"ის, ვინც ეს ჯგუფი ჩაუშვა, ალბათ, დაინტერესებული იყო ბიზნესის ჩაშლით. წყალი არ გაუვა,­ ისინი ჩაუშვეს" - სპეცოპერაცია "გლეხოვიჩი"
15-06-2021
"ის, ვინც ეს ჯგუფი ჩაუშვა, ალბათ, დაინტერესებული იყო ბიზნესის ჩაშლით. წყალი არ გაუვა,­ ისინი ჩაუშვეს" - სპეცოპერაცია "გლეხოვიჩი"
"სანამ ბიზნესები რეესტრში არ გატარდება, ხალხს არ ექნება საშუალება თავისი ინტერესები ოფიციალური გზით დაიცვას და არა "კანონიერი ქურდებით"

მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად შსს-მ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა, ესპანეთში მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს (მეტსახელად "გლეხოვიჩს") კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს, გიორგი დალაქიშვილს, ბიზნესსაქმიანობაში შემოსავლების არაობიექტურად განაწილების გამო ფინანსური დავა წარმოექმნა ბიზნესპარტნიორთან. ბიზნესმენმა გაყიდული ტრაქტორების თანხა, 150.000 დოლარი, ვერ ამოიღო. მხარეებმა­ დავის მოსაგვარებლად "ქურდული სამყაროს წევრებს
მიმართეს და "გლეხოვიჩმა"­ საქმის გარჩევის ორგანიზება თავის შვილს, მევლუდ მახარობლიძეს დაავალა. 2021 წლის 16 აპრილს თბილისის ერთ-ერთ სახლში დავის ქურდული წესით გარჩევა გაიმართა და ერთ-ერთ მოდავეს მეორის სასარგებლოდ 80.000 ლარის გადახდა დააკისრეს. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის დროს ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების
მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ "კანონიერ ქურდს" უკავშირდებოდნენ. ნივთმტკიცებად ამოიღეს 4 ავტომანქანა და საბრძოლო ვაზნებიც. ზაალ მახარობლიძეს ("გლეხოვიჩს") ექსტრადირება ელოდება საქართველოში. გამოძიება "კანონიერი ქურდობის", ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვისა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე მიმდინარეობს.

დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ და ბრალს არ აღიარებენ. გასული წლის მაისშიც­ შსს-მ ანალოგიური ბრალდებით 13 პირი დააკავა. ყოველივე ეს ხომ არ მოასწავებს ქურდული ინსტიტუტის გაძლიერებას? გვესაუბრება კრიმინოლოგიის პროფესორი,­ იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ღლონტი, ავტორი მონოგრაფიისა "კანონიერი ქურდები საქართველოში".

- როგორც ჩანს, ორმა ჯგუფმა ბიზნესში საერთო ენა ვერ გამონახა, ფული ვერ გაიყვეს და პრიმიტიული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ვინმე "გლეხოვიჩს" მიმართეს. ალბათ, ისინი ვიღაცამ ჩაუშვა, ამათ კი პიარისთვის გამოიყენეს... რა თქმა უნდა, ბინძური საქმეა, მაგრამ ქურდულ გავლენებზე ლაპარაკი ნამეტანია.

- მათ სასამართლოს რომ არ მიმართეს, მენტალიტეტის პრობლემაა თუ მართლმსაჯულების უნდობლობაშია საქმე?
- ორივეში. ჩვენი მართლ­მსაჯულების­ სისტემა დაუხვეწავია, ბიუროკრატიული­ და უეფექტო. სასამართლოში საქმეები შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს, სასამართლო ხარჯიც არ არის პატარა... გარდა ამისა, საქართველოში­ ბევრი ბიზნესი ნახევრად ლეგალურია - გადასახადებს­ არ იხდიან, წესიერად არ აფორმებენ... ამასთან,­ დაბალი მენტალიტეტის­ ხალხია, თორემ ქურდს მიმართავდნენ? საქმეს არჩევენ "კანო­ნიერი ქურდის" მეშვეობით და თანაც სწრაფად. მთავარია, ორივე მხარე თანახმა იყოს და ახსნან, რისთვის არის დავა. ტყუილი იქ არ ჭრის. მერე "გლეხოვიჩი" იქნება თუ სხვა, თავისი ლოგიკიდან გამომდინარე დაასკვნის, ვინ მართალია და ვინ მტყუანი. ის, ვინც ეს ჯგუფი ჩაუშვა, ალბათ, დაინტერესებული იყო ბიზნესის ჩაშლით. წყალი არ გაუვა,­ ისინი ჩაუშვეს. შესაძლოა უსმენდნენ კიდეც "გლეხოვიჩს".

ქურდები ციხეებიდან მართავენ საქმეებს და უცხოეთიდან რა პრობლემაა, როცა არსებობს ზუმი, სკაიპი, ვოთსაფი, ვაიბერი და კიდევ უამრავი საშუალება, რომ­ლებიც ვიზუალურ გამოსახულებასაც­ იძლ­ევა. ის, რაც თვეები გრძელდებოდა, ახლა შეიძლება წუთებში გააკეთო. ახლა მოდავეები "კანონიერ ქურდთან" თანამშრომლობისთვის­ სერიოზულ სასჯელს მიიღებენ სულ არაფრისთვის.

