"დაკითხეს რამდენიმე დღეში უკან წავიდა. დღეს ისევ ჩამოვიდა, ამ ჩამოსვლას მოჰყვა გაურკვეველი მიზეზებით მისი დაკავება"- ვატო ყიფიანის ადვოკატი - კვირის პალიტრა

"დაკითხეს რამდენიმე დღეში უკან წავიდა. დღეს ისევ ჩამოვიდა, ამ ჩამოსვლას მოჰყვა გაურკვეველი მიზეზებით მისი დაკავება"- ვატო ყიფიანის ადვოკატი

განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებული ვატო ყიფიანის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებას გაურკვევლობას უკავშირებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარიკა ფხალაძემ განუცხადა, ყიფიანს ბრალი ჯერ წარდგენილი არ აქვს და შესაბამისად, არც გამოძიების მასალებს იცნობს.

"ახლა გამოვედი საერთაშორისო აეროპორტიდან. შევხვდი მას და ვესწრებოდი დაკავების პროცესს. დააკავეს მკვლელობის მცდელობის საქმეზე, რომელზეც მოწმის სახით ერთხელ უკვე იყო დაკითხული, გამოუშვეს, გამოძიება მიმდინარეობდა და დღეს დააკავეს. მასალები ჯერ არ გადმომცემია. არ ვიცი რა მოიპოვეს მისი დაკითხვის შემდეგ. საფუძველი არის ის, თითქოს მას ჰქონდეს ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რომელიც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 20-წლამდე ვადით. თითქოს მოსალოდნელია სასჯელის შიშით დაიმალოს და ობიექტური გამოძიების ჩატარების საშუალება არ მისცეს გამოძიებას, რაც აბსურდია! ამის შიში რომ ჰქონოდა, დაკითხვაზეც არ მივიდოდა. არანაირი საფუძველი მისი დღეს დაკავების არ არსებობდა, ვფიქრობ, გაურკვევლობაა.

ნამდვილად უკავშირდება ძმები ფეიქრიშვილების საქმეს მისი დაკავება, თუმცა, რა ახალი მტკიცებულებები მოიპოვა გამოძიებამ, არ ვიცით. ამ საქმეზე განაჩენი დამდგარია გარკვეული პირების მიმართ, თუმცა, გამოყოფილი იყო ერთი ნაწილი ამ საქმიდან და გამოძიება თვლიდა, რომ კიდევ შეიძლებოდა სხვა პირებიც ყოფილიყვნენ საქმეში ჩართული. ამ ეტაპზე კითხვები არ ყოფილა. ბრალიც არ წაყენებია მას. ბრალს წაუყენებენ თუ არა, ან რა მუხლებით წაუყენებენ, ამ ეტაპზე შეუძლებელია ვიცოდეთ. შემდგომი პროცედურებიდან გამომდინარე გვეცოდინება, რა სამართლებრივი პრეტენზიები აქვს მის მიმართ გამოძიებას. 2 თვის წინ თბილისში დაკითხეს, დაბარებული იყო, უკრაინიდან ჩამოვიდა, დაკითხეს რამდენიმე დღეში უკან წავიდა. დღეს ისევ ჩამოვიდა, ამ ჩამოსვლას მოჰყვა გაურკვეველი მიზეზებით მისი დაკავება. დაკავებიდან 48-საათის განმავლობაში ან ბრალი უნდა წაუყენონ, ან გაათავისუფლონ, თუკი საკმარისი საფუძველი ვერ ნახეს ბრალის წასაყენებლად“, - განაცხადა ფხალაძემ.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ვატო ყიფიანის პოზიციაა, რომ ძმებ ფეიქრიშვილების საქმესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. თუმცა, დასძენს, რომ საქმეზე დაკავებულ ერთ პირს ყიფიანი იცნობს.

ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ ის არ უკავშირებს ყიფიანის დაკავებას 2 თვის წინ საქმეზე მიცემულ ჩვენებას.

"ჩვენებას ვერ დავუკავშირებ ვერანაირად, რადგან მის მიმართ ჩვენებიდან გამომდინარე, გამოძიებას პრეტენზიები არ ჰქონდა და სახლში გაუშვეს. თუკი რაიმე მტკიცებულება ჰქონდა გამოძიებას, როცა საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა, მისთვისაც უნდა წარედგინათ ბრალი დაუსწრებლად. მაგრამ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებები არ არსებობდა. მაშინაც იგივე მოცემულობა იყო, როცა მოწმის სახით დაიბარეს და დაკითხეს. ვფიქრობ, არც ამ ეტაპზე არაფერი აქვთ და არის გაურკვევლობა, რომელიც დალაგდება“, - განუცხადა ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“.

ადვოკატი ყიფიანის დაკავების პროცესში დარღვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ვატო ყიფიანს თავისუფლება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის 1-ელი საათიდან ჰქონდა აღკვეთილი, ოფიციალურად მისი დაკავების დროდ კი, ოქმში 20:00 საათია მითითებული.

"1-ზე ჩამოფრინდა და საღამოს 8-საათამდე არ მომეცა შეხვედრის საშუალება, სად და რატომ იყო, ან რატომ აჩერებდნენ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ვარკვევდი. დაკავების ოქმი კი 8:00 საათზე გააფორმეს, რაც გავაპროტესტეთ. შეზღუდული ჰქონდა თავისუფლება, არ ჰქონდა გადაადგილების თავისუფლება, უკვე დაკავებული იყო. დაკავების ფორმალურ მხარეს, ოქმების შედგენას და ჩხრეკის პროცესს ვესწრებოდი. თუმცა, 1-ელიდან 8:00 საათამდე მის მიმართ განხორციელებული პროცედურები ამბსოლუტურად უკანონო იყო. მე როგორც მივხვდი, ამ პერიოდის განმავლობაში სასამართლოს მიმართეს დაკავებაზე განჩინების ასაღებად. სანამ განჩინება არ ჰქონდათ, მისთვის თავისუფლების აღკვეთის უფლება არ ჰქონდათ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 18-109-ე მუხლით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"