ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესწორებულ პროექტზე დასკვნა გამოაქვეყნეს - კვირის პალიტრა

ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესწორებულ პროექტზე დასკვნა გამოაქვეყნეს

ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესწორებულ პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი დასკვნა გამოაქვეყნეს, სადაც აღნიშნულია, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის შესწორებულ ვერსიაში გათვალისწინებულია ძირითადი რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ელემენტები, თუმცა რამდენიმე ელემენტი კვლავ გადასაწყვეტი რჩება.

"პირველ ერთობლივ სასწრაფო დასკვნაში ვენეციის კომისიამ და ეუთო/ ოდირმა– მა ოთხი ძირითადი და კიდევ რამდენიმე რეკომენდაცია შეიტანეს. ცვლილებების პროექტის განახლებულ ვერსიაში გათვალისწინებულია ძირითადი რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ელემენტები, კერძოდ: ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და უპარტიო წევრების არჩევისთვის დაწესდა პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობის (ორი მესამედი) ხმა.

მოხსნილია პარტიის მიერ საარჩევნო კომისიაში წევრის დანიშვნის უფლების სპეციფიკური შეზღუდვები, ანუ პირობები, რომ პარტიას უფლება აქვს სახელმწიფო დაფინანსება მიიღოს და რომ პარტიების მინიმუმ ერთი წევრი "პარლამენტის წევრის საქმიანობას ეწევა", რაც გამორიცხავს იმას, რომ პარტიებმა პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადონ,“- აღნიშნულია დასკვნაში.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, უნდა მოხდეს ძირითადი რეკომენდაციების კიდევ რამდენიმე ელემენტის გათვალისწინება.

"მოითხოვონ ცესკოს არაპარტიული წევრებისათვის უფრო მაღალი კვალიფიკაცია და უზრუნველყოფილ იქნას ისეთი შესარჩევი კომისიის არსებობა, რომელიც ატარებს გამჭვირვალე, დამსახურებებზე დაფუძნებულ დანიშვნის პროცესს;

შეიტანონ დამატებითი ცვლილებები საოლქო საარჩევნო კომისიების და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შერჩევის პროცესის შესახებ დებულებათა პროექტში, რათა უზრუნველყოფილ იქნას, გამჭვირვალე, დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი უპარტიო წევრების დანიშვნისთვის; უფრო მეტიც, უნდა გაგრძელდეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის განაცხადების წარდგენისა და განხილვის ვადები;

კანონში მკაფიოდ იქნას განსაზღვრული, თუ რა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს პარტიის მიერ წარდგენილი საარჩევნო კომისიის წევრების მოხსნას, რაც დაშვებული უნდა იყოს მხოლოდ გამონაკლისის სახით და ძალიან სპეციფიკური მოტივით,“- აღნიშნულია დოკუმენტში.

"ინტერპრესნიუსი"