"თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ ნიკოლოზ ვეშაგურს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

"თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ ნიკოლოზ ვეშაგურს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

მრგვალ ბაღთან "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ ნიკოლოზ ვეშაგურს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო, მან ნიკოლოზ ვეშაგური სამართალდამრღვევად ცნო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, ვეშაგურის მხრიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, ლანძღვა-გინებას, პოლიციის დაუმორჩილებლობას და მათ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი.

როგორც ვეშაგურმა განმარტა, ის ადგილზე სიტუაციის გასანეიტრალებლად და თანამოაზრეების დასამშვიდებლად იმყოფებოდა, ვინაიდან, მისივე თქმით, რამდენიმე მათგანი აგრესიულობით გამოირჩეოდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, თავად დაკავებული კი ჯარიმის გამოყენებას.

ნიკოლოზ ვეშაგურს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც საზოგადოებრივ ადგილზე ლანძღვას, გინებას, მოქალაქეების შეურაცხყოფას, ასევე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"