რა ინფორმაციას ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის ეროვნული პოლიცია ვატო ყიფიანზე? - კვირის პალიტრა

რა ინფორმაციას ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის ეროვნული პოლიცია ვატო ყიფიანზე?

უკრაინამ ე.წ. კანონიერი ქურდი ვატო ყიფიანი ქვეყნიდან გააძევა. შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის ეროვნული პოლიციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. უწყების განმარტებით, ეროვნული პოლიციის სტრატეგიული გამოძიების დეპარტამენტის ოფიცრებმა, მიგრაციის სახელმწიფო სამსახურთან ერთად, იძულებით დააბრუნეს „ავტორიტეტი“ მისი წარმომავლობის ქვეყანაში.

„ის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სანქცირებულთა სიაში იყო შეყვანილი, როგორც პირი, რომელიც თავისი მოქმედებით ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეების ეროვნულ უსაფრთხოებას შეიძლება საფრთხე შეუქმნას.

რამდენჯერმე ნასამართლევი საქართველოს 42 წლის მოქალაქე სახელად - ვატო ყიფიანი, მანამდე უკვე დააკავეს სხვა ქვეყნების სამართალდამცავმა ორგანოებმა მძიმე დანაშაულების ჩადენისთვის, მათ შორის მკვლელობისთვის. უკრაინაში იგი წარმოადგენდა კრიმინალურ სამყაროში გავლენიანი რუსი და ქართველი "კანონიერი ქურდების" ინტერესებს, აკონტროლებდა გამოძალვისა და ქურდობის დაჯგუფებებს და უშუალოდ იყო პასუხისმგებელი დანაშაულებრივი შეკრებების ორგანიზებაზე.

სამართალდამცავი ორგანოების მიერ უკრაინაში კრიმინალური გავლენის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, სამართალდამცავებმა ვატო ყიფიანი იძულებით დააბრუნეს წარმოშობის ქვეყანაში, აუკრძალეს მას ქვეყანაში შესვლა“, - აცხადებენ ეროვნულ პოლიციაში.

ინფორმაციისთვის, ვატო ყიფიანი განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. საქმე ეხება ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადებას. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 18-109 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადებას (დაუმთავრებელ დანაშაულს) გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"