- რა უწყობს ხელს "კანონიერი ქურდების" ინსტიტუტის გაძლიერებას?
- გაძლიერებას ვერ დავარქმევ, მაგრამ როცა არის მოთხოვნა, თანაც ნებაყოფლობითი, არის მიწოდებაც. ამას ვერ შეაჩერებ, რადგან ადამიანი თვითონ მიდის ქურდთან დახმარების სათხოვნელად. სახელმწიფო­ ასეთ პრობლემებს ვერ ებრძვის, ვინაიდან დაზარალებული არ არსებობს, ყველა დაინტერესებული მხარეა. არც ერთი არ გამოტყდება. ასე რომ, ქურდული ინსტიტუტი იყო, არის და იქნება.

- არის საშიშროება, რომ ამ ინსტიტუტმა კვლავ მყარად მოიკიდოს ფეხი? ახლო წარსულში ხელისუფლებამ კანონის გამკაცრებაზე დაიწყო მუშაობა, თუმცა ნაყოფი ვერ გამოიღო...
- არც გამოიღებს! ამის საფუძველია უკუღმართი ურთიერთობები ბიზნესებში.­ ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს. უნდა შეიქმნას მარტივი დავების გადაწყვეტის ინსტიტუტები, სადაც მოდავე 1-2 დღეში საქმეს გაარკვევს. ყოველივე ეს სახელმწიფოს დაუხვეწავი­ პოლიტიკის ბრალი. სანამ ბიზნესები რეესტრში არ გატარდება, ხალხს არ ექნება საშუალება თავისი ინტერესები კეთილსინდისიერი და ოფიციალური გზით დაიცვას და არა ვიღაც "კანონიერი ქურდებითა" და სხვა კრიმინალებით.

- გარჩევების ინსტიტუტი როდის ჩაბარდება წარსულს?
- გარჩევები მაინც იქნება.
სტატუსიანი "კანონიერი ქურდი", რომელიც არსებობდა 30-იანებში, 40-იანებში, ციხის მმართველი­ და მაყურებელი, ეს ინსტიტუტი მოკვდა. ახლა განგსტერის ტიპის პერსონები არიან და ეს უკვე სხვა დანაშაულია. გარჩევები­ უფრო ბიზნესინტერესებს ექვემდებარება, ვიდრე ქურდული საზოგადოების ტრადიციების დაცვას.

მსოფლიოში ორგანიზებული დანაშაული­ ყოველთვის იყო და იქნება სხვადასხვა­ ფორმით. დავარქმევთ ამას "კანონიერ ქურდს", განგსტერს, ორგანიზებულ თუ ტრანსნაციონალურ დანაშაულს, შინაარსი არ იცვლება. ადამიანი ყოველთვის ეძებს იმას, რაც აკრძალულია, ამიტომაც ეს ძველი "პროფესიები" ყოველთვის იარსებებს.

- ყველაზე ძლიერი როდის იყო ქურდული ინსტიტუტი საქართველოში?
- 80-იან წლებში გაძლიერდა სხვადასხვა მიზეზის გამო, ვინაიდან სსრკ დასუსტდა. მერე იყო 90-იანები, სიღატაკე...
"კანონიერ ქურდებს" შევარდნაძემაც გადაუჭრა გზა და მათი დიდი ნაწილი ქვეყნიდან გავიდა. ქურდები­ ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებს ამჯობი­ნებენ და ამიტომაც იძლევი­ან კონსულტაციებს ტელეფონებით. საქართველოში, მგონი, ერთეულია "კანონიერი ქურდი" და ისიც არა ისეთი, საერთაშორისო დონის რომ იყოს, ან სსრკ-ის დონის ავტორიტეტი ჰქონდეს. ბევრი მათგანი აქ უკვე პენსიაზე გასული ჩამოდის და აღარ აქტიურობს.



თემური
16 ივნისი 2021 13:17
გლეხოვიჩს დაერხა, მაგარი გაუჩალიჩეს....................
ბესიკი
16 ივნისი 2021 09:51
მოგესალმებით ქალბატონო ნანა . რის სასამართლო რა სასამართლო , რა რეესრი რის რეესრი, 2017 წლიდან ვერ ვიპოვე სამართალი რეესრში ვერც სასამარლოში , ქურდები და სახელმწიფო მოღვაწეები ჩემთვის ერთ სიბრტყეში არიან . და ვინიცის ჩემ დღეში რამდენი ხალხია კიდე.საჩივარიმაქ შეანილი სასამართლოში უკვე 2 წელია და ერთი სასამართლო სხდომაც კიარ გამართულა პროკურაურაში საჩივარიმაქ დაწერილი მაგრამ არანაირი შედეგი, .მუნიციპალიტეტში საჩივარი შევიტანე არც იქ არაფერი შედეგი . 5 წელია საკუთარ მიწაზე ვერაფერი გამიკეთებია . პოლიციაც ბევრჯერ გამომიძახია მაგრამ ....... ასე მითხრეს ცოტა დიდი კაცი ნახე ვინმე და ბრობლემა მოგიგვარდებაო. ასე რომ თქვენს სტატიას უბრალო ხალხი არც მეტი არც ნაკლები სერიოზულადაც არ მიიღებს. და ცოტა რაზნარევ ღიმილსაც კი მოგვრის . პატივისცემით. ბ მ

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, სრულად აცრილი მოქალაქეებისთვის უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოსგან დაწესებული პრივილეგიები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, სრულად აცრილი მოქალაქეებისთვის უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოსგან დაწესებული პრივილეგიები?