პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ხმალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. როგორც საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა განაცხადა, ბრალდებული გიორგი ხმალაძე წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევია და სასჯელი მოხდილი აქვს. ის დანაშაულისკენ მიდრეკილია და არსებობს საფუძველი, რომ დანაშაულებრივი ქმედება კვლავ გააგრძელოს, რის გამოც, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო.

პროკურორის განმარტებით, ხმალაძეს ფსიქიკური პრობლემა აქვს და მისი უმოტივოდ ჩადენილი დანაშაული საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. პროკურორის თქმითვე, რომ არა მოქალაქეები და სამხედროები, რომლებიც დაჭრის ფაქტს შეესწრნენ, ტურისტის სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ იქნებოდა.

შაიშმელაშვილის განცხადებით, დანაშაული 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, სასჯელის მოლოდინის შიშით კი, შესაძლოა, ის გამოძიებას მიემალოს. პროკურორისვე განმარტებით, ამ ფსიქიკის მქონე ადამიანმა მოწმის სახით დაკითხულ პირებს შესაძლოა, სათითაოდ მიაკითხოს და სასურველი ჩვენების მიცემის მიზნით, მათზე ზეგავლენა მოახდინოს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, როგორც ადვოკატი გიორგი მდინარაძე აცხადებდა, პროკურორის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. ადვოკატის თქმით, გიორგი ხმალაძეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და შესაბამისი მკურნალობა, ექსპერტიზა სჭირდება. მდინარაძის განმარტებით, ბრალდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსება მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.

ადვოკატი ითხოვდა, რომ დაკავებულის მიმართ არც ერთი აღკვეთის ღონისძიება არ უნდა გამოყენებულიყო.

მოსამართლის კითხვაზე, ბრალდებულს ახსოვს თუ არა, რა მოხდა, ხმალაძემ უპასუხა, რომ დუმილის უფლებას იყენებს. მოსამართლის კიდევ ერთ კითხვაზე, თუ რას ერჩოდა ის ტურისტს, დაკავებულმა პასუხი არ გასცა.

მოსამართლე რომან ხორავამ ბრალდებულს განუმარტა, რომ აუცილებელია მისი იზოლაცია, რომ კიდევ რამე არ დააშავოს, სასჯელი უნდა მოიხადოს ან იმკურნალოს. ბრალდებულმა განაცხადა, რომ "ურჩევნია გაასამართლონ", რაზეც მოსამართლემ განუმარტა, რომ ეს მასზე არ არის დამოკიდებული. მოგვიანებით, ბრალდებულმა განაცხადა, რომ ის ადვოკატის შუამდგომლობას ეთანხმება და განაცხადა, რომ მკურნალობას აირჩევდა. მოსამართლემ კი განუმარტა, რომ ეს ექსპერტიზის შემდეგ გადაწყდება.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, 5 ივლისს, თბილისში, ბრალდებული ხმალაძე ხულიგნური ქვენაგრძნობით, სრულიად უმიზეზოდ თავს დაესხა საქართველოში ტურისტული მიზნით მყოფ პოლონეთის მოქალაქეს და მისი მოკვლა განიზრახა. გიორგი ხმალაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც მკვლელობის მცდელობას ხულიგნური ქვენა გრძნობით გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულ გიორგი ხმალაძეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. შესაბამისად, მისი შერაცხადობის დადგენის მიზნით გამოძიების მიმდინარეობისას დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

"ინტერპრესნიუსი"