ზაზა გახელაძის ოჯახი აქციებს იწყებს და ცხინვალში გადასვლას გეგმავს
ზაზა გახელაძის ოჯახი აქციებს იწყებს და ცხინვალში გადასვლას გეგმავს
"ხელისუფლების წარმომადგენლები უფრო ხშირად გვირეკავდნენ, ვიდრე მოდიოდნენ. ხანდახან თუ ჩამოვიდოდნენ და გვეუბნებოდნენ, ზაზას გასათავისუფლებლად საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ძალისხმევას არ ვიშურებთო, მაგრამ სადაც ნამდვილად მოინდომეს, ხომ გააკეთეს?.. ამ ბოლო დროს ზარებიც შეწყდა და მოსვლაც შეწყვიტეს..."

"მორჩა, მოთმინების ფიალა ამოგვეწურა, აღარაფრის იმედი აღარ დაგვრჩა. 23 ივნისს ზაზას დაბადების დღე აქვს, რანაირი იუბილეა, ამაზე ლაპარაკიც არ მინდა, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ერთადერთი გამოსავალი აქციებია, რის შემდეგაც მთელი ოჯახი: ზაზას დედ-მამა,­ მე და ჩემი
შვილები გადავალთ ცხინვალში და ჩავბარდებით",­ - ამბობს ზაზა გახელაძის მეუღლე ირმა ბუთხუზი.­ როგ­ორც ამბობს, ეს ერგნეთში,­ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით მეასე სამუშაო­ შეხვედრის გამართვამდე აცნობეს ქართულ­ მხარეს. პასუხად ხელისუფლებისგან მიიღეს­ დაპირებები, თუმცა­ არაფერი გაკეთებულა.

- პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარი­ბაშვილი დაგვპირდა, რომ პრობლემას სწრაფად
მოაგვარებდა, მაგრამ­ თვეზე მეტი გავიდა და არაფერი­ შეცვლილა.­ მარტის შემდეგ არაფერი­ ვიცი, ზაზა ცოცხალია თუ მკვდარი, თავს როგ­ორ გრძნობს,­ ჭრილობა როგორ­ აქვს... როცა "წითელმა ჯვარმა" გადაგვი­ყვანა, უმძიმესი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჰქონდა, უიმედო თვალებით გამოგვაცილა. უმწეობა მახრჩობს, რომ უდანაშაულო კაცი ციხეშია და ვერაფერს ვაკეთებ.

- ხელისუფლების წარმომადგენლებთან რაზე ისაუბრეთ?
- აქამდე კონკრეტულს არაფერს გვეუბნებოდნენ, გარდა იმისა, რომ მუშაობენ, ახლა შეგვპირდნენ, რომ ოჯახს ციხეში შეგვიყვანენ ზაზასთან შესახვედრად, მაგრამ უარზე ვართ, მხოლოდ ერთადერთ რამეს ვითხოვთ, მის გათავისუფლებას...
ერგნეთის შეხვედრამდე უკვე იცოდნენ, რომ აქციებს ვგეგმავდით, მისი დასრულების შემდეგ ჩვენთვის არაფერი უთქვამთ­, ჟურნალისტებს უთხრეს, ოჯახის შეყვანაზე ვმუშაობთო. ასე რომ, ბევრი მიზეზი გვაქვს, აღარ გვჯეროდეს. სადაც ზაზაა, ჩვენც იქ ვიქნებით. ამიტომ, მათ შემოთავაზებას არ დავთანხმდებით.

ადამიანური ცხოვრება აღარ გვაქვს, ზაზას დედა წყალს რომ სვამს, მაშინაც კი ამბობს, ნეტავ ჩემს შვილს შია თუ სწყურია, როგორ სძინავს ან თუ სძინავს საერთოდო... ჭრილობაზე კიდევ ცალკე ვდარდობთ.

