დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდადებულ მიხეილ კალანდიას კიდევ ერთ დანაშაულს ედავებიან
დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდადებულ მიხეილ კალანდიას კიდევ ერთ დანაშაულს ედავებიან
დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში მსჯავრდადებულ მიხეილ კალანდიას კიდევ ერთ დანაშაულს ედავებიან. მას 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის დაფარვასაც ედავებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განუცხადა, მსგავსი რამ უპრეცედენტოა, რადგან გამორიცხულია, ადამიანს იმ დანაშაულის დაფარვაზე წაუყენო ბრალი, რომლის ჩადენისთვისაც ის მსჯავრდებულია.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო სხდომები 2017 წლის შემდეგ არ გამართულა, 15 ივნისიდან კი მისი განხილვა იწყება.

"2021 წლის 15
ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის სქმეთა კოლეგიის მოსამართლე ე. გაბრიჩიძე იწყებს სისხლის სამართლის საქმის განხილვას მიხეილ კალანდიას მიმართ დანაშაულისათვის გათვალისწინებული სსკ 370-ე მუხლით, რაც დანაშაულის დაფარვას გულისხმობს. ამ შინაარსის საქმის არსებობა ქვეყნის სასამართლოში პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულება არის იმის, თუ როგორ განახორციელა საქართველოს სახელმწიფომ,
კერძოდ, იმჟამინდელმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ "ქართული ოცნებისა" და "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური დაკვეთა, როდესაც მიხეილ კალანდიას მიმართ დააყენა გამამტყუნებელი განაჩენი, სანაცვლოდ კი მიიღო დროებითი პოლიტიკური მშვიდობა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების შეწყვეტის სახით. სამართლებრივად კი უდავოა, რომ ადგილი აქვს მიხეილ კალანდიას მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელებას, რამეთუ სახეზეა უპრეცედენტო ფაქტობრივ გარემოება, მოცემულობა - მიხეილ კალანდიას ერთდროულად ედავებიან უმძიმესი დანაშაულის - მკვლელობის ჩადენას და პარალელურად ცდილობენ დააყენონ განაჩენი ამ მკვლელობის შესახებ დანაშაულის მატარებელი ინფორმაციის დაფარვაში, ანუ ედავებიან - შენ რომ მკვლელობა ჩაიდინე, ის რატომ დაფარე და თავის დროზე არ განაცხადეო. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის განუცხადებლობისათვის პასუხისმგებლობას", - განაცხადა თოდუამ.

ცნობისთვის, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. უზენაესმა სასამართლომ კი, საკასაჩიო საჩივარი საერთოდ დაუშვევბლად მიიჩნია. აღნიშნულ საქმეზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები