"ამბობენ, პოლიციელის ბიძას ეჭირა იარაღი და სწორედ მან გაისროლაო... ვანოს 2 წლის პატარა დარჩა, განადგურდა ოჯახი" - კვირის პალიტრა

"ამბობენ, პოლიციელის ბიძას ეჭირა იარაღი და სწორედ მან გაისროლაო... ვანოს 2 წლის პატარა დარჩა, განადგურდა ოჯახი"

31 წლის ვანო ბანცაძე ზესტაფონში, თამარ მეფის გამზირზე 30 ივნისს მოკლეს. იმ საბედისწერო დღეს იგი მეგობრის დაბადების დღეზე ხარაგაულიდან ჩავიდა. როგორც ირკვევა, მთვრალ სუფრის წევრებს შორის მომხდარი შელაპარაკება სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდა. ადგილობრივების თქმით, 20-მდე მამაკაცი ქუჩაში ჩხუბობდა, იყო გაწევ-გამოწევა, გინება და მერე გასროლის ხმაც გაიგეს. სწორედ ამ გასროლილი ტყვიით დაიჭრა სასიკვდილოდ ვანო ბანცაძე. ახალგაზრდა ბიჭი იქვე წაიქცა, სასწრაფო და პოლიცია შემთხვევის ადგილზე, ფაქტობრივად, ერთდროულად მივიდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი კლინიკა "ფერომედში" გადაიყვანა, მაგრამ კლინიკის ექიმების თქმით, ის გარდაცვლილი იყო.

მოკლული ხარაგაულის სოფელ თეთრაწყაროდან იყო, მას ადგილობრივები დადებითად ახასიათებენ და მთელი სოფელი გლოვობს. "ვანო არ იყო კონფლიქტური ადამიანი, ის სოფელში ყველას უყვარდა. მისი ჩხუბი არასოდეს გვინახავს, იქ რა მოხდა, არ ვიცით. 2 წლის პატარა დარჩა, განადგურდა ოჯახი. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს დამნაშავე",- ამბობს მეზობელი.

ასევე, დავუკავშირდით მერის წარმომადგენელს სოფელ თეთრაწყროში. პაატა ბერაძე ამბობს, რომ პირადად არ იცნობდა მოკლულს, თუმცა ამბობს, რომ ყველა დადებითად ახასიათებს მას. "მე პირადად არ ვიცნობდი ვანოს, რადგან ჩემზე პატარაა ასაკით. ბიჭებს ველაპარაკე და ყველა შეწუხებულია, ძალიან კარგი ბიჭი ყოფილა, უკონფლიქტო, ამიტომ უცნობია, რატომ მოკლეს. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. ჩვენ ჯერ დეტალები არ ვიცით", - მითხრა მან.

სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. მალევე გაირკვა, რომ მკვლელობა პოლიციელის სახელზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღით იყო ჩადენილი. როგორც ჩანს, ამ კონფლიქტის მონაწილე პოლიციელიც იყო, ამიტომ ისიც დააკავეს, თუმცა მისთვის მკვლელობის ბრალდება არავის წაუყენებია. ირკვევა, რომ მისი ტაბელური იარაღი ჩხუბის დროს მის ბიძას ეჭირა ხელში და სწორედ მან გაისროლა ბანცაძის მისამართით. ერთი ვერსიით, გასროლა ახლო მანძილიდან, ფაქტობრივად, მიბჯენით მოხდა. ტყვიის ტრაექტორიას და სხვა დეტალებს ექსპერტიზა დაადგენს. რა ჩვენება მისცეს დაკავებულებმა გამოძიებას და მკვლელობის მოტივად რა სახელდება, ეს, სავარაუდოდ, სასამართლო პროცესზე გახდება ცნობილი. ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ დაკავებულებს და შემდეგ სასამართლო იმსჯელებს წინასწარ პატიმრობაზე.

საქმის მასალებით ისიც ირკვევა, რომ ჩხუბში მონაწილე კიდევ ერთი პირი დანაშაულის შემდეგ კვალის წაშლას შეეცადა და გაანადგურა საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. სწორედ ამიტომ ძალოვნებმა მასაც ბრალი წაუყენეს. მკვლელობის საქმეზე სულ სამი პირია დღეს დაკავებული.

პროკურატურამაც გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია: "ზესტაფონში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გადაცემის ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილი), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელი ლ.ზ. დააკავეს. ასევე, აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები) - რ.ბ., ხოლო ნივთიერი მტკიცებულებების განადგურებისთვის (368-ე მუხლი) - ხ.გ. დააკავეს. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ივნისს ზესტაფონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სუფრაზე, სტუმრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც რ.ბ.-მ ლ.ზ.-ს კუთვნილი ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან ვ.ბ.-ს ესროლა. გულმკერდის არეში მიღებული ჭრილობის შედეგად ვ.ბ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ მომხდარი დანაშაულის შემდგომ ხ.გ.-მ საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გაანადგურა. შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელ ლ.ზ.-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს".

მოკლულის მეზობლების თქმით, დამნაშავეებს ვანო ადრე არ იცნობდა, ამიტომ რამე ძველ წყენას გამორიცხავენ. რა გახდა მკვლელობის მოტივი, ამაზე ჯერჯერობით არავინ საუბრობს. ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც. პოლიციელებმა რამდენიმე კვების ობიექტის თანამშრომელი და სუფრაზე მყოფი სხვა პირებიც უკვე დაკითხეს.

დაკავებული პირები ადვოკატებმა დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულეს. მათი თქმით, ჯერჯერობით ბრალი ოფიციალურად დაკავებულებისთვის პროკურატურას არ წარუდგენია. ერთ-ერთი დაკავებული პოლიციელის ადვოკატი ირწმუნება, რომ მისი დასაცავი უდანაშაულოა. "ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ. ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს და ანალოგიური პოზიცია ექნება ბრალის წარდგენის შემდეგაც. ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. პოლიციელისთვის, რომელიც პატიოსნად ემსახურა სახელმწიფოს, ასე ხელაღებით რაიმეს დაბრალება არაზნეობრივად მიმაჩნია, არ მიმაჩნია სწორად, ეს არის ჩემი პირველი პოზიცია".

საქმეზე გამოძიება გრძელდება.

(სპეციალურად საიტისთვის)