- ზაზას მამას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, არა?
- დიაბეტი აქვს და სულ შიშში­ ვართ, რამე არ მოუვიდეს, მაგრამ მე თავად­ გასამხნევებ­ელი ვარ და მას რა ვუთხრა. ივლისში ერთი წელი გახდება, რაც ზაზა პატიმარია და ამ დროის განმავლობაში ჩემს გოგონებს არ გაუცინიათ, უცებ დიდები გახდნენ. დღედაღამ მამაზე ლაპარაკობენ.
ჩვენი მთავრობის მონაწილეობითა­ და საერთაშორისო ორგანიზაციე­ბის ძალისხმევით აზერბა­იჯანმა სომხეთს ტყვეები დაუბრუნა.­ ღმერ­თმა ყველა შინ მშვიდობით დააბრუნოს, მაგრამ ამან გადამრია, ჩვენი ხელისუფლება სხვა ქვეყნის ტყვეებზე ზრუნავს და თავისაზე არა? თავის მოქალაქეზე მაღლა სხვა ქვეყნის ტყვეები დგანან?.. თავიდან უფრო ხშირად გვირეკავდნენ, ვიდრე მოდიოდნენ. ხანდახან თუ ჩამოვიდოდნენ და გვეუბნებოდნენ, მის გასათავისუფლებლად საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ძალისხმევას არ ვიშურებთო. ამ ბოლო დროს ზარებიც შეწყდა და მოსვლაც შეწყვიტეს... ეტყობა, ფიქრობენ, რახან სოფელში ვცხოვრობთ, ჩვენი აქციებით ვის რა დისკომფორტს შევუქმნით, მაგრამ... ჩვენი სოფლის გარშემო კიდევ შვიდი სოფელია. იმ სოფლების მოსახლეობაც გვიცხადებს სოლიდარობას და საპროტესტო აქციაზე გამოვლენ.

"გვესვრიან? გვესროლონ!.."


ნანა ბუნტური, ზაზა გახელაძის დედა: - ჩემს მეუღლე ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ამიტომაც ვერ დავგეგმეთ აქამდე მასობრივი აქციები. ადრე თბილისი-სენაკის ცენტრალური მაგისტრალი გადავკეტეთ, არც ახლა დავიხევთ უკან და აქციებს გავმართავთ. მე ჩემი ქვეყნის მტერი არა ვარ, ჩვენსავით ნეტავ ბევრს უყვარდეს საქართველო, მაგრამ ხელისუფლება გვექცევა მტერივით, ამიტომ სხვა გზა არ გვრჩება, ჩავკიდებთ ხელს მის ოჯახს და ფეხით ჩავალთ ცხინვალის ციხეში. გვესვრიან? გვესროლონ... სახლში მაინც არ გავჩერდებით, რად მინდა სახლ-კარი, თუ აქ ჩემმა შვილმა არ იცხოვრა? ამდენი წელი აქვს ჩემს შვილს მისჯილი არაფრის გამო. ყველას ვთხოვთ გვერდში დაგვიდგეს...

"კონსულტაციები ახლაც გრძელდება..."


33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმმა გასული წლის 11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარედ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და ე.წ. საზღვრის "დარღვევისთვის" უკანონოდ დააკავეს. მოგვიანებით სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის მცდელობის ბრალდებაც წაუყენეს. 2021 წლის თებერვალში ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მეასე შეხვედრაზე, ზაზა გახელაძის გარდა, გენადი ბესტაევისა და ლაშა ხეთერელის გათავისუფლების გზებზეც იმსჯელეს. ქართულმა მხარემ ასევე დააყენა უკანონო ბორდერიზაციის საკითხი და ახალგორში შექმნილი ჰუმანიტარული პრობლემები.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ ოჯახის წევრების ზაზა გახელაძესთან შეხვედრის საკითხზე მუშაობენ.

"დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში მეტი დეტალი გახდება ცნობილი ვიზიტის თარიღისა და ვიზიტიორების რიცხვთან დაკავშირებით... თუმცა ჩვენი მუშაობის მიზანია უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება... ეს საკითხი ძალიან პრინციპულად დავაყენეთ და როგორც ყოველთვის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალიან მტკიცე მხარდაჭერა მივიღეთ. კონსულტაციები ახლაც გრძელდება... საქმის არსიდან გამომდინარე, დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ", - აცხადებს ანთაძე.

როგორც "კვირის პალიტრას" ცხინვალში მცხოვრებმა პირმა შეატყობინა, ზაზა გახელაძე ციხეში თავს ნორმალურად გრძნობს. "ვიცი, რომ ქართველ პატიმრებს სხვა დაკავებულები ავიწროებენ, მაგრამ ზაზას შემთხვევაში ამას ვერ ვიტყვი. ყველა პატივს სცემდა და საკვებს უყოფდნენ, ჭრილობის დამუშავებაშიც ეხმარებოდნენ. ბოლო ინფორმაცია არ ვიცი, რადგან ციხეში რაღაცები შეიცვალა და კავშირიც დავკარგე".


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები