"მოსამართლეთა კლანმა მთელ ქვეყანას სილა გააწნა" - კვირის პალიტრა

"მოსამართლეთა კლანმა მთელ ქვეყანას სილა გააწნა"

26 მაისს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია აქციის ფონზე გაიმართა. აქციის მონაწილეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ახალი კანდიდატების არჩევას აპროტესტებდნენ, თუმცა ამ პროტესტის მიუხედავად, ოთხი მოსამართლე - ბადრი შონია, თემურ გოგოხია, ლევან მიქაბერიძე და გოჩა აბუსერიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მაინც გახდნენ. ამ არჩევას წინ უსწრებდა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების განცხადებებიც. ისინი მოითხოვდნენ, რომ მანამ, სანამ შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულება არ შესრულდებოდა, ახალი წევრების არჩევა შეჩერებულიყო.

შეკრებილების პროტესტს ლევან მურუსიძე გამოეხმაურა: "არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სასამართლოს საკითხებზე მუშაობენ და ამისთვის დაფინანსებას იღებენ, ჯანსაღად კი არ აკრიტიკებენ მოსამართლეებს, არამედ მათ ბულინგს ამჯობინებენ, ეძახიან კრიმინალებს, აყენებენ შეურაცხყოფას. წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს ასე ექცეოდე და ამისთვის ფულს იღებდე", - თქვა ჟურნალისტებთან ლევან მურუსიძემ.

იურისტი ლია მუხაშავრია თვლის, რომ ახალი მოსამართლეების არჩევით ქვეყანაში მოსამართლეთა კლანი განმტკიცდა.

- 26 მაისს, ასეთ საზეიმო თარიღს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაამთხვია მოსამართლეთა კლანმა ახალი მოსამართლეების არჩევა და ამ ნაბიჯით მთელ ქვეყანას სილა გააწნა. თქვა, არ მაინტერესებს არავის აზრი, ჩვენსას მაინც გავიტანთო და გაიტანეს კიდეც. ამ ფაქტის შემდეგ ისინიც კი, ვისაც არ სჯეროდა, რომ მოსამართლეთა კლანი არის ძალიან სახიფათო და საშიში, ალბათ, დარწმუნდა, რომ ეს ადამიანები ისე კარგად არიან ორგანიზებული, რომ არაფრით ჩამოუვარდებიან კრიმინალურ დაჯგუფებას. ისინი აკონტროლებენ მოსამართლეებს და გარეშე პირისთვის შეუძლებელია მათ რიგებში შეღწევა. ახლა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება ახალი წევრებით, რომლებიც კლანის გავლენას განიცდიან, ნიშნავს, რომ ეს სისტემა საბოლოოდ ჩაიკეტა.

თუ პოლიტიკაში რევოლუციური ცვლილება არ მოხდა, რადიკალურად არ შეიცვალა ხელისუფლება და არ მოვიდა ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც კარგად ესმის, რას ნიშნავს სასამართლოს დამოუკიდებლობა, არაფერი გვეშველება.

იმედია საერთაშორისო საზოგადოებრიობა ამ ძალიან საშიშ პროცესებში ჩაერევა. თუ სასამართლო არ არსებობს, აღარც სახელმწიფო არსებობს. და ეს ყველაფერი დამოუკიდებლობის მოპოვების 30-ე წლისთავზე მოხდა.

- რიგგარეშე კონფერენციას წინ უძღოდა საერთაშორიო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის მითითება, როგორმე გადაევადებინათ არჩევის პროცესი. რატომ არ გაუწია მათ ანგარიში ხელისუფლებამ? - "ქართული ოცნება" სულ სხვა, არასახელმწიფოებრივ საკითხებზე ფიქრობდა და შესაძლებლობა მისცა მოსამართლეთა კლანს, განემტკიცებინა თავისი მდგომარეობა. დიპლომატიურ კორპუსს არ უთქვამს, არჩევნები ერთი-ორი წლით გადადეთო. თქვეს, გადადეთ მანამ, სანამ არ განხორციელდება სასამართლო რეფორმა და არ გაუმჯობესდება მდგომარეობაო, მაგრამ მოსამართლეთა კლანი ისეა დარწმუნებული თავის ძლიერებაში, ანგარიში არავის გაუწიეს. კითხვაზე, რატომ არ გაითვალისწინეს დიპლომატების მოწოდება, თქვეს, თუ იუსტიციის საბჭო არ დაკომპლექტდება ახალი წევრებით, უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს ვერ შეასრულებს, მაგალითად, ვერ დაამტკიცებს ბიუჯეტსო. შუა წელიწადში რომელი ბიუჯეტი მტკიცდება? ახალი მოსამართლეებით უზენაესი სასამართლოს სასწრაფოდ შევსებაც არ არის აუცილებელი, რადგან უზენაეს სასამართლოში არის საკმარისზე მეტი მოსამართლე, რომ იქ საქმეების განხილვა წარიმართოს. ამის მიუხედავად, ვერავინ სთხოვს მათ პასუხს იმისთვის, რომ საქმის განხილვის დროს საპროცესო ვადებს კატასტროფულად არღვევენ. სად გინდა უჩივლო უზენაეს სასამართლოს?! თუ ასე გააგრძელეს, პოლიტიკური ხელისუფლების მიტაცებას და სხვა შტოების დაპატრონებასაც ეცდებიან და შეძლებენ კიდეც. მდგომარეობა მართლაც კატასტროფულად საშიშია. ვისაც ეს არ ესმის, დროა, გონს მოეგოს. შეიძლება ამას სახელმწიფო გადაჰყვეს, რადგან ეს არის სისტემური, სახელმწიფოებრივი პრობლემა და ამ ქვეყანაში დემოკრატიას არ უწერია წინსვლა, თუკი სასამართლო ხელისუფლება ერთ მუშტად შეკრული კლანის ხელში დარჩება.

გავოცდი, როცა მოვისმინე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები როგორ გამოხატავდნენ სიხარულს იმის გამო, რომ ნაზი ჯანეზაშვილს ვადა ეწურება. მიუხედავად იმისა, რომ ნაზი ჯანეზაშვილი იყო უმცირესობაში, მაინც ხმალამოღებული იბრძოდა და აკეთებდა იმაზე მეტს, რაც ერთმა ადამიანმა შეიძლება გააკეთოს. ახლა კი ერთადერთი განსხვავებული წევრის ხმის გაგონებაც აღარ უნდათ. მათ სრულად აქვთ ოკუპირებული ყველა ინსტანცია, განსაკუთრებით - უზენაესი სასამართლო. უზენაეს სასამართლოში მიიღება საბოლოო გადაწყვეტილებები. მერე სტრასბურგში უნდა წახვიდე და იქ, 10 წლის ლოდინის შემდეგ რომ დაამტკიცებ სიმართლეს, აქ მაინც არაფერი იცვლება. ამდენი ხნის განმავლობაში უამრავი რამ შეიძლება მოხდეს. ადამიანები ბრძოლის ინტერესსაც კი კარგავენ...

თეა ხურცილავა