"4 შვილი ჰყავს დაკავებულს. ორი წელია თურმე, შვილის და შვილიშვილის ტოლა ბავშვზე ძალადობდა მამა-შვილი" - კვირის პალიტრა

"4 შვილი ჰყავს დაკავებულს. ორი წელია თურმე, შვილის და შვილიშვილის ტოლა ბავშვზე ძალადობდა მამა-შვილი"

მარტვილის ერთ-ერთ სოფელში შოკისმომგვრელი დანაშაული მოხდა. 8 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით ძალოვნებმა მამა-შვილი დააკავეს და მათ სასამართლომ უკვე პატიმრობა შეუფარდა.. ამ ამბის გახმაურების შემდეგ, ბრალდებულების საცხოვრებელ სახლს გოგონას ოჯახის წევრებმა, მეზობლებმა და ახლობლებმა ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს. შემთხვევის ადგილზე ამ დროს სამართალდამცველები იყვნენ, თუმცა აღშფოთებული ხალხის შეჩერება ვერ შეძლეს. სოფლის მოსახლეობა ბრალდებულების ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს. დაკავებულებს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს. ის საქმის დეტალებზე არ საუბრობს, რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხება. ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს.

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულმა ერთ-ერთმა პირმა კიდევ ერთი არასრულწლოვნის, 9 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა.

23 ივნისს პოლიციას გოგონას ოჯახმა მიმართა და ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სამართალდამცველებმა მამა- შვილი, ბ.გ. და ზ.გ. იმავე დღეს დააკავეს. ირკვევა, რომ ძალადობა ბავშვზე რამდენჯერმე მოხდა. ამიტომ 63 წლის ბრალდებულს 8 წლის ბავშვზე ძალადობის ორ ეპიზოდს ედავებიან, ხოლო მის 36 წლის შვილს, ზაალ გ-ს ბრალად ედება გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ სამი ეპიზოდი, ზ.გ-ს ასევე ბრალდება 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა. ორივე პირისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, 2020 წლიდან 2021 წლის 21 ივნისის ჩათვლით ბ.გ. და ზ.გ. დაზარალებულის ასაკის გამო მისი უმწეობის გამოყენებით, 8 წლის გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურეს. ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 21 იანვარს ზ.გ.-მ დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, ძალადობით 9 წლის გოგონას მიმართაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. ბ.გ. და ზ.გ. დაზარალებულ არასრულწლოვნებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, თუ ისინი მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდნენ. ცნობილია ისიც, რომ პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს. ახლა ყველა იმის მოლოდინშია, რომ დამნაშავე უმკაცრესად დაისაჯოს.

ადგილობრივი ქალბატონი:

- საშინელი ამბავია, წარმოუდგენლად მძიმეა ამაზე საუბარიც კი. მთელი სხეული მიცახცახებს ამას რომ გიყვებით. ისინი ერთმანეთის მეზობლები არიან, ხშირი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. ფაქტობრივად ამ ბავშვის სახლში ჭამდნენ ეს გარეწრები საჭმელს, რადგან თვითონ ეკონომიკურად უჭირთ. დაკავებულს ამ ბავშვის ტოლი შვილები ჰყავს. ამიტომ ბავშვები ერთმანეთთან ხშირად დადიოდნენ. 63 წლის მამაკაცი ტრაქტორის მძღოლია. მისი შვილი, ზაალი, ადრე ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს. 4 შვილი ჰყავს ამ გარეწარს. თითქმის თანატოლები არიან მოძალადის შვილები და მსხვერპლი ბავშვები. წარმოგიდგენიათ ორი წელია თურმე შვილის და შვილიშვილის ტოლა ბავშვზე ძალადობდნენ მამა-შვილი. ვესაუბრე ბავშვის დედას, ბავშვს უთქვამს დედისთვის ეს ამბავი, ემუქრებოდნენ თურმე არავის უთხრა, თორემ დედას მოგიკლავო, შენ მოგკლავთო და შეეშინდა. დედას მაშინათვე პოლიციისთვის უცნობებია, ექსპერტიზა ჩატარდა და დადასტურდა ეს საშინელი ამბავი. დაკავებულები იყვნენ ორივე სოფელმა ეს ამბავი რომ გაიგო, თორემ აქედან ცოცხალს მათ ვინ გაუშვებდა. პოლიცია იცავდა წუხელ მათ სახლს, ოჯახის სხვა წევრები გახიზნულები არიან. დღესაც აქ იყვნენ პოლიციელები, მათ თვალწინ დაიწვა ეს სახლი. ბავშვის მამას წინ ვინ გადაუდგებოდა, კადრებში ერთი მამაკაცი რომ აქტიურობს ძალიან, ის დაკავებულის ძმისშვილია. თავისი ბიძის სახლი თავისი ხელით გადაწვა სხვებთან ერთად. მთელი სოფელი ფეხზე დგას. ის ძმისშვილი დაზარალებული ოჯახის სიძეა, კაცი გაგიჟებული იყო. ახლა გავიგე, რომ დაკავებული ზაალი თურმე მეორე დაზეც ძალადობდა. ასეთ ადამიანს რად უნდა სასამართლო, ისინი უნდა მიეცათ სოფლისთვის და სოფელი გამოუტანდა განაჩენს. ახლა სოფლის ბიჭებმა მითხრეს, პოლიციელებს უთქვამთ, აღიარეს დანაშაულიო. თურმე ბავშვისთვის გადაუბრალებია ერთ-ერთს ეს სისაძაგლე. უთქვამს, ბავშვმა მითხრა, ტელევიზორში ვუყურებდი ასეთ რამესო. იმ დეტალების გამეორებაც წარმოუდგენელია, რაც დღეს მოვისმინე ბავშვის ოჯახის წევრებისგან.

ოჯახის ახლობელი:

- მეორე კლასშია ბავშვი და ახლა გავიგეთ რომ მასზე 2 წელია თურმე ძალადობდნენ. როგორც მამა, ისევე შვილი აშინებდნენ ბავშვს. შვილს დანა ამოუღია და დამუქრებია, თუ რამეს იტყვი, მოგკლავო. თუ რამე სიბინძურე შეიძლება მოხდეს და გაუკეთო ადამიანს, ყველაფერს უკეთებდნენ ბავშვს. ყველგან ძალადობდნენ, სადაც მარტო ნახავდნენ. ბოლო ფაქტი 21 ივნისს მოხდა. ისეთ რაღაცეებს ყვება, რასაც ბავშვი ვერ მოიგონებს.

ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

(სპეციალურად საიტისთვის)