სუს-მა დასაქმების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაციის მომზადების და თაღლითობის ფაქტზე სამი პირი დააკავა - კვირის პალიტრა

სუს-მა დასაქმების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაციის მომზადების და თაღლითობის ფაქტზე სამი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დგინდება, რომ კოვიდ პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული 200-ლარიანი სოციალური დახმარების მოტყუებით მიღებისათვის, ინდმეწარმემ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა ორგანიზება გაუწიეს რამდენიმე ათეული პირის მობილიზებას და მათთვის ინდ.მეწარმესთან, 2020 წლის იანვარ-თებერვალში დასაქმების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაციის მომზადებას. აღნიშნული პირების პირადი მონაცემები წარადგინეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, შესაბამისად ყალბი დოკუმენტების გამოყენებით თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 10 200 ლარს.

ამასთან, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხსენებული პირები გაცემული 200-ლარიანი დახმარებიდან 100 ლარს ე.წ. "ატკატის" სახით ართმევდნენ ბენეფიციარებს. დადგენილია, რომ აღნიშნული პირები რეალურად არ იყვნენ დასაქმებული ინდ.მეწარმესთან და შესაბამისად, არ წარმოადგენდნენ საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ დასახმარებელ პირთა წრეს.

გამოძიების მიერ იდენტიფიცირებულია თაღლითურ სქემაში მონაწილე ყველა პირი და მათ მიმართ ტარდება სათანადო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს", - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

"ინტერპრესნიუსი"