"ჩემს შვილს თავი არ მოუკლავს" - კვირის პალიტრა

"ჩემს შვილს თავი არ მოუკლავს"

"გაძლევთ გარანტიას, ევროსაბჭოს დიდი ოჯახი იზრუნებს დამნაშავეთა დასჯაზე"

საქართველო ევროსასამართლოში გაგზავნილ საქმეთა პროცენტული რაოდენობით პირველ ადგილზეა

"გვამს კისერზე აღმოაჩნდა სხვა დაზიანებაც, რომელიც ბლაგვი საგნით იყო მიყენებული"

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მართლმსაჯულების ორგანოა, მაგრამ გვერდს ვერავინ აუვლის იმას, რომ თავისი გადაწყვეტილებებითა და საქმიანობით ხშირად პოლიტიკასაც ქმნის. ალბათ, შემთხვევითობას ვერ მიეწერება ბოლო სამი თვის განმავლობაში ორ სხვადასხვა საქმეზე გამოტანილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების ერთი და იგივე კონტექსტი. ევროსასამართლომ ჯერ კიდევ სანდრო გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე, საქმეზე "ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ" გამოტანილ გადაწყვეტილებაში დაუფარავად მიუთითა, რომ საქართველოში დამოუკიდებელი და ობიექტური გამოძიების მწვავე დეფიციტია.

ზურაბ ცინცაბაძე 2004 წლის 4 ივნისს დააკავეს სხვისი ქონების დაზიანება-განადგურების ბრალდებით და სამ-ნახევარი წლით  თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2005 წლის 30 სექტემბერს ცინცაბაძე ხონის მე-9 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩამომხრჩვალი იპოვეს. გამოძიების ვერსიით, მან თავი მოიკლა, მაგრამ გარდაცვლილის დედა სვეტა ცინცაბაძე ეჭვობს, რომ მისი შვილი მოკლეს.

სვეტა ცინცაბაძე: "შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი დარღვევითა და  ზედაპირულად იყო შედგენილი. არ აუღიათ ანაბეჭდები შემთხვევის ადგილზე არსებული ნივთებიდანაც. გარდაცვალების დრო სხვადასხვაგვარად იყო დაფიქსირებული. ოქმში ეწერა, რომ ჩემი შვილი საკუჭნაოში ფანჯრიდან  შევიდა, მითითებული არ იყო, ფანჯარა გააღო, ჩაამტვრია თუ რა მოიმოქმედა იქ მოსახვედრად. არ დაუკითხავთ საკუჭნაოზე პასუხისმგებელი პირი. სკამი, რომელიც თითქოს თავის ჩამოხჩობის დროს ჩემმა შვილმა გამოიყენა, შემთხვევის ადგილზე აღარ იყო. გამოძიებას ციხის თანამშრომლების კაბინეტებში არსებული სკამები წარუდგინეს "ნივთმტკიცებად".

რაც მთავარია, ჩემი შვილის გარდაცვალებიდან ერთი თვისა და ცხრა დღის შემდეგ პროზექტურაში იპოვეს წერილი, რომელიც თითქოსდა ჩემმა შვილმა დაწერა. ჯერ ერთი, ამ წერილზე არაფერი იყო ნათქვამი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში, მეორე - პროზექტურის თანამშრომელი შამილ გუგავა, რომელმაც წერილი იპოვა, ჩვენებაში მიუთითებს, რომ მაცივრის კამერას თვეში ორ-სამჯერ ალაგებდა, ჩემი შვილის წერილი კი თვისა და ცხრა დღის შემდეგ იპოვა. მაშინ, როდესაც გვამი პროზექტურის სამაცივრო განყოფილებაში აბსოლუტურად შიშველი შეაქვთ, როგორ მოხვდა წერილი სამაცივრო კამერაში? რაც მთავარია, წერილის ადრესატია მისი ყოფილი ცოლი ნინო, მაშინ, როცა მას მაკა ჰქვია(?!).

გამოძიებას წერილისთვის არც კალიგრაფიული და არც დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა არ ჩაუტარებია და, ბუნებრივია, გამიჩნდა ეჭვი, რომ ჩემს შვილს თავი არ მოუკლავს. რაკი ჩემი ძალისხმევა სიმართლის დასადგენად ფუჭი აღმოჩნდა, იძულებული გავხდი, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოსთვის მიმემართა".

ნათია კაციტაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი: "ეს საქმე სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში 2006 წელს მიიღო და პირდაპირ მიუთითა გადაწყვეტილებაში, რომ ზურაბ ცინცაბაძის ციხეში გარდაცვალების ფაქტზე არ ჩატარებულა დამოუკიდებელი და ობიექტური გამოძიება. ასევე მიუთითა, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას დაშვებულ იქნა მნიშვნელოვანი უზუსტობები, რის გამოც ბევრი შეკითხვა ცინცაბაძის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე პასუხგაუცემელი დარჩა. მიუთითა ისიც, რომ ფაქტობრივად, ნივთმტკიცებები განადგურდა, რასაც ყურადღება არ მიაქცია გამოძიებამ.

საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა იმ დეპარტამენტმა, რომელიც სტრუქტურულად იმავე სამინისტროს ექვემდებარება, სადაც ეს ფაქტი მოხდა, რაც ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების დამოუკიდებლობას. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, გარდა სტრანგულაციის კვალისა, რომელიც დადგინდა ექსპერტიზით, გვამს კისერზე აღმოაჩნდა სხვა დაზიანებაც, რომელიც, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნის ზემოქმედებით იყო გამოწვეული.

გამოძიება მოქმედებდა ცალმხრივად, მხოლოდ პროკურატურის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებს დაეყრდნო. საგამოძიებო ორგანოებმა არ გამოიძიეს ცინცაბაძის მკვლელობის საქმე, მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელი მუდმივად აცხადებდა, რომ მის შვილს პრობლემები ჰქონდა, რადგან ე.წ. "ობშჩიაკში" ფულის შეტანას სთხოვდნენ. იმავე ციხის პატიმარმა დაასახელა პირები, ეგრეთ წოდებული გავლენიანი პატიმრები, მაგრამ არც ამას მოუხდენია გამოძიებაზე გავლენა. ამ დარღვევებთან ერთად, სასამართლომ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გამოყო. კერძოდ, საქმე ეხება წერილს, რომელიც ვითომ ცინცაბაძემ ყოფილ ცოლს მისწერა და რომელსაც გამოძიება დაეყრდნო როგორც თვითმკვლელობის მიზეზს.

წერილი დათარიღებულია ცინცაბაძის გარდაცვალებიდან ორი დღით გვიანდელი თარიღით და რაც მთავარია, ადრესატია ნინო, მაშინ, როცა პატიმრის ყოფილ ცოლს მაკა ჰქვია.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მტკიცებულებების სანდოობა ვერ უძლებს კრიტიკას".

სასამართლოს გადაწყვეტილება სამი თვის შემდეგ შედის ძალაში, მაგრამ იუსტიციის სამინისტრომ გამოთქვა სურვილი, გამოძიება დაეწყო და ეს აცნობა სტრასბურგს, თუმცა ჯერჯერობით გამოძიება არ განახლებულა.

ლია მუხაშავრია, ადვოკატი: - ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას პრეცედენტული   ძალა აქვს. კონკრეტულ საქმეზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ გავლენა უნდა მოახდინოს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე იმდენად, რომ მსგავსი ტიპის დარღვევა აღარ განმეორდეს. მაგრამ მხოლოდ გადაწყვეტილების მიღებით როდი მთავრდება ყველაფერი. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი, რომელიც ევროსაბჭოს აღმასრულებელი ორგანოა, იღებს სპეციალურ დოკუმენტს, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად.

- ზეწოლის რა მექანიზმები აქვს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს?

- წმინდა პოლიტიკური.

მინისტრთა კომიტეტი შედგება ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისაგან. კომიტეტი იკრიბება და კონკრეტულ საკითხზე მსჯელობს. სწორედ იქ, მთელი ევროპის მინისტრების თვალწინ, ხდება ზეწოლა იმ მინისტრზე, რომლის ქვეყანამ არ აღასრულა, აჭიანურებს ან არასრულად აღასრულებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილების აღუსრულებლობა აუცილებლად აისახება პოლიტიკურ მოვლენებზე. გარწმუნებთ, ევროსაბჭოს აქვს ზეწოლის მექანიზმები და საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება მანამ, სანამ ევროსასამართლოს ნება არ აღსრულდება.

ცინცაბაძის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება პირველი იყო, რომელიც სიცოცხლის უფლების ხელყოფის გამო მიიღო ევროსასამართლომ. მას მოჰყვა გირგვლიანის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებაც, რაც შემთხვევითი ნამდვილად არ არის. ასეთი ქრონოლოგია იმას ნიშნავს, რომ ევროსასამართლომ შეგნებულად, რიგრიგობით გამოიტანა ეს გადაწყვეტილება იმის საილუსტრაციოდ, რომ ევროპა კარგად ხედავს, რა პრობლემები აქვს ქართველ საზოგადოებას. ცინცაბაძის საქმის გამოძიების მასალებმა იმდენად გააოცა სასამართლო,  მიიჩნია, რომ გამოძიება არც კი ჩატარებულა. გირგვლიანის საქმეზეც იგივე ითქვა.

ბუნებრივია, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების უკან პოლიტიკური ასპექტებიც მოიაზრება. ევროსასამართლომ პირველი გადაწყვეტილება ქვეყნის წინააღმდეგ სწორედ ასანიძის საქმეზე გამოიტანა. როდესაც სასამართლო განიხილავს პირველ საქმეს ქვეყნის წინააღმდეგ, ბუნებრივია, ის უნდა იყოს ძალიან თვალსაჩინო და დიდი გავლენის მომხდენი არა მარტო ქვეყნის, არამედ ევროპის მასშტაბით.

შემთხვევით არ ხდება საქმეთა შერჩევა. შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყნის სათავეში ახალმოსულმა ხელისუფლებამ ეს საქმე აჭარაში ასლან აბაშიძის ხელისუფლების შესაცვლელად გამოიყენა. ასანიძის უკანონო პატიმრობის საქმე გადაიქცა იურისდიქციის გავრცელების საკითხადაც. ევროსასამართლომ გადაწყვეტილებაში ჩაწერა, რომ საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება არა მარტო იმ ტერიტორიაზე, სადაც ფაქტობრივად ვრცელდება საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია, არამედ იქაც, სადაც იურისდიქციას ვერ ახორციელებს.

ევროსასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ასანიძე უნდა გათავისუფლებულიყო პირველი შესაძლებლობისთანავე. ასეთი განსაკუთრებული ზომა ევროსასამართლოს ორმოცდაათწლიან ისტორიაში პირველად ჩაიწერა სასამართლოს გადაწყვეტილებაში. დღეს თუ ვინმე ითხოვს პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ან რაიმე გადაუდებელ ღონისძიებას, ყველა მიუთითებს ასანიძის საქმეს, როგორც პრეცედენტს.

ჩვენ დავუკავშირდით იუსტიციის სამინისტროს, გვსურდა ამ საქმეზე იუსტიციის მინისტრის მოადგილის თინა ბურჯალიანის აზრიც გაგვეგო, მაგრამ კომენტარი იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურმა გააკეთა.

ხათუნა იოსავა, პრესსამსახურის ხელმძღვანელი: - არავინ უარყოფს, რომ საქართველოში მართლმსაჯულებას პრობლემები აქვს და იდეალურად არ არის საქმე. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს ამ სფეროს რეფორმირება და მუშაობა იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ევროსტანდარტებს.

- აქტიური მუშაობა და რეფორმირება კონკრეტულ საქმეებზე უნდა აისახოს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ სტრასბურგის სასამართლოში დაზარალებული და მსჯავრდადებული ერთი და იმავე მოთხოვნით ჩივიან (ვგულისხმობ გრიგოლ ვარდოსანიძისა და მერაბ დარბაიძის ამბავს "კვირის პალიტრა" #20).

- კონკრეტულ საქმეებზე ვერაფერს გეტყვით. ჩვენ ყოველმხრივ ვცდილობთ, რომ ეს სფერო მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროსტანდარტებს(?!).

P.S.  ზოგადი ფრაზები: "ჩვენ ვმუშაობთ სიტუაციის გამოსწორებისთვის" და ასე შემდეგ, ვფიქრობ, მხოლოდ ფრაზების თამაშია აბეზარი ჟურნალისტის თავიდან მოსაშორებლად და კითხვებზე პასუხისგან თავის ასარიდებლად.

KvirisPalitra.Geსტრასბურგის სასამართლო

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია ძალაში 1953 წელს შევიდა. კონვენციით აღიარებულ იქნა არა მარტო ადამიანის უფლებების დაცვის ძირითადი პრინციპები, არამედ მათ დასაცავად საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოც. ევროპის სამართლებრივ სივრცეში გაერთიანების იდეა  XX საუკუნის 40-იან წლებში დაიბადა, 50-იან წლებში კი ევროსაბჭოში გაერთიანების სურვილი ექვსმა ქვეყანამ - ბელგიამ, გერმანიამ, იტალიამ, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდმა და საფრანგეთმა გამოთქვეს.

მოგვიანებით მათ სხვა ქვეყნები შეუერთდნენ. ამჟამად აღმოსავლეთ ევროპის ცამეტი ქვეყანა ემზადება ევროკავშირში გასაწევრებლად. ევროკავშირის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ მხოლოდ ის სახელმწიფოები, რომლებიც იზიარებენ ადამიანის უფლებების ძირითადი პრინციპების ქარტიას და აცხადებენ მზაობას და იძლევიან გარანტიას მის შესრულებაზე. ევროსასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება  ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებზე, რომლებიც შეუერთდნენ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციას.

ევროსასამართლომ 2010 წელს 12198 საქმე განიხილა, მათგან 10156 განმცხადებელთა სასარგებლოდ გადაწყდა. სტატისტიკური მონაცემებით, საქართველო ევროსასამართლოში გაგზავნილ საქმეთა პროცენტული რაოდენობით (თითო სულ მოსახლეზე) პირველ ადგილზეა. საქართველოს მოსდევს ჩერნოგორია, ლიხტენშტაინი და მოლდავეთი. 2004 წელს საქართველოდან ევროსასამართლოში 48 საქმე შევიდა, 2009 წელს კი - 2122.