6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დაკავებულ დედას და მამინაცვალს პატიმრობა შეეფარდა
6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დაკავებულ დედას და მამინაცვალს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დაკავებულ დედას და მამინაცვალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

საქმის პროკურორი, ნათია ნოზაძე აცხადებს, რომ მიმალვის და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლის საფრთხე არსებობდა, რაც სასამართლომ გაიზიარა. მისივე თქმით, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ორივე ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული.

"გამომდინარე იქედან, რომ ორივე ბრალდებულის მხრიდან არსებობდა მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლის უკიდურესად მაღალი საფრთხე და ასევე მიმალვის, თბილისი საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების
მხარის შუამდგომლობა და ორივე მხარის მიმართ პატიმრობა გამოიყენა.

ბრალდების მხარის მიერ ამ ეტაპზე მოპოვებულია მოწმეთა ჩვენებები, ფოტო და ვიდეო მასალა. აღნიშნული მტკიცებულებების განხილვას ბრალდების მხარე არ აპირებს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ამ ეტაპზე დასაბუთებული ვარაუდით დასტურდება ორივე ბრალდებულის მიერ ჩადენილი არის სისხლის სამართლის კოდექსით ბრალდება,
რაც აქვთ წარდგენილი" , - განაცხადა ნათია ნოზაძემ.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

"პატიმრობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებოდა. სამწუხაროდ, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. ჩვენ ჩავიბარებთ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და დადგენილ ვადებში გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში.საქმეში არ არის არც ერთი მტკიცებულება იმის, რომ წამებას ჰქონდა ბავშვის მიმართ ადგილი დედის ან მამის მხრიდან. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდება ორივე მხარის მიმართ არის გამორიცხული" , - განაცხადა მუხრან ღურცკაიამ.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, მ.დ. და მისი მეუღლე ა.ს. ერთი წლის განმავლობაში, არასრულწლოვან და უმწეო მდგომარეობაში მყოფ მ.დ.-ს შვილს სისტემატურად ეპყრობოდნენ დამამცირებლად და დასჯის მიზნით, 6 წლის ბავშვზე ხანგრძლივად ახორციელებდნენ ფიზიკურ ძალადობას - სცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდნენ საკვებს და საწოლიდან ადგომას უკრძალავდნენ. ასევე ხელის არეში მიაყენეს დამწვრობა. ბრალდებულების ქმედებებმა დაზარალებული არასრულწლოვნის ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. სამართალდამცავებმა მ.დ. და ა.ს. 18 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის მიმართ წამება, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები