"ბადრიმ ცოცხლად დაგვმარხა, მორჩა, ის ჩემთვის მკვდარია!" - კვირის პალიტრა

"ბადრიმ ცოცხლად დაგვმარხა, მორჩა, ის ჩემთვის მკვდარია!"

"ჩემი შვილია, მაგრამ მისი არაფერი მაინტერესებს. მე მეორე შვილის ამბავი მაინტერესებს, უდანაშაულო კაცი ზის ციხეში"

"სულ ტელევიზორს ვუყურებ, რომ არაფერი გამომრჩეს. 8 თვეა ბადრის არაფერი ვიცი, ცოცხალია თუ მკვდარი. ის ჩემთვის მკვდარია, ჩემი შვილია, მაგრამ მისი არაფერი მაინტერესებს. მე მეორე შვილის ამბავი მაინტერესებს, უდანაშაულო კაცი ზის ციხეში... ახლა რა აუტანელი მდგომარეობაცაა ჩემს ოჯახში, მტერს არ ვუსურვებ - ორივე შვილი დამეღუპა, მშობლები გავნადგურდით... ბადრისთან არც არაფერი მაქვს სათქმელი. ჩაიდინა თუ არა ის დანაშაული, დღეს მის გამო მისი ძმა ციხეშია და ჩვენ ცოცხლად დაგვმარხა. მორჩა, ის ჩემთვის მკვდარია!" - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ძებნილი ბადრი ესებუას მამა ტარიელ ესებუა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 25 ოქტომბერს ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ფილიალს თავს დაესხა ბადრი ესებუა და მძევლები აიყვანა, გამოსასყიდად კი 500.000 დოლარი მოითხოვა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ მიღებულ თანხასა და სამ მძევალთან ერთად ბანკიდან გამოვიდა და პოლიციის მანქანით წავიდა. ბადრი ესებუას ადგილსამყოფელს სამართალდამცველებმა დღემდე ვერ მიაკვლიეს. საქმეზე გამოძიება ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით აღიძრა.

ამავე საქმეზე შსს-მ ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა 14 დეკემბერს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. საგამოძიებო ორგანოს განცხადებით, არსებობდა ვარაუდი, რომ ძმას ბადრი ესებუასთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთი. დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი. ბიძინა ესებუა ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ეს ნივთები პოლიციამ ჩაუდო ავტომანქანაში. ბიძინა ესებუას სასამართლო პროცესი 21 ივნისს გაიმართება.

- ძალიან ცუდად მიდის ჩვენი საქმე. ბადრიზე არაფერი ვიცი, არავინ არაფერს მეუბნება, წარმოდგენა არა მაქვს, სად შეიძლება იყოს. დამეღუპა ოჯახი... ბიძინას კი, ამ უდანაშაულო კაცს, რაც გაუკეთეს, ყველამ კარგად იცის. პაემანი გვქონდა მასთან, ცოლ-შვილი მივუყვანე. დედამისმაც ერთხელ ნახა. ნეტავ არ მენახა... კაცი ცარიელი ცხვირია დარჩენილი. რამდენი ხანია აპროტესტებს უკანონოდ დაკავებას და შიმშილობს... 22-ში კიდევ გვიწევს მასთან მიკროპაემანი, მაგრამ დედამისს შევუშვებ, მე არ შევალ, არ შემიძლია მისი ნახვა, ცუდად ვარ...

ვერაფრით დავეხმარე ჩემს უდანაშაულო შვილს, ის მძევალია, ბადრის გამო აიყვანეს და ეწამება. იმ თვეში დამთავრდება ბიძინას ამბავი და ვნახოთ, რა იქნება, რასაც მოისურვებენ, იმას უზამენ. ჩემი თავი სულ არ მადარდებს, ერთი დღე არ ვიცოცხლებდი ამ მდგომარეობაში, ბიძინას პატარები რომ არა, ხვალვე მოვიკლავდი თავს. ვერ გავუძელი ამხელა დარტყმას, ავადმყოფი ვარ, დიაბეტიანი, სტენტი მაქვს გასაკეთებელი, ნაინსულტარი ვარ, მაგრამ სამკურნალო ფული არა მაქვს. მეუღლეა და, ბადრისა და მერე ბიძინას ამბავზე იმდენი ინერვიულა, ახლა ყველაფერი სულერთია მისთვის, აზრზე არ არის, აშკარად ფსიქიკური პრობლემები აქვს.

- ბიძინას რომ შეხვდით, რაზე ისაუბრეთ? - რა უნდა მითხრას, მე ხომ ვიცი, რომ უდანაშაულოა.

მის ძმას მთელი საქართველო ეძებს და ორი პატარა ბავშვის პატრონი ასე გარისკავდა, როცა იცოდა, უთვალთვალებდნენ? ამისთანა რაღაცას გააკეთებდა?

