ზესტაფონში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციელი დააკავეს - ვინ არის მოკლული ახალგაზრდა? - კვირის პალიტრა

ზესტაფონში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციელი დააკავეს - ვინ არის მოკლული ახალგაზრდა?

ზესტაფონში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, თამარ მეფის ქუჩაზე ახლაგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მოკლული 31 წლის ხარაგაულელი ახალგაზრდა, ვანო ბანცაძეა. ის ერთ-ერთ ჩინურ კომპანიაში მექანიკოსად მუშაობდა.

ჩვენი ინფორმაციით, ბანცაძე გუშინ ზესტაფონში თანამშრომელთან სტუმრად იმყოფებოდა, სადაც დაპირისპირება სუფრაზე დაიწყო.

"როგორც ვიცით, აქ თანამშრომელთან იყო ჩამოსული. ქეიფობდნენ და ამ დროს სიტყვიერი შელაპარაკება მომხდარა. შემდეგ გარეთ გამოსულან და გასროლაც მაშინ მოხდა. სასწრაფოს მოსვლამდე გარდაიცვალა" - გვიყვებიან ზესტაფონელები.

ვანო ბანცაძეს მეუღლე და ერთი შვილი დარჩა.

მომხდართან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. მათი ინფორმაციით, ზესტაფონში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელი ცეცხლსასროლი იარაღის გადაცემის ფაქტზე დააკავეს.

"ზესტაფონში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გადაცემის ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილი), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელი ლ.ზ. დააკავეს. ასევე, აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები) რ.ბ., ხოლო ნივთიერი მტკიცებულებების განადგურებისთვის (368-ე მუხლი) ხ.გ. დააკავეს.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ივნისს, ზესტაფონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სუფრაზე, სტუმრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც რ.ბ.-მ ლ.ზ.-ს კუთვნილი ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან ვ.ბ.-ს ესროლა. გულმკერდის არეში მიღებული ჭრილობის შედეგად ვ.ბ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ასევე გამოძიებით დადგინდა, რომ მომხდარი დანაშაულის შემდგომ ხ.გ.-მ საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გაანადგურა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გმომძიებელ ლ.ზ.-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება" - წერია განცხადებაში.

ambebi.ge