მიხეილ კალანდიას მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობის ეპიზოდში სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა
24-06-2021
მიხეილ კალანდიას მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობის ეპიზოდში სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა
დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობის ეპიზოდში სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. აღნიშნული შუამდგომლობა საქმის პროკურორმა გიორგი ქობულაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დააყენა. ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომელსაც კალანდიას ადვოკატი არ ეთანხმებოდა და აცხადებდა, რომ ის ხარვეზებით იყო წარმოდგენილი, მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძემ დააკმაყოფილა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, პროკურორის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო. გაბრიჩიძის განცხადებითვე, ვინაიდან მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაშია მსჯავრდებული, ის დანაშაულის შეუტყობინებლობაზე ვერ გასამართლდება.

ადვოკატ ზურაბ
თოდუას თქმით კი, პროკურატურა მიხეილ კალანდიას ერთ საქმეზე ორ ეპიზოდს ედავებოდა, შესაბამისად, როგორც კი მისი დაცვის ქვეშ მყოფს მკვლელობის ბრალდება წარუდგინეს, დანაშაულის შეუტყობინებლობაზე დევნა უნდა შეეწყვიტათ.

ბრალდების მხარემ გასულ სხდომაზე სასამართლოში კალანდიას მიმართ 3 სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი დამატებით მტკიცებულებად წარმოადგინა, რომლის საფუძველზეც დანაშაულის შეუტყობინებლობის
ეპიზოდში კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შემწყდარიყო.

სასამართლოზე სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა. "ამ საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობას რომ მედავებიან და არა დაფარვას, ეს გუშინ გავიგე", - განაცხადა კალანდიამ.

ადვოკატი აღნიშნულ ეპიზოდზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვდა.

ცნობისთვის, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. უზენაესმა სასამართლომ კი, საკასაჩიო საჩივარი საერთოდ დაუშვევბლად მიიჩნია. აღნიშნულ საქმეზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, მას აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ კონკურსანტებისა და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას პრემია ლიტერას კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ კონკურსანტებისა და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას პრემია ლიტერას კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ?