩემი ხალხის, ერის და ქვეყნის წინაშე. ვის უნდა ვთხოვო პატიება და რატომო?!"

"მისი პირადი საქმიდან ჩანდა, როგორი გაუტეხელი სულის ადამიანი იყო ეს ბუმბერაზი ქართველი. იგი განსაცდელს არ შეშინებია, პირიქით, წამებას უდრეკად იტანდა. მართლა იყო ადამიანი, ძლიერი სულით"

საქართველოს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას 26 მაისს 82 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში მთელი ცხოვრება გაატარა და ურთულესი გზის გავლა მოუხდა. საბჭოთა რეჟიმმა დისიდენტი მერაბ კოსტავა და მისი მეგობრები რამდენჯერმე დააპატიმრა. ციხეში და გადასახლებაში დიდხანს მოუხდა ყოფნა, ათასნაირ პროვოკაციას უწყობდნენ, თუმცა მებრძოლი სულის გატეხვა ვერავინ შეძლო.

კოლონიის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ტაბაღუას კარგად ახსოვს, როდის დააბრუნეს საქართველოში ციხეში გადასახლებაში მყოფი მერაბ კოსტავა. დეტალურად იხსენებს მასთან შეხვედრას და დიალოგს. იმასაც ამბობს, კოლონიაში მუშაობის წლებში უამრავი პატიმრის პირადი საქმე დამიჭერია ხელში, მაგრამ არასოდეს შემხვედრია ამხელა პირადი საქმე, რომელიც სპეციალურად შეთითხნილი იყო ახალ-ახალი ბრალდებებით, როგორმე მისთვის ციხის პირობები რომ დაემძიმებინათო. მოგვიანებით სუკის არქივში, სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებთან ერთად, ეს საქმეც ვიღაცამ დაწვა. ამ პირადი საქმიდან მხოლოდ რამდენიმე გვერდის ასლია შემორჩენილი, რომელიც თავის დროზე ბატონმა ვლადიმერმა გადაიღო.

ვლადიმერ ტაბაღუა: - სიმბოლურია, მერაბ კოსტავა, ჩვენი ეროვნული გმირი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რომ დაიბადა. მთელი შეგნებული ცხოვრება საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას შეალია. ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის არაერთგზის დააპატიმრეს. 1956 წელს, მეათე კლასის მოსწავლე იყო, პირველად რომ დააპატიმრეს. მოგვიანებით იგი, როგორც არასრულწლოვანი, პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს. მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას მეგობრობის ამბავიც ყველამ იცის. თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში ერთად სწავლობდნენ. სწორედ იქ ჩაეყარა საფუძველი მათ მტკიცე მეგობრობას. მე-9 კლასიდან მერაბმა სწავლა ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში გააგრძელა, მაგრამ მათი მთავარი მისია თავისუფლებისათვის ბრძოლა იყო. თანატოლებთან ერთად დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი პირველი პატრიოტული არალეგალური ორგანიზაცია "გორგასლიანი" მეგობრებმა ერთად დაარსეს. სწორედ 1956 წლის დეკემბერში გამოჩნდა თბილისში მათი დაწერილი პროკლამაციები: "ქართველებო, სხვა არავინ არის ჩვენი მშველელი, საკუთარი თავის გარდა. ბრძოლით უნდა მივაღწიოთ თავისუფლებას. ძირს პირსისხლიანი კომუნისტები, გაუმარჯოს თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს!" ამ შინაარსის ანტისაბჭოთა პროკლამაციების გავრცელების გამო იყო, საიდუმლო ორგანიზაცია "გორგასლიანის" წევრები რომ დააპატიმრეს - ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გურამ დოჩანაშვილი, ვოვა სიხარულიძე, თემურ ცერცვაძე, თამაზ გუნჯუა, გურამ სხირტლაძე და ანატოლი მიქაძე. ეს იყო მათი პირველი პატიმრობა.

იმდროინდელ პრესაში, კერძოდ, 1956 წლის დეკემბერში, გაზეთ კომუნისტში მათი სალანძღავი სტატიაც დაიბეჭდა. სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს პრესაში ხულიგნები უწოდეს. "ეს ხულიგნები გვევლინებიან, როგორც სარეველა ბალახი მობიბინე ჯეჯილში, ისინი სახელს უტეხენ ჩვენს საუკეთესო ახალგაზრდობას და გვევლინებიან მუწუკებად ჯანსაღ სხეულზე. მუწუკს მოშორება სჭირდება, სარეველას - ამოძირკვა" - ეს სიტყვები ამოვიკითხე იმ დროის "კომუნისტში" და საკმაოდ ვრცელი სტატია იყო მათზე. მას შემდეგ ვინ იცის, რა მძიმე წლები გამოიარეს ახალგაზრდებმა უსამართლოდ გადასახლებასა და პატიმრობაში. ფაქტობრივად, ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წლები მერაბმა ციხეში გაატარა. სსრკ-ში არსებული სადამსჯელო რეპრესიული ფსიქიატრიის მეთოდებით სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა დანიშნეს მისი შერაცხადობის საკითხზეც. მისი პირადი საქმიდან ჩანდა, როგორი გაუტეხელი სულის ადამიანი იყო ეს ბუმბერაზი ქართველი. იგი განსაცდელს არ შეშინებია, პირიქით, წამებას უდრეკად იტანდა. მართლა იყო ადამიანი, ძლიერი სულით.

პირადი საქმე რამდენიმეგვერდიანი სასამართლოს განაჩენით იწყებოდა: 1978 წლის 29 მაისს, საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ა. კობახიძის თავმჯდომარეობით, სახალხო მსაჯულების: ლ. გრიგოლიას, ე. ნარიმანიძის, პროკურორ გ. უგულავას და ადვოკატების: მ. ალხაზიშვილის და ო. ნიკოლეიშვილის მონაწილებით, განიხილა ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ბრალდების საქმე. ისინი 71-ე მუხლის პირველი ნაწილით გაასამართლეს, ანტისაბჭოური აგიტაციისა და პროპაგანდისთვის და 3-3 წელი მიესაჯათ. ამ სასჯელს დამატებითი სასჯელი - გადასახლება დაემატა. პატიმრობის შემდეგ მერაბ კოსტავა ირკუტსკის ოლქში 2 წლით გადაასახლეს. ასეთი პიროვნებები უშიშროებას სპეციალურ აღრიცხვაზე ჰყავდა აყვანილი და საზოგადოებისგან იზოლირებულნი იყვნენ...

პირად საქმეში აღნუსხული იყო მისთვის გამოცხადებული საყვედურები და საჩივრები; კარცერებში და კამერული ტიპის დაწესებულებებში გადაყვანის ბრძანებები.

გადასახლებაში ყოფნის დროს, სოფლის კლუბში გამართულ ღონისძიებაზე მერაბს მორიგი პროვოკაცია მოუწყვეს და ხულიგნობის ბრალდება შეუთითხნეს - თითქოს ნასვამმა, ჩხუბი ატეხა, ამ დროს პოლიციელმა მას წესრიგისკენ მოუწოდა, ის არ დაემორჩილა პოლიციელს, თითქოს, მაისური შემოახია და ხელისკვრით ძირს დააგდო. ამ შეთითხნილი ბრალდებით, 1981 წლის 17 ნოემბერს ირკუტსკის ოლქში ისევ გაასამართლეს და 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ქალაქ ანგარსკში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს. იქაც მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდათ, საზოგადოებასთან კონტაქტი რომ ვერ მოეხერხებინა. აკონტროლებდნენ, წერილები არ გაეგზავნა იმ ადამიანებთან, რომლებიც საბჭოთა კავშირში დისიდენტურ საქმიანობას ეწეოდნენ.

იმ დროს მერაბ კოსტავა მეუღლესთან, ქალბატონ რუსუდანთან, ფიქტიურად, განქორწინებული იყო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, შვილისთვის ალიმენტი უნდა გადაეხადა. პატიმარს მუშაობა ევალებოდა. კანონით, ვისაც ალიმენტი ჰქონდა გადასახდელი, ისინი მაღალანაზღაურებად სამუშაოზე უნდა დაესაქმებინათ. როგორც წესი, სამუშაოდ პატიმრები კოლონიის გარეთ გაჰყავდათ, დისიდენტებს კი გარეთ არ უშვებდნენ. მერაბ კოსტავამ ბევრჯერ მოითხოვა დასაქმება, მაგრამ - უშედეგოდ. ადმინისტრაცია მას სთავაზობდა კოლონიის დამლაგებლობას, კანალიზაცია და კოლონიის მთელი ბარაკი დღეში სამჯერ უნდა დაესუფთავებინა. შეურაცხმყოფელი სამუშაოს შესრულებაზე მან კატეგორიული უარი თქვა. ამ უარის თქმის გამო კარცერში მოათავსეს. მის პირად საქმეში 1984 წლის 12 ნოემბრით დათარიღებული განცხადება იდო, კოლონიის უფროსის და პროკურორის სახელზე დაწერილი: "დიდი ხანია, გთხოვეთ, მომაწყოთ სამუშაოზე საწარმოო ზონაში, თქვენ უგულებელყოფთ ჩემს მოთხოვნას და ყოველგვარი საშუალებებით ცდილობთ, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, მაიძულოთ, ვიმუშაო სამეურნეო საქმიანობაში. ვაცხადებ შიმშილს და მანამდე ვიშიმშილებ, სანამ არ დააკმაყოფილებთ ჩემს მოთხოვნებს. გთხოვთ, მომცეთ საშუალება, ვიმუშაო და ალიმენტის გადახდა შევძლო!" - წერდა იგი.

სამწუხაროდ, მერაბ კოსტავა რუსეთში ყოფნის დროს სულ კარცერში და საპატიმროში ჰყავდათ გამოკეტილი და ჯამში, 13 თვეზე მეტი იშიმშილა. სამწუხაროდ, კარცერში უჰაერობასა და სინესტეში იმყოფებოდა და ტუბერკულოზით დაავადდა. უკანონო სასჯელების გამოც დიდხანს შიმშილობდა. 18-დღიანმა მშრალმა შიმშილობამ ტუბერკულოზით დაავადებული მერაბ კოსტავას ჯანმრთელობა იმდენად შეარყია, იმდენად ცუდად იყო, ციხის ადმინისტრაცია იძულებულნი გახდა, საავადმყოფოში გადაეყვანა. რომ მომჯობინდა, ისევ უკან დააბრუნეს. იგივე წრე დატრიალდა, დაბრუნებულს, ისევ დალაგება მოსთხოვეს, ისევ უარი თქვა და ურჩობისთვის ისევ კარცერში უკრეს თავი.

შიდაგანაწესის დარღვევისთვის იმდენი ბრძანება დაიწერა და იმდენჯერ დაედო სასჯელი, რომ 1985 წელს, ურჩობისთვის, კიდევ ერთხელ გაასამართლეს. არადა, გათავისუფლების დრო ახლოვდებოდა. ძველ წლებს ახალი სასჯელი, 3 წელი დაემატა და ციხეში მოსახდელი ისევ 4 წელიწადზე მეტი გაუხდა. კოლონიიდან კოლონიაში გადაჰყავდათ, სულ მოძრაობაში იყო. ძალიან საყურადღებო იყო 1985 წლის იანვრით დათარიღებული მერაბ კოსტავას დახასიათება. მაშინაც მას კამერული ტიპის საკანში გადასაყვანად ამზადებდნენ. მეცხრე კოლონიის რაზმეულის უფროსი წერდა: "გულჩათხრობილი და ამაყია, სისტემატურად ხაზს უსვამს გარშემო მყოფებთან შედარებით თავის უპირატესობას. ჩადენილ დანაშაულს უარყოფს და თვლის, რომ მას ყველაფერი მოუწყვეს, განსხვავებული შეხედულებისა და რწმენის გამო. ამბობს, რომ მის მიმართ დანაშაული პროვოცირებულია. მის ხასიათში ნათლად გამოხატულია ნაციონალიზმის ნიშნები. კითხულობს მხოლოდ ქართულ ჟურნალ-გაზეთებს, რომლითაც ნათესავები ამარაგებენ. მეგობრობს მხოლოდ ქართველებთან, კითხულობს ქართულ ლიტერატურას და, ძირითადად, საუბრობს ქართულად..."

მიხეილ გორბაჩოვის დროს, 1986 წლის დეკემბერში, მერაბ კოსტავა სასჯელის მოსახდელად საქართველოში დააბრუნეს და ქსნის კოლონიაში მოხვდა. მაშინ გადაწყდა დისიტენტების გათავისუფლების საკითხი. იმ დროს #1 იზოლატორში სპეცნაწილის უფროსი ვიყავი და ციხეში პირველად შევხვდი ჩვენს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას. განკარგულება მივიღეთ, ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდისთვის გასამართლებულებს შეწყალებაზე განცხადება უნდა დაეწერათ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სახელზე და შეიწყალებდნენ. როგორც სპეცნაწილის უფროსი, ვალდებული ვიყავი, მათთვის ეს ინფორმაცია მიმეწოდებინა. მორიგეს ვთხოვე, პოლიტიკური ნიშნით მსჯავრდებულები კაბინეტში ამოეყვანა. ოთახში 4 პატიმარი შემოიყვანეს, მათ შორის - მერაბ კოსტავ, გაჭაღარავებული, წვერმოშვებული, გამხდარი, დაუძლურებული, ბოლომდე გამოჯანმრთელებულიც არც კი იყო. ოთახში აქეთ-იქით დადიოდა და ნერვიულობდა. აშკარად ეტყობოდა, გაბრაზებული იყო, საკნიდან ამოყვანის გამო და მიზეზი აინტერესებდა. ავუხსენი, რომ განცხადება უნდა დაეწერა დარჩენილი სასჯელის პატიებაზე, ეს რომ გაიგო, ძალიან ანერვიულდა და პირდაპირ მითხრა: "რა პატიების განცხადება უნდა დავწერო? უდანაშაულო ადამიანი ვარ, არავითარი დანაშაული არ მაქვს ჩადენილი ჩემი ხალხის, ერის და ქვეყნის წინაშე. ვის უნდა ვთხოვო პატიება და რატომ?!" კატეგორიულად მოითხოვა ისევ საკანში დაბრუნება. მას სხვებმაც მიბაძეს და შეწყალებაზე მათაც უარი თქვეს. შეხვედრის შემდეგ ოქმი შევადგინე და შესაბამის ორგანოს გადავეცი. საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, დისიდენტები შეწყალეს. მერაბ კოსტავას გათავისუფლების ბრძანებაში ჩაწერეს, მერაბ კოსტავამ შეიგნო თავისი დანაშაული, მოინანია და დაამტკიცა ეს თავისი კეთილსინდისიერი შრომით და ყოფაქცევით, ამიტომ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდანო, არადა, მისი პირადი საქმე სავსე იყო შეთითხნილი ბრალდებებით და იქ სულ დარღვევებზე იყო საუბარი. ხელისუფლებას, როგორც სჭირდებოდა, ისე იქცეოდა...

ციხიდან გამოსვლის შემდეგ გამსახურდიასთან ერთად 1987-1990 წლებში გამართულ თითქმის ყველა საპროტესტო აქციის ორგანიზატორი გახლდათ. 1989 წლის 9 აპრილს კვლავ დააპატიმრეს მიტინგის ორგანიზებისათვის. 40 დღის შემდეგ გაათავისუფლეს. პატიმრები ამბობდნენ, ციხეში ძალიან დადარდიანებული იყო და დატრიალებულ ტრაგედიას საშინლად განიცდიდაო. მერაბ კოსტავა ყველას უყვარდა. თანასაკნელებისგან ვიცი, ძალიან ბევრს კითხულობდა. საკანში უამრავი ფილოსოფიური, თეოლოგიური, ლიტერატურა ჰქონდა. საპყრობილეში ჩვეულებრივ პატიმრებთან, 15-კაციან საკანში იჯდა. ქვეყანა რომ აირია, მაშინ გადავწყვიტე მისი პირადი საქმე გადამერჩინა და ქსეროასლები გადამეღო. მართლა ზღვა მასალა იყო, უნიკალური ფაქტები. ერთ დღეს საქმე არქივიდან გამოვიტანე და სახლში წამოვიღე. არ ვიცი, ასე ოპერატიულად ეს ამბავი ვინ გაიგო. შრომა-გასწორების სპეცნაწილის სამმართველოს უფროსმა მეორე დღეს მომაკითხა და მითხრა, კოსტავას პირადი საქმე წამოგიღია და სასწრაფოდ უფროსს სჭირდებაო. ამ საქმის ქსეროასლების გადაღება ვეღარ მოვასწარი, სულ რამდენიმე დოკუმენტი მქონდა გადაღებული და მხოლოდ ეს შემომრჩა. საქმე გადავეცი იმ იმედით, რომ ისევ შევძლებდი ამ საქმის ხელში ჩაგდებას და ასლების გადაღებას, მაგრამ ამ ფაქტიდან მეორე დღეს, შევჩენკოს ქუჩაზე, შს სამინისტროს არქივს ცეცხლი გაუჩნდა. მერე, მერაბ კოსტავას საქმე რომ მოვიძიე, მითხრეს, სხვა დოკუმენტებთან ერთად კოსტავას საქმეც იქ დაიწვაო. სამწუხაროდ, სულ რამდენიმე გვერდი შემომრჩა და შემდეგ ეს არქივს გადავეცი.

პირადად სულ ორჯერ მყავდა ნანახი, ერთხელ ციხეში და მეორედ - თავისუფლებაში. მაგრამ მისი პირადი საქმე და მასთან შეხვედრა ადასტურებდა, როგორი ვაჟკაცური სულის, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ეროვნული გმირი გვყავდა ქართველებს. 1978 წლის 13 ივნისს აშშ-ის სენატი 90 ხმით 1-ის წინააღმდეგ შეუერთდა ნორვეგიის, ბელგიისა და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტართა ჯგუფს და მერაბ კოსტავა, სხვა დისიდენტებთან ერთად, მაშინ წარადგინეს მშვიდობის განმტკიცებაში ნობელის პრემიაზე; 1985 წელს აშშ-ის კონგრესის ევროპის "უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის" კომისიამ კოსტავა, სხვა დისიდენტებთან ერთად, განმეორებით წარადგინა მშვიდობის განმტკიცებაში ნობელის პრემიაზე. 1979 წელს საერთაშორისო ორგანიზაციამ ჯერ პოლიტპატიმრად, ხოლო 1985 წელს - სინდისის პატიმრად აღიარა.

(სპეციალურად საიტისთვის)