რას ჰყვება შატილის ტრაგედიის თვითმხილველი - კვირის პალიტრა

რას ჰყვება შატილის ტრაგედიის თვითმხილველი

"ბევრჯერ შევსწრებივარ უბედურ შემთხვევას, მაგრამ მსგავსი არაფერი მინახავს"

ტრაგედია, რომელმაც საქართველო შეძრა, გასული წლის 23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოსთან დატრიალდა და ისტორიაში შატილის ტრაგედიის სახელით ჩაიწერა. ავტოავარიაში 17 კაცი დაიღუპა (მათ შორის ერთი კანადის მოქალაქე). სასწაულებრივად გადარჩა, თუმცა მძიმედ დაშავდა 3 გოგონა: - ნატალია თხელიძე, ხატია დევსურაშვილი და ხათუნა არღვლიანი, რომელთაც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდნენ.

პროკურატურამ ტურისტული კომპანია შპს "თრეველ ჯის" დირექტორს შალვა ბოლოთაშვილსა და დაქირავებული მიკროავტობუსის მესაკუთრე გოჩა გოგილაშვილს ბრალი წაუყენა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 23 აგვისტოს შატილიდან თბილისში დაბრუნებისას სატრანსპორტო საშუალების წინა სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობის გამო მიკროავტობუსი ჯერ გზაზე მდგარ ავტომანქანას შეეჯახა, შემდეგ კი ხევში ჩავარდა. ტექნიკური მახასიათებლით დადგენილი 15 მგზავრის ნაცვლად, სატრანსპორტო საშუალებას 19 მგზავრი გადაჰყავდა. მიკროავტობუსში კუსტარულად იყო დამონტაჟებული სავარძლები, მგზავრთა უსაფრთხოების ღვედები კი დამაგრებული იყო მავთულებით. მიკროავტობუსს არც ტექნიკური ინსპექტირება ჰქონია გავლილი. შემთხვევის თვითმხილველი "კვირის პალიტრას" ნანახსა და განცდილზე უამბობს:

- ეს ამბავი არმისული სოფელ ბისომდე 1 კილომეტრში მოხდა. იმ მონაკვეთს გერეგოს ვეძახით. ეტყობა, მძღოლი გამოუცდელი იყო და არც გზა იცოდა კარგად. ითქვა, მიკროავტობუსიც გაუმართავი იყოო. მძღოლს მანქანა კლდისთვის რომ შეეჯახებინა, ასეთი სიმძიმის ტრაგედია არ დატრიალდებოდა. პირველად მეგზევე მუშები ჩავიდნენ ხევში. მიკროავტობუსი ჯერ მათ მანქანას დაეჯახა, გადააგდო და თან გადაჰყვა, 80 მეტრამდე სიმაღლის ხევში. მძღოლს საჭე ოდნავ მარჯვნივ რომ აეღო, ტროსებს დაეჯახებოდა, პირიქით, მარცხნივ აიღო და მანქანას დაეჯახა.

- მუშების შემდეგ თქვენ ჩასულხართ ხევში... - საშინელი სანახაობა დაგვხვდა - ოთხი კაციღა იყო ცოცხალი. ერთმა მომაკვდავმა წყალი ითხოვა. იქვე პლასტმასის თასი ეგდო და მდინარის წყალი მივუტანე და მოსასულიერებლად სახეზე მოვუსვი. მანქანიდან კვნესა და გმინვა ისმოდა... სამივე გოგონა, მანქანაში იყო, მეოთხე, მომაკვდავი, გარეთ. მიკროავტობუსი გვერდულად ეგდო და ამოყვანამდე ერთ-ერთი მანქანაზევე დავაწვინეთ, მერე მეორეს მივხედე, ვინც წყალი ითხოვა, და უკვე დაღუპულიყო. ყველანი სისხლიანები იყვნენ. ყველაზე ყოჩაღად ხატია დევსურაშვილი იყო. სანამ სამაშველო და სასწრაფო დახმარება მოვიდოდა, ორი ჩვენ ამოვიყვანეთ ხევიდან, მესამეს ამოყვანაში სამაშველო სამსახური გვეხმარებოდა. სამივე ისე იყო დაშავებული, მათი გადარჩენა ძნელად წარმოგვედგინა.

- პირველი "სასწრაფო" გუდაურიდან მოვიდა. ოპერატიულობის შემთხვევაში იმ მეოთხის გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა? - "სასწრაფო" იქვე რომც მდგარიყო, მგზავრების უმეტესობა უკვე დაღუპული იყო. ის ქალიც, წყალი რომ მოითხოვა, ჩვენი ჩასვლიდან 10 წუთში გარდაიცვალა. გუდაურის "სასწრაფოს" ექიმს შოთა ერქვა (გვარი არ მახსოვს), ოპერატიულად და სწორად მოქმედებდა. გოგონების გარდა, მიკროავტობუსში სამი მამაკაცი იყო მკვდარი: მძღოლი, გიდი და დავით სისაური. დანარჩენები გარეთ იყვნენ გადმოცვენილი. მიკროავტობუსი რომ გადავაბრუნეთ, მის ქვეშ 5 მგზავრი იყო მოყოლილი.

ბევრჯერ შევსწრებივარ უბედურ შემთხვევას, მაგრამ მსგავსი არაფერი მინახავს.

მეორე დღეს, იმავე დროს მივედი შემთხვევის ადგილას. მანქანების ამოჰყავდათ. ის დრო იყო, როცა მზე ხევს ეფარება. ამ დროს მზე ისე მაგრად ურტყამს, სამზეური უნდა ჩამოსწიო, თორემ ვერც გაიგებ, სად ხარ, თუ არ იცი, რომ მოსახვევია. სავარაუდოდ, მძღოლმა ისიც ვერ გათვალა, რომ სახიფათო მოსახვევში იყო.

- მანამდე ამ სახიფათო მონაკვეთზე თუ ყოფილა მსგავსი შემთხვევა? - ეს მესამე შემთხვევაა. წლების წინ 2 მანქანა გადავარდა, ერთი "ვოლგა-21", რომელშიც ცოლ-ქმარი იჯდა, ხოლო მეორე სატვირთო მანქანა იყო. ორივე შემთხვევაში ცოცხალი არავინ დარჩენილა. ის დიდი მანქანაც ზევიდან მოდიოდა, "ვოლგა" კი ქვევიდან და ბისოს მხარეზე გადავარდა. ადრე სოფელ ხახმატშიც მოხდა ორი უბედური შემთხვევა - ჩვენ თვალწინ ხევში ტრაქტორი გადაიჩეხა, მეორეჯერ პოლონელი თავდაცვის გენერალი - მგზავრები ფხიზლები იყვნენ, საბედნიეროდ, გადარჩნენ. გელა დაიაურის შემთხვევა სოფელ ხონეში, მუცოდან 12 კილომეტრში მოხდა...

- შატილის ტრაგედიის დროს გადარჩენილ გოგონებს აქვთ თურმე კონტაქტი ხევსურეთთან... - ხახმატის წმინდა გიორგის სალოცავი მოილოცეს, შემთხვევის ადგილზეც იყვნენ. აღდგომის დღესასწაულზეც ვიღაც ამოსულა, შემთხვევის ადგილას პასქა და წითელი კვერცხი დაუწყვია და დიდ ქვაზე სანთელი დაუნთია.