პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ცრუ მეწარმეობისა და ტრანსნაციონალური ხასიათის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა - კვირის პალიტრა

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ცრუ მეწარმეობისა და ტრანსნაციონალური ხასიათის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ცრუ მეწარმეობისა და ტრანსნაციონალური ხასიათის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 6 პირის მიმართ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ფ.ნ.-მ შექმნა სტრუქტურულად მოქმედი, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანსაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, საზღვარგარეთიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შემოტანა და ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსების გზით კანონიერი სახის მიცემა წარმოადგენდა.

,,მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედი და მატერიალურ სარგებელზე ორიენტირებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ფუნქციებში შედიოდა: სამეწარმეო განზრახვის გარეშე იურიდიული პირების შექმნა და მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესრულება, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, სატრანსპორტო საშუალებებში მოწყობილი სპეციალური სამალავების მეშვეობით, საზღვარგარეთიდან საქართველოში თანხის მალულად შემოტანა, შემდგომში დანაწევრება და გამოგონილი დანიშნულებით ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსება. ასევე, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის დამზადება და მათ საფუძველზე სხვადასხვა ქვეყანაში საბანკო გადარიცხვების განხორციელება.

წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ ფ.ნ.-მ ორგანიზებული ჯგუფის წევრების - გ.ა.-ს, გ.გ.-ს, გ.ჩ.-ს, მ.ც.-ს და დ.დ.-ს მეშვეობით, სამეწარმეო სუბიექტად დაარეგისტრირა რამოდენიმე იურიდიული პირი, რომელთაც ანგარიშები გაუხსნეს საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში. 2016-2020 წლებში, საქართველოში შეგროვებული, მათ შორის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საზღვარგარეთიდან შემოტანილი და ნაწილობრივ სახეცვლილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი თანხა: 15 385 489.6 აშშ დოლარი, 20 786 875 ევრო და 1 268 036.6 ლარი, მისი უკანონო წარმომავლობის შესანიღბად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაანაწევრეს და გამოგონილი დანიშნულებით განათავსეს მათ მფლობელობასა და მმართველობის ქვეშ არსებული საწარმოების საბანკო ანგარიშებზე.

შემდგომში, მართლსაწინააღმდეგოდ შეკავშირებულმა პირებმა, მათ მიერ დამზადებული და საბანკო დაწესებულებებში წარდგენილი ყალბი ინვოისებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე, თითქოსდა სხვადასხვა საქონლის შეძენის დანიშნულებით, საწარმოების საბანკო ანგარიშებიდან განახორციელეს მრავალჯერადი ტრანზაქციები სხვადასხვა ქვეყანაში.

ამავდროულად, სისხლის სამართლის საქმეზე მოძიებული და დაყადაღებული იქნა დანაშაულის ორგანიზატორის ფ.ნ.-ს და მასთან დაკავშირებული პირების მიერ, სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლით, შეძენილი უძრავ-მოძრავი ქონებები, კერძოდ: თბილისში მდებარე ოთხი საცხოვრებელი ბინა, ჯამში 288 კვ.მ, 155 კვ.მ. კომერციული დანიშნულების ფართი, ქვემო ქართლისა და გურიის მხარეში არსებული, ჯამში 6230 კვ.მ. სამი მიწის ნაკვეთი, რუსთავში მდებარე, სამრეწველო დანიშნულების 314 437 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და სამი ძვირადღირებული ავტომობილი. ამავე საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში მდებარე ერთ-ერთი ობიექტიდან ამოღებული იქნა 1 700 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხა.

2021 წლის 15 ივნისს, დაკავებული იქნა დანაშაულში მონაწილე ხუთი პირი - გ.ა., გ.გ., გ.ჩ., მ.ც. და დ.დ, რომელთაც ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე მუხლითა და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტით წარედგინათ, ხოლო ორგანიზატორის ფ.ნ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-193-ე მუხლითა და 25-194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტით დაუსწრებლად დაიწყო. ბრალდებულთა მიერ ჩადენილი ქმედება, 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. პროკურატურა აგრძელებს ინტენსიურ გამოძიებას და საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით", - აცხადებენ პროკურატურაში.