ბიძინა კეთილმოწყობის სამსახურში მუშაობდა და მისი მანქანა ორი დღის განმავლობაში იუსტიციის სახლის შორიახლო იდგა. საბარგული არ იკეტებოდა და გვეუბნებიან, შიგ "ლიმონკა", ტყვიები, საძილე ტომარა და რაღაცები ეწყოო. ამ ყველაფერს ჩადებდა საბარგულში და 2 დღე დატოვებდა? რა თქმა უნდა, ჩაუდეს. რად უნდა დიდი მკითხაობა იმას, რომ ბიძინა ბადრის სატყუარად გამოიყენეს.

- მალე სასამართლო პროცესი გაიმართება, რისი იმედი გაქვთ? - 5 და 10 დამცველი რომც ავიყვანო, რა აზრი აქვს? რაც უნდათ, იმას უზამენ. რაც უნდათ, ის უქნიათ, სამუდამოს ხომ არ მისცემენ? როცა იქნება, გამოვა. მე ერთი მშრომელი კაცი ვარ. ვის ვებრძოლო, სახელმწიფოს ხომ ვერ შევებრძოლები? მოვა დრო და გაირკვევა ყველაფერი.

უდანაშაულო კაცი 7 თვეა ციხეში ზის, 2 თვეა არაფერი უჭამია... როცა პაემანზე ვკითხე, რა მოგიტანო-მეთქი, მითხრა, არაფერი მინდაო. თავი რომ მოვიკლა, ბავშვებს რა ვუყო? ჩემს შვილს მარტო იმით დავეხმარები, თვეში ერთხელ საჭმელი მივუტანო, ისიც, თუ შეჭამა, და ცოლ-შვილი ვანახო. არავისთვის მიმიმართავს, არც სახალხო დამცველთან მივსულვარ, ერთადერთი, ადვოკატი მყავს აყვანილი და ის გვეხმარება, ხანდახან ნახავს ჩემს შვილს და გვეტყვის, როგორ არის. ტვინის ინფარქტი გადავიტანე, არ შემიძლია კარგად ლაპარაკი, მაპატიეთ...

- ამას წინათ, შს მინისტრმა უთხრა ჟურნალისტებს, ვიცით სადაა ესებუა, ისვენებსო. სად შეიძლება "ისვენებდეს" ბადრი? - სულ ტელევიზორს ვუყურებ, რომ არაფერი გამომრჩეს. 8 თვეა ბადრის არაფერი ვიცი, ცოცხალია თუ მკვდარი. ის ჩემთვის მკვდარია, ჩემი შვილია, მაგრამ მისი არაფერი მაინტერესებს. მე მეორე შვილის ამბავი მაინტერესებს, უდანაშაულო კაცი ზის ციხეში. გამორჩეული არც ერთი შვილი არ მყავდა, მაგრამ ახლა რა აუტანელი მდგომარეობაცაა ჩემს ოჯახში, მტერს არ ვუსურვებ - ორივე შვილი დამეღუპა, მშობლები გავნადგურდით, უდანაშაულო შვილი მიზის ციხეში... 39 წლის კაცია და ცხოვრებაში მისგან ერთი წყენა არავის ახსოვს. მსახურობდა ჯარში, მერე მუშაობდა კეთილმოწყობის სამსახურში. ხელმოწერებს შევაგროვებდი, მის ყველა დამსახურებას მოვუყრიდი თავს, მაგრამ რას უშველის? ბადრისთან არც არაფერი მაქვს სათქმელი, ჩაიდინა თუ არა დანაშაული, დღეს მის გამო ძმა ციხეშია და ჩვენ ცოცხლად დაგვმარხა. მორჩა, ის ჩემთვის მკვდარია!

- ელოდით მისგან მსგავს საქციელს? - ჩემი შვილები ისე მყავდა გაზრდილი, ერთი ღამე არ გაუთევიათ სხვაგან. ზოგი მშობელი რომ იტყვის, მოვა, აბა, სად წავაო, ასე არასდროს გვიფიქრია და მიგვიჩვევია, სულ ვიცოდით, რით სუნთქავდნენ, მაგრამ ხომ ხედავთ, რა მოხდა?! არ ვიცი, რა ეშველება ბიძინას... მარტო ღმერთის იმედი მაქვს. ნუთუ საქართველოში არ არის ერთი ისეთი კაცი, უდანაშაულო კაცს სიტყვა შეაწიოს? ერთი კარგი სიტყვა არავის უთქვამს ბიძინაზე. მხოლოდ ის მინდა, უდანაშაულო კაცს ნუ გაწირავენ. ბადრიმ თუ დააშავა, ბიძინა რა შუაშია, ან რით უმტკიცებენ დანაშაულს? მაინც იმედი მაქვს, გაირკვევა ყველაფერი. რძალი ცალკე ნერვიულობს და შიმშილობს, 27 წლის გოგოა, რა ქნას, ძვალი და ტყავია დარჩენილი. ნეტავ ჯანმრთელობა მაინც მიწყობდეს ხელს. სანამ გავძლებ, ვიქნები, რა ვქნა!