”განა შვილმოკლული მამა მოწმედ დაუდგება შვილის სიკვდილში ბრალდებულ კაცს, სიმართლეში რომ არ იყოს დარწმუნებული?” - კვირის პალიტრა

”განა შვილმოკლული მამა მოწმედ დაუდგება შვილის სიკვდილში ბრალდებულ კაცს, სიმართლეში რომ არ იყოს დარწმუნებული?”

ამბავი, რომელსაც ახლა მოგითხრობთ, ალბათ, უპრეცედენტოა. სტრასბურგის სასამართლოში ერთი და იმავე მოთხოვნით მსჯავრდადებულთან ერთად საჩივარს დაზარალებულიც გზავნის(?!).

წერილი ციხიდან

"მთელი სიცოცხლე კანონმორჩილი მოქალაქე ვიყავი და სამშობლოს პირნათლად ვემსახურებოდი. დაპატიმრებამდე თავდაცვის სამინისტროს ოფიცერი გახლდით. როდესაც ჩემს სამშობლოს დასჭირდა, ერთი წუთითაც არ დავფიქრებულვარ, ისე წავედი ომში და ვიცავდი საქართველოს ღირსებასა და ტერიტორიულ მთლიანობას. რაც ყველაზე შემაძრწუნებელია, ბრალი დამდეს ჩემი ახლო მეგობრის, სამხედრო ოფიცრის, გიორგი დარბაიძის სიკვდილში.

2008 წლის 30 აპრილს მე და ჩემი მეგობარი გიორგი დარბაიძე, რომელიც ავტომობილ "ოპელ-კორსას" მართავდა, ქუთაისში ბალახვნიდან ავტოქარხნისკენ მივდიოდით. დაახლოებით საღამოს 22.00 საათზე აღმაშენებლისა და ნინოშვილის გადაკვეთაზე დაგვეჯახა საპირისპირო მხრიდან მომავალი ავტომანქანა "მერსედეს-ბენცი", რომელსაც ნასვამი ალექსანდრე მარგველაშვილი მართავდა.

გარდაიცვალა საჭესთან მჯდომი გიორგი დარბაიძე, მე კი დავშავდი. "მერსედესის" მძღოლი ალექსანდრე მარგველაშვილი მიიმალა. ალბათ, სიზმარშიაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ საქმეზე ალექსანდრე მარგველაშვილის გარდა სხვა ვინმეს ბრალდებაზე იქნებოდა ლაპარაკი. ალექსანდრე მარგველაშვილი ორი დღის შემდეგ გამოცხადდა იმერეთის საპატრულო პოლიციაში და თან ახლობლების მეშვეობით სცადა მოლაპარაკება გარდაცვლილ გიორგი დარბაიძის ოჯახთან. უარი რომ უთხრეს, მარგველაშვილმა პროკურატურისა და ექსპერტიზის დახმარებით დაიწყო საქმის "მოგვარება".

ავტოსაგზაო შემთხვევა 2008 წლის 30 აპრილს მოხდა, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში დაიწერა, მაშინ როცა ცხინვალში ვიბრძოდი. დასკვნაში დადანაშაულებულია "ოპელ-კორსას" მძღოლი, საჭესთან კი სრულიად მოულოდნელად მე "დამსვეს". საოცარი ის არის, რომ მანქანის ტარება არ ვიცი და არც მართვის მოწმობა მქონია ოდესმე.

მივხვდი, მარგველაშვილმა საქმე პროკურატურაში და ექსპერტებთანაც მოაგვარა. სწორედ ამიტომ გააჭიანურეს ექსპერტიზის ჩატარება. დამიბარეს საპატრულო პოლიციაში, სადაც დამხვდა საქმის ზედამხედველი პროკურორი ლევან ზალკანიანი და განმიცხადა, ექსპერტიზის დასკვნას უნდა დაეთანხმო და აღიარო ჩაუდენელი დანაშაულიო. თუ ასე მოვიქცეოდი, საპროცესო გარიგებას გამიფორმებდნენ, თუ არა და ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ ჩემთვის მსჯავრი დაედოთ.

ლევან ზალკანიანმა "სიტყვა"  შეასრულა, რადგან პროკურატურის წინადადებას არ დავთანხმდი. ამ საქმეზე ორი ალტერნატიული ექსპერტიზა ჩატარდა და დამნაშავედ მიიჩნიეს ალექსანდრე მარგველაშვილი, მაგრამ არც ერთმა ინსტანციის სასამართლომ ეს ვერ გაიზიარა პროკურატურის აშკარა ზეწოლის გამო. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ პროკურატურამ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენამდე რამდენჯერმე შემომთავაზა საპროცესო შეთანხმება აღიარების სანაცვლოდ, თანაც უჯარიმოდ(?!).

აქამდე ყველაზე ფასეული ამ ქვეყანაზე თავისუფლება მეგონა, მაგრამ თავისუფლების ფასადაც ვერ შევძელი ჩაუდენელი დანაშაულის "აღიარება". იმ სასჯელსაც გავუძლებ, რაც უსაფუძვლოდ მომისაჯეს, მაგრამ ვერაფერი მოვუხერხე უსამართლობის განცდას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ჩემი საკასაციო საჩივარი არც კი განიხილა, სასამართლოს პრაქტიკის განვითარებისთვის არ არის საინტერესოო(!). ამრიგად, უდანაშაულობის დამტკიცების ბოლო შანსი მომესპო.

ქუთაისის #2 სასჯელაღსრულებითი დაწესებულების პატიმარი, მსჯავრდადებული გრიგოლ ვარდოსანიძე".

მერაბ დარბაიძე, გარდაცვლილი გიორგი დარბაიძის მამა: "ავტოტექნიკური ექსპერტიზა 48 საათში ინიშნება, მაგრამ ამ შემთხვევაში რატომღაც სამი თვის შემდეგ, 2008 წლის ივლისში დანიშნეს, დასკვნა კი გაგანია აგვისტოს ომის დროს დაწერეს. ჩემდა გასაოცრად, ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე "ოპელის" მძღოლი აღმოჩნდა, "მძღოლად" კი მართვის უცოდინარი გრიგოლ ვარდოსანიძე მონათლეს! იძულებული გავხდით დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება მოგვეთხოვა. ამ დასკვნის მიხედვით დამნაშავეა "მერსედესის"  მძღოლი. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ საქმეზე თავად გამოძიებამ დანიშნა  მესამედ საკომისიო ექსპერტიზა, რომლის ჩატარება დაევალა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებს. მათ ვეღარ გაბედეს გაემართლებინათ მძღოლი მარგველაშვილი და გააფორმეს აქტი დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ. ისმის კითხვა:

პირველი ექსპერტიზით რატომ შეიძლებოდა დასკვნის გაცემა და "ოპელის" მძღოლის გამტყუნება, როცა კომისიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ იმ მასალებით, რაც საქმეშია, თურმე შეუძლებელია დასკვნის გაცემა? ამ აბსურდის დასასრული კი ის არის, რომ ჩაუდენელი დანაშაულისთვის უდანაშაულო კაცი იხდის სასჯელს. სად გააქრო გამოძიებამ ჩემი გარდაცვლილი შვილის ტანსაცმელი? დაკარგეს! რომ არ დაეკარგათ, ფეხსაცმელზე იქნებოდა პედლების ანაბეჭდი. ვარდოსანიძის ტანსაცმელს ჩაუტარეს ექსპერტიზა და "დაადასტურეს", რომ მძღოლის სავარძლიდან ამოღებული ტანსაცმლის ბოჭკოები იდენტური იყო ვარდოსანიძის ტანსაცმლის ბოჭკოებისა! ვარდოსანიძე და დარბაიძე, ორივე, სამხედროები იყვნენ და იმ დღეს ორივეს ერთნაირი ტანსაცმელი ეცვა.

როცა ქვეყანა შევძარი, ერთ-ერთმა დიდჩინოსანმა სამართალდამცველმა მითხრა, რა გაყვირებს, შენი შვილი ხომ არ არის დამნაშავე, რა მნიშვნელობა აქვს შენთვის, დამნაშავე ვარდოსანიძე იქნება თუ მარგველაშვილიო.  ბევრი ვიბრძოლე უდანაშაულო კაცის გადასარჩენად, მაგრამ ამ ქვეყანაში სამართალი არ ყოფილა. არ შემიძლია მშვიდად ვუყურო, როდის დაუმთავრდება სასჯელის ვადა ჩემი შვილის სიკვდილში ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დადანაშაულებულ ადამიანს!  ჩემი შვილი საჭესთან კონტაქტით იყო გარდაცვლილი, ჩემი თვალით ვნახე მის გულმკერდზე აღბეჭდილი საჭის ნაჭდევი. განა შვილმოკლული მამა მოწმედ დაუდგება შვილის სიკვდილში ბრალდებულ კაცს, სიმართლეში რომ არ იყოს დარწმუნებული? იმასაც ვითხოვდი, დააბრალეთ ჩემს შვილს, ოღონდ ნუ დასჯით უდანაშაულოს-მეთქი... იძულებული ვარ სტრასბურგში გავასაჩივრო.

ლია მუხაშავრია, ადვოკატი: "არ მაგონდება საქმე, სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი პატიმართან ერთად დაზარალებულსაც გაგზავნოს და თანაც ერთი და იმავე მოთხოვნით. ვფიქრობ, ეს საქმე უპრეცედენტოა. გამაოცა გარდაცვლილის მამის თავდადებამ, შვილი გარდაცვლილი ჰყავს, მაგრამ რკინის ქალამნები ჩაიცვა და ცდილობს სიმართლის დადგენას.

საქმეში რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი საექსპერტო დასკვნაა. სასამართლო ვალდებული იყო, დაესაბუთებინა, რატომ დაეყრდნო ერთს და უარყო სხვები. ევროკონვენციის მუხლების  დარღვევა სწორედ ეს არის. დაზარალებულმა მხარემ უნდა მიიღოს სრულყოფილი განმარტება გარდაცვალების მიზეზებზე. ამ შემთხვევაში კი პირიქით არის, დაზარალებულის ოჯახს არ სჯერა, რომ პასუხისგებაში სწორედ ის პირია მიცემული, ვინც დანაშაული ჩაიდინა.

ვარდოსანიძის ბრალეულობა განაჩენით არ იკვეთება, მეტიც, დარბაიძის სიკვდილის მიზეზი ახსნილიც კი არ არის. თუ მგზავრი იყო, მაშინ მის გულმკერდზე დაზიანებები რა საგნით არის მიყენებული? სასამართლომ გვერდი აუარა ამ მთავარ საკითხს და ეს აუცილებლად გახდება ევროსასამართლოს ყურადღების საგანი, რაც ჩვენს სასამართლოს კიდევ ერთ წაგებულ საქმედ დაუბრუნდება.