"საქ­მის გარ­ჩე­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბა თა­ვის შვილს და­ა­ვა­ლა" - ვინ არის "გლეხოვიჩი" და რა არის ცნობილი მასშტაბური სპეცოპერაციისას დაკავებულებზე - კვირის პალიტრა

"საქ­მის გარ­ჩე­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბა თა­ვის შვილს და­ა­ვა­ლა" - ვინ არის "გლეხოვიჩი" და რა არის ცნობილი მასშტაბური სპეცოპერაციისას დაკავებულებზე

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული პირებისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლომ იმსჯელა. 13 ბრალდებულიდან დარბაზში სხდომას მხოლოდ სამი პირი დაესწრო, დანარჩენები დისტანციურად ჩაერთვნენ. სახელმწიფო ბრალდებამ დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

როგორც საქმის პროკურორმა განაცხადა, დაკავებულთა დიდი ნაწილი წარსულში ნასამართლევია და "გლეხოვიჩთან" მათ შემხებლობას საქმეში არაერთი მტკიცებულება ადასტურებს. მისი თქმით, პატიმრობა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება, რადგან ამ პირებს ბევრჯერ აქვთ გადაკვეთილი საზღვარი და არსებობს მათი მხრიდან მიმალვის საფრთხე.

"არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია, რათა დამტკიცდეს, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს დანაშაული. დღეს ყველა ბრალდებულის მიმართ არსებობს პატიმრობის გამოყენების საფუძველი. ეს არის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული. ისინი შესაძლოა, მიემალონ გამოძიებას და ამას ამყარებს ის ფაქტიც, რომ თითოეულს არაერთხელ აქვს საზღვარი გადაკვეთილი. თვალნათლივ ჩანს, რომ მათ კავშირი აქვთ საზღვარგარეთ მყოფ პირთან, ე.წ. კანონიერ ქურდთან. მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე ერთადერთი უალტერნატივო აღკვეთის ღონისძიება არის პატიმრობა. თითქმის ყველა მათგანი წარსულში სანამართლევია" - განაცხადა პროკურორმა.

დაკავებულები ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებენ. არცერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს. ადვოკატები მათი აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, ალტერნატივის სახით კი, სასამართლოს გირაო შესთავაზეს. საქმე მრავალტომიანია. როგორც ჩანს, საქმის გამოძიება აპრილშია დაწყებული და გამოძიებას 8 ტომიანი საქმე უკვე ხელთ აქვს. სასამართლოში ადვოკატები პრეტენზიას იმის გამოც გამოთქვამდნენ, რომ საქმის მასალები დაგვიანებით მიიღეს. ადვოკატების ნაწილი ამბობს, რომ დღის მეორე ნახევარში გადაცემული მასალების გაცნობა ფიზიკურად ვერ შეძლეს.

ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიება ჩაატარეს და "ქურდული სამყაროს" წევრობის, "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით ერთდროულად სამ ქალაქში 13 პირი დააკავა: 1978 წელს დაბადებული ვ. გ. (მეტსახელად "ვიტო"), 1976 წელს დაბადებული ჯ. ხ. (მეტსახელად "ჯეკო") , 1983 წელს დაბადებული რ. გ. (მეტსახელად პუპუშა", 1974 წელს დაბადებული გ. რ. (მეტსახელად "ხონსკი"), 1987 წელს დაბადებული რ. დ. (მეტსახელად "ბაჩო"), 1992 წელს დაბადებული ა. შ., 1995 წელს დაბადებული ა. ლ., 1973 წელს დაბადებული გ. მ. (მეტსახელად "გიბონა"), 1978 წელს დაბადებული გ. დ., 1975 წელს დაბადებული ი. ჭ., 1966 წელს დაბადებული მ. კ. (მეტსახელად "ტყვლიპე"), 1978 წელს დაბადებული გ. მ., 1996 წელს დაბადებული მევლუდ მახარობლიძე, (მეტსახელად "მემი") დააკავეს.

მათთვის წაყენებული ბრალი 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალი დაუსწრებლად უკვე წაეყენა საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდს, ზაალ მახარობლიძეს, მეტსახელად "გლეხოვიჩს" , მას 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. როგორც ირკვევა, ერთ-ერთ ბრალდებულს, ბიზნესპარტნიორთან ფინანსური დავა ჰქონდა.

ე.წ. ქურდებს დახმარებისთვის მას შემდეგ მიმართა, რაც გაყიდული ტრაქტორების თანხა ვერ ამოიღო. დაუკავშირდა კანონიერ ქურდ ზაალ მახარობლიძეს. საქმის მასალებით, საქმის გარჩევის ორგანიზება "გლეხოვიჩმა" თავის შვილს, მევლუდ (მემი) მახარობლიძეს დაავალა. ამ უკანასკნელმა კი 2021 წლის 16 აპრილს, თბილისში, თავის უბანში, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელ სახლში დავის ქურდული წესით გარჩევის ორგანიზება მოახდინა და საქმის გარჩევის შედეგად ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ 80 000 ლარის გადახდა დაეკისრა. ძალოვნებმა გაასაჯაროვეს კიდეც ამ დიალოგის ამსახველი აუდიოჩანაწერები. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ "კანონიერ ქურდს" უკავშირდებოდნენ.

ერთ-ერთი ბრალდებულის რევაზ დათუნაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი ქურდულ სამყაროსთან მისი დასაცავის კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს.

"დათუნაშვილს დიდი ხანია ვიცნობ, არანაირი ქურდული სამყაროს წევრი არ არის, მას თავისი ბიზნესი აქვს, შრომობს, ოჯახი ჰყავს. უბრალოდ მისმა ნათესავმა სთხოვა რაღაც პრობლემა ჰქონდა თავის პარტნიორთან, რაღაცას ვერ არკვევდნენ და თუ შეიძლება ჩემთან იყავიო და ისიც გაყვა" -ამბობს ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი. როგორც ამბობენ, დათუნაშვილი ე.წ. კანონიერი ქურდის "გლეხოვიჩის" ნათესავია.

დუმილის უფლებას იყენებს, მაგრამ ბრალდებას უარყოფს ბრალდებული გიგა მჟავია. როგორც ჩანს, სწორედ გიგა მჟავიაა ის პირი, რომელსაც კუთვნილი თანხის ამოღებასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა.

მისი ადვოკატი ადასტურებს, რომ ერთ-ერთ მეწილესთან, გიორგი დალაქიშვილთან იყო დასაქმებული გიგა მჟავია და მასთან ჰქონდა პრობლემები, რადგან შესრულებული სამუშაოსთვის კუთვნილი ანაზღაურება მას არ მისცეს. ადვოკატი ამბობს, რომ პრობლემის მოგვარების მიზნით მჟავიამ მეგობრებს დახმარებისთვის მიმართა, მაგრამ ირწმუნება, მათ შორის კრიმინალური ავტორიტეტი არავინ ყოფილაო.

საქმის კიდევ ერთ-ერთი ფიგურანტი იმედა ჭუმბურიძეა, ისიც ერთ-ერთი მეწილეა ამ კომპანიაში. როგორც ჩანს, მასაც ეკუთვნოდა თანხა, მაგრამ მისი მეუღლე ამბობს, რომ იმედა ჭუმბურიძე არ ითხოვდა თანხის ამოღებას და იმ შეკრებაზე შემთხვევით აღმოჩნდა.

კიდევ ერთი ბრალდებულის ჯემალ ქშოევის ადვოკატი ვიტალი მირზოიანის საუბრობს მისი დასაცავის უდანაშაულობაზე და აცხადებს სხვების მსგავსად, რომ მის დასაცავს ქურდულ სამყაროსთან კავშირი არ აქვს. სწორედ ადვოკატი მირზოიანი აყენებს ეჭქვეშ ძალოვანთა მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობას და არ გამორიცხავს, რომ ის ან ამოჭრილია, ან რამე მანიპულაციაა გაკეთებული.

"გლეხოვიჩის" შვილი დაკავებული მევლუდ მახარობლიძე სხდომას დისტანციურად დაესწრო, თუმცა სასამართლოზე მას არაფერი უთქვამს. მისი ადვოკატის თქმით, ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, რადგან დუმილის უფლებას იყენებს.

რაც შეეხება ესპანეთში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტს, ზაალ მახარობლიძეს, იგივე "გლეხოვიჩს" მისთვის წაყენებული ბრალდება 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. არ არის გამორიცხული ქართულმა მხარემ "გლეხოვიჩის" ექსტრადირება მოითხოვოს. საქმეზე გამოძიება გრძელდება. გაგრძელება