ანდრია ჯაღმაიძე: "რაც ხდება ბავშვთა სახლის გარშემო, არის სრული ისტერია!" - კვირის პალიტრა

ანდრია ჯაღმაიძე: "რაც ხდება ბავშვთა სახლის გარშემო, არის სრული ისტერია!"

"სახალხო დამცველის დიდი შეცდომა იყო, როცა სიტყვა გაუპატიურება ახსენა. ახლა ბავშვები მძიმე ფსიქიკურ ზეწოლას განიცდიან. იქ არის ბევრი ჟურნალისტი, რომლებიც ძვრებიან ღობეებზე და ამის გამო ბავშვები არიან სტრესულ მდგომარეობაში, რამდენიმე დღეა, სკოლაშიც ვერ მიდიან, რადგან მათ ჟურნალისტები ჭიშკართანაც ხვდებიან და ეკითხებიან, ხომ არ არის მათზე სექსუალური ძალადობა..."

ნინოწმინდის პანსიონის გარშემო მღელვარება ყოველდღე იმატებს. კარგა ხანია, სახალხო დამცველი და ბავშვთა უფლებადამცველები აპროტესტებენ ფაქტს, რომ მათ პანსიონში არ უშვებენ... 2 ივნისს სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარ სავარაუდო დანაშაულებრივ ფაქტებზე გენპროკურატურიდან და შსს-დან გამოთხოვილი ინფორმაცია გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ 2016-2021 წლებში ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება. "გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის სამ ფაქტზე და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე. ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატს არ აქვს დეტალური ინფორმაცია სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების, მათი მონაწილე პირებისა და გარემოებების, ასევე ჩატარებული და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ. საკითხის დაზუსტების მიზნით სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა პასუხისმგებელ უწყებებს", - განაცხადეს სახალხო დამცველის აპარატში.

ამ განცხადებას დიდი ხმაური მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, აქტივისტები და პოლიტიკოსები პროკურატურასთან შეიკრიბნენ... აქციის მონაწილეებმა პროკურატურის შენობაში შეღწევაც სცადეს, მაგრამ სამართალდამცავებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. ძალოვანებმა რამდენიმე აქტივისტიც დააკავეს, თუმცა ისინი მალევე გაათავისუფლეს.

შს სამინისტრომ ყველა მედიასაშუალებას მოუწოდა, თუ აქვთ გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაცია, ითანამშრომლონ მათთან, რაც ხელს შეუწყობს გამოძიების სწრაფად და ობიექტურად წარმართვას. უწყებამ დაადასტურა, რომ ოთხ საქმეზე მართლაც მიმდინარეობს გამოძიება.

ბოლო დროს ატეხილი ხმაურის შემდეგ, როგორც იქნა, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა პანსიონატში შესვლა მოახერხეს და იქიდან ექვსი ბავშვი გამოიყვანეს. ისინი მინდობით აღზრდის პროგრამაში არიან ჩართული. ბავშვებთან მუშაობენ სოცმუშაკები და ფსიქოლოგები... ამჟამად მუშაობენ კიდევ 10 ბენეფიციარის გადაყვანის საკითხზე. დღეისთვის პანსიონში 6-დან 18 წლამდე ასაკის 47 ბენეფიციარი ირიცხება.

საქმეში ჩაერთვნენ რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები და სამართალდამცავები, ნინოწმინდაში ჩავიდნენ "ქართული ოცნების" დეპუტატებიც - შალვა პაპუაშვილი და ბექა დავითულიანი.

"უპირველესი არის ბავშვის ინტერესი. მშვიდ გარემოში უნდა შევისწავლოთ მათი მდგომარეობა", - ამბობს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და პრობლემის მოგვარებამდე ნინოწმინდაში დარჩენას აპირებს...

"ჩანაწერში ბავშვები ამბობენ, რომ დედას და მამას, ოჯახს მონატრებულებს ჰპირდებოდნენ, რომ შესაბამისი ინტერვიუების სანაცვლოდ მათ წაიყვანდნენ მშობლების სიახლოვეს"

ნინოწმინდის პანსიონში ჩავიდა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. მას რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- მამა ანდრია, თქვენ იყავით შემთხვევის ადგილზე, ვხედავთ, როგორი მძიმე ბრალდებები ისმის. რა ვითარება დაგხვდათ პანსიონში?

- რაც ხდება ბავშთა სახლის გარშემო, ეს არის სრული ისტერია და გადამეტებული დაძაბულობა. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ სახალხო დამცველმა დაასახელა ბავშვების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით აღძრული საქმეები და მისი ძალიან დიდი შეცდომა იყო, როცა სიტყვა გაუპატიურება ახსენა. ამ ნათქვამის მრავალგვარი ინტერპრეტაციის გამო ახლა ბავშვები მძიმე ფსიქიკურ ზეწოლას განიცდიან. იქ არის ბევრი ჟურნალისტი, ისინი ძვრებიან ღობეებზე და ამის გამო ბავშვები არიან სტრესულ მდგომარეობაში, რამდენიმე დღეა, სკოლაშიც ვერ მიდიან, რადგან მათ ჟურნალისტები ჭიშკართანაც ხვდებიან და ეკითხებიან, ხომ არ არის მათზე სექსუალური ძალადობა. ეს საშინელი მდგომარეობაა. მერწმუნეთ, ამ მძიმე ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ აქვს.

ყველა საქმეს თავად გავეცანი. ერთგან იყო ნათქვამი, თითქოს ბავშვები ამბობენ, რომ პედაგოგების მხრიდან არის შევიწროება და ირღვევა მათი უფლებები. ამის გამო აღიძრა საქმე, მაგრამ როცა ეს ბავშვები გამოიკითხნენ, გაირკვა, რომ მათ იცრუეს, რადგან უნდოდათ, ამ გზით მშობლები ეიძულებინათ, ისინი აქედან წაეყვანათ. კიდევ ერთ საქმეში საუბარია, თითქოს ბავშვს ძალით ასმევდნენ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, თუმცა არც ეს ფაქტი დადასტურდა. საქმეში არსებობს ექიმის დასკვნა, ჩანს ეს წამლები, რომელთაც ბავშვი იღებდა და ისინი სწორედ ექიმის დანიშნული იყო.

ესენი არიან სოციალურად დაუცველი ბავშვები, მშობლებს მოშორებული იმის გამო, რომ ოჯახი ვერ ახერხებს მათ გაზრდას. ეს ფაქტი თავისთავად არის ტრავმა ბავშვისთვის, ამიტომ ის დამოკიდებულება, რასაც ახლა მედია იჩენს, შემაშფოთებელია. ეს არის ბავშვთა ინტერესების იგნორირება. ფაქტობრივად, ბავშვები იგერიებენ ეზოში გადამძვრალ ჟურნალისტებს, რომლებიც მათ ზომბებს ეძახიან.

რაც შეეხება მესამე საქმეს, განაცხადი გაკეთდა გაუპატიურებაზე, რასაც მოჰყვა შესაბამისი ექსპერტიზა და აღმოჩნდა, რომ ესეც ტყუილი იყო, არც ეს ფაქტი დადასტურდა.

- გაუპატიურების საქმეში ბავშვი კონკრეტულ პირს ამხელდა, ამბობდა, რომ მასზე დარაჯი ძალადობდა. - ეს ბავშვი ყოფილი ბენეფიციარია, რომელმაც პანსიონიდან წასვლის მერე თქვა, თითქოს ის დარაჯმა გააუპატიურა. საქმე გამოიძიეს და დადასტურდა, რომ ესეც ტყუილია. ასეთ ტყუილზე ამხელა ისტერიის აგება და ასეთი ზეწოლა უსამართლობაა. 25 წელია, ეს ბავშვთა სახლი არსებობს. როცა უკიდურესად მძიმე მდგომარეობა იყო ქვეყანაში, მაშინ შეიქმნა.

1997 წლიდან ქუჩა-ქუჩა შეგროვებული, გაჭირვებული ბავშვები შეიფარა ეკლესიამ, ამ თავშესაფარში მისცა ბინა, განათლება. 25 წლის განმავლობაში ოთხი ძალიან საეჭვოდ აღძრული საქმეა, რომელთა დასაბუთება და მტკიცებულებებით გამყარება ვერ ხერხდება. ამდენი სიკეთის შემდეგ დაიწყო პანსიონის და მთელი ეკლესიის დისკრედიტაცია. რა თქმა უნდა, ნორმალურია, საქმე რომ აღიძრა, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ბრალდება არ დადასტურდა, ჟურნალისტებმა კი სხვადასხვა ინტერპრეტაციისას სიტყვა სავარაუდო ამოიღეს და ახლა მედია ლაპარაკობს გაუპატიურებაზე, ეს დანაშაულია!

მე ვნახე ეს ბავშვები, ვესაუბრე. ისინი არიან ძალიან კარგ პირობებში, იღებენ განათლებას, აქვთ სმარტფორმები, ინტერნეტი, კომპიუტერები... მე გადავიღე ჩვენი მათთან შეხვედრა და მაქვს ეს ჩანაწერი, მაგრამ ვეცდები, ისე დავასაბუთო ჩემი ნათქვამი, რომ ამ კადრების ჩვენება არ დამჭირდეს.

ჩანაწერში ბავშვები ამბობენ, რომ დედას და მამას, ოჯახს მონატრებულებს ჰპირდებოდნენ, რომ შესაბამისი ინტერვიუების სანაცვლოდ მათ წაიყვანდნენ მშობლების სიახლოვეს. წარმოგიდგენიათ, ეს რას ნიშნავს? რამხელა საცდურის წინაშე იდგა ბავშვი, როდესაც ტყუილს ამბობდა!

- ამას მათ ვინ ჰპირდებოდა? - არ მინდა დავაკონკრეტო, რადგან არ მინდა, ვიღაცები უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო. ჯობია, გონს მოეგონ. ამ დღეებში ისედაც ნათელი უნდა მოეფინოს ამ ფაქტებს და საზოგადოება დაინახავს, რა მანქანა შეიძლება ამოქმედდეს, რომ ეკლესიის დისკრედიტაცია გამოიწვიოს.

- რატომ არ უშვებს მეუფე სახალხო დამცველს პანსიონში, თვითონ რას ამბობს ამაზე? - სახალხო დამცველმა ახლაც გამოავლინა, როგორი მიკერძოებულია. რაც მან გააკეთა, ძალიან უხეში შეცდომაა. ის არ ითვალისწინებს იმ ბავშვების მდგომარეობას, რომლებიც იქ სწავლობენ, იმ მშობლების უფლებებს, რომლებიც არასახარბიელო სოციალური მდგომარეობის გამო ატარებენ ამ ტვირთს და მათ სიმძიმეს უმატებს, ეს კი ფსიქიკურად აზიანებს ბავშვებს. მიკერძოებული განცხადებების გამო მეუფე წინააღმდეგია, რომ მას ბავშვებთან ჰქონდეს ურთიერთობა. სოციალური მუშაკები კი მივიდნენ, იქ არიან, დარჩნენ ღამითაც, ესაუბრებიან ბავშვებს, იცხოვრებენ მათთან და ვითარებას კარგად გაეცნობიან.

- ამ ხმაურამდე არც სოცმუშაკებს უშვებდნენ პანსიონში, რატომ?

- სოციალური მუშაკები შედიოდნენ, ოღონდ პანდემიის გამო შეზღუდვა იყო და გეგმის მიხედვით, ინტერნეტით ჰქონდათ ურთიერთობა კვირაში ორჯერ. პრობლემა არის დამოკიდებულება, რომელიც სახალხო დამცველისადმი ჩამოყალიბდა. დრო დასჭირდება, გამოსავალი რომ მოიძებნოს. მეუფე მიუღებლად მიიჩნევს, ასეთი ფასეულობების მხარდამჭერ ორგანიზაციას ბავშვებთან ჰქონდეს ურთიერთობა, იმ ბავშვებთან, რომლებიც სრულიად სხვა, ქრისტიანული ფასეულობებით იზრდებიან. ამაზეც შეიძლება სამართლებრივი მსჯელობა ისტერიკისა და ცილისწამების გარეშე,

- არასამთავრობო ორგანიზაციები და ფსიქოლოგები ამბობენ, რომ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს ბავშვებზე ძალადობა. გმობენ მეუფის იმ ტონსაც, რომლითაც ის სოცმუშაკებს ესაუბრება. - ფაქტია, ბავშვებს უთხრეს, რომ მშობლებთან წაიყვანდნენ, ბავშვებიც მოემზადნენ ჩასალაგებლად, მერე კი გაირკვა, რომ ისინი მშობლებთან არ მიჰყავდათ და მიჰყავდათ სხვაგან. ამას მოჰყვა ტირილი, რაც კადრებში ჩანს.

ეს იქ ჩასულმა შევიტყვე. როგორც ამიხსნეს, ბავშვი ტირის იმიტომ, რომ სხვაგან წასვლა არ უნდა. მეუფე ურეკავს მშობელს, იცით თუ არა, თქვენი ბავშვი რომ მიჰყავთო და მშობელი ამის წინააღმდეგია. ასეთ შემთხვევაში ვინ უნდა გადაწყვიტოს, ბავშვი წავიდეს თუ არა და სად წავიდეს? ყაზბეგში რომ დაიკეტა ბავშვთა სახლი, დღემდე არავინ იცის, ის ბავშვები სად წავიდნენ, კაციშვილს არ უკითხავს, სად არიან, არადა ის პანსიონი უდიდეს როლს ასრულებდა, რადგან ამ ბავშვებს სკოლამდე ფეხით კილომეტრების გავლა უწევდათ და ამიტომ ცხოვრობდნენ და სწავლობდნენ იქ. დაინტერესდა სახალხო დამცველი მათი ბედით? ჰკითხეთ, თუ მოიკითხა ის ბავშვები!

- მეუფე სპირიდონის გადაყენებას ითხოვენ. ეს ხომ არ იგეგმება?

- გადაყენების საფუძველი არ არსებობს. რომელი შემთხვევის მიხედვით უნდა იმსჯელონ? საქმეების, რომლებიც 2016 წლიდან არ იხსნება? საქმეები, რომელთაც საფუძველი არ მოეძებნა, რომ გამოძიება დაწყებულიყო? შეიძლება ჭორაობაზე აიგოს საქმეები? შს სამინისტროსთან თანამშრომლობა გრძელდება, ბავშვები გამოიკითხებიან და შსს-ს ექნება სრული სურათი. დღევანდელი ვითარება გამოიწვია სახალხო დამცველის გაუფრთხილებელმა განცხადებებმა და ჟურნალისტების ღობეებზე ძრომიალმა.

- მედიაში ყოფილი მოსწავლეების ინტერვიუები ქვეყნდება, ისინი ძალადობებზე ლაპარაკობენ. - ამაზე იმსჯელოს შესაბამისმა სამსახურმა. დადგინდეს, თუ ვინმეა დამნაშავე, უპირველესად ჩვენ ვიქნებით მომხრე, რომ ბავშვთა უფლებები დაცული იყოს. თუ ბავშვებთან ურთიერთობაში ვინმე რამეს დააშავებს, მას უნდა მოეთხოვოს პასუხი!

P.S. სასამართლომ უკვე განიხილა არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" საჩივარი და მათი შუამდგომლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა აბაშიძე ხელისუფლებას მიმართავს, რომ ჯერი მათზეა და თუ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო დაწესებულებიდან მხოლოდ შშმ პირებს გაიყვანს, ეს დანარჩენი ბავშვების საფრთხის შემცველ გარემოში დატოვება იქნება. "მოსამართლე დაგვეთანხმა აბსოლუტურად ყველა ნაწილში და გვითხრა, რომ წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა მას გაუჩინა ვარაუდის საფუძველი, რომ დიდი ალბათობით, ყველა ბავშვთან დაკავშირებით არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკი. მოსამართლეს არ დაუზუსტებია, რომ მხოლოდ შშმ ბავშვებთან დაკავშირებით ხედავს რისკს", - განაცხადა ანა აბაშიძემ. გამოიყვანენ თუ არა ყველა ბავშვს პანსიონიდან, მოგვიანებით გახდება ცნობილი. სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები ყველა ბავშვის გაყვანასა და სხვა მზრუნველობით დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვენ.

"ბავშვთა კონფიდენციალობის დარღვევამ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მათ ფსიქიკას"

დიდი ხმაური გამოიწვია 4 ივნისს "ფეისბუკზე" გოჩა აბულაძის სახელით დარეგისტრირებული პირის გამოქვეყნებულმა ვიდეომასალამ, რომელიც პანსიონშია გადაღებული. მეუფე სპირიდონი, რომელსაც ბავშვთა გამოკეტვაში ადანაშაულებენ, არასრულწლოვნებს ეკითხება, სურთ თუ არა, ისინი სოცმუშაკებმა სხვაგან წაიყვანონ.

ამ ვიდეომასალის გამოქვეყნების შემდეგ სახალხო დამცველმა სახელმწიფო უწყებებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების უფლებადარღვევის ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა.

სოცქსელში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს. "აღნიშნული კადრები შეიცავს არასრულწლოვნების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას და ბავშვების უფლებების დარღვევაა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მოუწოდებს საზოგადოებას, მათ შორის მედიას, არასრულწლოვანთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია გაშუქდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვით. ამჟამად ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ჩასულია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც სოციალური მუშაკებითა და ფსიქოლოგებით არის დაკომპლექტებული. სპეციალისტები მუშაობენ უფლებამოსილების, მანდატისა და კომპეტენციის შესაბამისად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებითა და დაცვით. საჭიროების მიხედვით, ჯგუფის წევრთა რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება" - აცხადებენ უწყებაში.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიაც ადასტურებს, რომ ბავშვებთან მუშაობა მიმდინარეობს, რათა მათი საჭიროებები შეფასდეს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ.

ეს ფაქტი რეაგირების გარეშე არც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დაუტოვებია. ამ უწყებამაც დაიწყო ბავშვთა სახლის არასრულწლოვანი ბენეფიციარების ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნების საკითხის შესწავლა.

"ბავშვების, მით უფრო - ბავშვთა სახლის ბენეფიციარების კონფიდენციალობის დარღვევამ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მათ ფსიქიკას, განვითარებას, სოციალურ ურთიერთობებს და მომავალ ცხოვრებას. მან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ღირსების შელახვა, მისი სტიგმატიზაცია, ბულინგი, დისკრიმინაცია და ნეგატიური გავლენა მოახდინოს მის ემოციურ მდგომარეობაზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველას, მათ შორის - მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ ბავშვთა ინტერესები და თავი შეიკავონ ამ ჩანაწერების გავრცელებისაგან", - ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაში.