"გვიწევს ბრძოლა, რომ ცხოვრების გაგრძელება შევძლოთ"
"გვიწევს ბრძოლა, რომ ცხოვრების გაგრძელება შევძლოთ"
"მოვიდნენ ჟურნალისტები და ნახონ, რას სთავაზობს ამ ხალხს კომპანია და რას აპროტესტებენ ისინი... ჩვენ არ ვართ გულგრილი ამ ყველაფრის მიმართ. პირიქით, ყოველთვის ვთხოვდით, მოლაპარაკების მაგიდას მივსხდომოდით, მაგრამ ამის ნაცვლად დღეს ისინი ამერიკის საელჩოსთან სხედან. ახლაც ვამბობთ, მობრძანდნენ, ვისთან ერთადაც უნდათ, დავსხდეთ, სადაც თვითონ მოისურვებენ და მოვილაპარაკოთ."

"ჩვენ, სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, დაზარალებული ვართ კომ­პანია "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ მანგანუმის მოპოვების სამუშაოების გამო. სოფელში დაიწყო ნგრევის პროცესი, რომლის შეჩერებაც შეუძლებელია, რადგანაც კომპანია 24-საათიან
რეჟიმში აწარმოებს მოპოვების სამუშაოებს..." - ასე იწყება საპროტესტო წერილი, რომელიც ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს გაუგზავნეს. პროტესტი 110 დღეა გრძელდება. 25-ე დღეა, რაც შუქრუთელებმა­ - ხუთმა კაცმა და სამმა ქალბატონმა - პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს და პირი ამოიკერეს. მათ რამდენიმე დღეა
აშშ-ის საელჩოსთან გადმოინაცვლეს და მშრალი­ შიმშილობა გამოაცხადეს. ჩვენ შევეცადეთ მხარეებს დავკავშირებოდით და პოზიციები მოესმინა.

ჯანო ლაბაძე, სოფელ შუქრუთის მკვიდ­რი: - "ჯორჯიან მანგანეზი" ჩვენს სოფელში სამთო-მოპოვებით სამუშაოებს ატარებს. ისინი კანონის გვერდის ავლით მუშაობენ, შედეგად ზიანდება ჩვენი საცხოვრებელი სახლები, დამხმარე ნაგებობები, მცენარეები. სოფელში შეუქცევადი პროცესები დაიწყო. წინასწარ არ გვაფრთხილ­ებენ, რომ ჩვენი სახლების ქვეშ მოიპოვებენ­ მადანს. ამის შედეგად სახლები დაიბზარა და მოსალოდნელია, რომ დღე-დღეზე დაინგრეს.

ვითხოვთ შეწყდეს სამუშაოები, სანამ მოსახლეობასა და კომპანიას შორის არ განისაზღვრება ის პრინციპები, რომელთა შესაბამისად ჩვენ გვექნება ალტერნატიული საცხოვრებელი გარემოს შექმნის საშუალება, ან საერთოდ დაგვანებონ თავი. კომპანიას აქვს სოფლის ტერიტორიაზე მადნის მოპოვების ლიცენზია, მაგრამ ჩვენი სახლები ზიანდება. მოძებნონ ალტერნატიული ადგილები, სადაც არ არის დასახლებები, თუმცა იქაც კანონის შესაბამისად უნდა იმუშაონ და რა ზიანიც მიადგება თუნდაც არასაცხოვრებელ ტერიტორიას, იმაზეც უნდა იკისრონ პასუხისმგებლობა.

ყველა კერძო მესაკუთრე თვითონ განსაზღვრავს, რა პირობებით დათანხმდება კომპანიას მუშაობის გაგრძელებაზე, მაგრამ თუ კომპანია და მოსახლეობა ვერ თანხმდებიან, ყველაფერი კომპეტენტურმა ექსპერტმა უნდა შეაფასოს. ასეთად მიგვაჩნია სამხარაულის ბიუროს ექსპერტები. ისინი შეაფასებენ, ქონების განადგურების შემთხვევაში რა დაჯდება მისი აღდგენა.­ კომპანიამ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ ყველაფერს აანაზღაურებს.­ ამის ნაცვლად ჩვენ გვიწევს ბრძოლა, რომ ცხოვრების გაგრძელება შევძლოთ. ლამის ღია ცის ქვეშ ვრჩე­ბით. ის თანხა, რომელსაც მათი მიკერძოებული აუდიტი ასახელებს, საძირკვლის ჩასასხმელადაც არ არის საკმარისი.

კერძო ინვესტორის გამდიდრებისთვის ჩვენ რატომ უნდა ვიზარალოთ?!

- კომპანიას განუცხადეთ პრეტენზიები?
- რა თქმა უნდა! ამდენი ხანია, ჩვენი­ პროტესტი გრძელდება! ახლა უკვე ამერიკის საელჩოსთან მოვედით, რადგან ჩვენი მთავრობის გამოხმაურებას ვერ ვეღირსეთ. აქ კარვის გაშლის საშუალება არ მოგვცეს და ღამეს სამარშრუტო ტაქსიში ვათევთ.

- ამერიკის საელჩო თუ გამოგეხმაურათ?
- ადმინისტრაციის თანამშრომელი გამოვიდა და გვითხრა, რომ გაეცნობოდა ჩვენს პრობლემებს და თუ შეძლებდნენ, დაგვეხმარებოდნენ. მას შემდეგ ველოდებით.

- "ჯორჯიან მანგანეზიდან" არავინ შეგხმიანებიათ?
- თვიდან თითქოს უნდოდათ მოლაპარაკება და შემოგვთავაზეს ალტერნატიული ხელშეკრულების ფორმა, რომელიც საერთოდ აცდენილი იყო რეალობას. საქართველოს კონსტიტუციასაც კი ეწინააღმდეგებოდა, ისეთი კაბალური პუნქტები იყო.
ნიკოლოზ ჩიქოვანი, "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველი: - ჩვენ ყოველთვის წინასწარ ველაპარაკებით მოსახლეობას და შემდეგ ვიწყებთ მუშაობას. 2019 წლის მეორე ნახევრიდან დღე არ ყოფილა, მათთან არ გველაპარაკა. მოლაპარაკებები დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ ვერ შევთანხმდით. შემდეგ ჩაენაცვლა კომპანია "შუქრუთი პლიუსი" და მან განაგრძო­ მოლაპარაკება. შეთანხმდა სოფელთან და გააფორმა მემორანდუმი, სადაც­ ჩაიწერა­ ყველა ის პირობა, რაც შევიდოდა ხელშეკრულებაში.­ 142 ოჯახთან გაფორმდა ინდივიდუალური ხელშეკრულება, სადაც გაწერილია ყველაფერი: შეფა­სების პრინციპი, თანხის ოდენობა, ვადები... ამას არ დაეთანხმა მხოლოდ ოთხი ოჯახი. მეც ბევრჯერ შევხვდი იმ რვა ადამიანსაც, ვინც ახლა პირი ამოიკერა... ყველანაირი ეჭვი რომ გაგვექარწყლებინა, ვუთხარით, აუდიტი მათ მოეყვანათ. მოიყვანეს კომპანია "მექსი", რომელთანაც კონფლიქტი მოუვიდათ და თქვეს, სხვა გვინდაო.­ შევთანხმდით სხვა აუდიტზე, ეს ყველაფერი გადავიტანეთ მემორანდუმში და შემდეგ­ - ინდივიდუალურ ხელშეკრულებაში. 142 ოჯახიდან ნაწილს სრულად აუნაზღაურდა თანხა, ნაწილს - ნაწილობრივ. რამდენიმე დღის წინ მათ შეხვდა ჩემი მოადგილე. გვინდა, პროცესი იყოს გამჭი­რვალე, ჩაერთოს არასამთავრობო სექტორი,­ გვსურს­ სატელევიზიო შეხვედრებიც.

მოვიდნენ ჟურნალისტები და ნახონ, რას სთავაზობს ამ ხალხს კომპანია და რას აპროტესტებენ ისინი. ჩვენ არაფერს ვმალავთ. ერთ-ერთ ინტერვიუში თქვეს, მცირე თანხას გვაძლევენ, კონტრაქტებს არ გვიფორმებენ, ზარალს არ გვინაზღაურებენ და ქონებაც მიაქვთო... ერთ-ერთმა მონაწილემ ტელევიზიით­ განაცხადა, 115 ათასს გვიხდიანო, თუმცა, არ ვიცი, ალბათ, შეეშალა, რადგან მას 128 ათასს ვუხდით, თანაც ქონებაც მასვე რჩება. მემორანდუმით ვართ შეთანხმებული, რომ მათი მოყვანილი აუდიტი რა თანხადაც შეაფასებს, უპირობოდ დავთანხმდებით.

- შუქრუთელები ამბობენ, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ვენდობითო...
- ჩვენ 4 ივნისს სამხარაულის ბიუროში შევიტანეთ განაცხადი დაჩქარებული წესით და 10 სამუშაო დღეში ველით დასკვნას, რომელსაც აუცილებლად გამოვაქვეყნებთ. ჩვენ არ ვართ გულგრილი ამ ყველაფრის მიმართ. პირიქით, ყოველთვის ვთხოვდით, მოლაპარაკების მაგიდას მივსხდომოდით, მაგრამ ამის ნაცვლად დღეს ისინი ამერიკის საელჩოსთან სხედან. ახლაც ვამბობთ, მობრძანდნენ, ვისთან ერთადაც უნდათ, დავსხდეთ, სადაც თვითონ მოისურვებენ და მოვილაპარაკოთ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები