მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებული 3 პირის მიმართ პროკურატურამ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა - კვირის პალიტრა

მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებული 3 პირის მიმართ პროკურატურამ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებული 3 პირის მიმართ პროკურატურამ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

როგორც საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეზე მოპოვებულია მტკიცებულებები და გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

"ბრალდების მხარემ კანონით დადგენილ ვადაში მიმართა სასამართლოს სამივე დაკავებული ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. ბრალდება რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლია, რაც ძალადობას გულისხმობს, რამაც გამოიწვია რბევა და ჯგუფური ძალადობა, ასევე დევნა პროფესიული ნიშნით, ჩადენილი ძალადობის მუქარით და ასევე ჟურნალისტური საქმიანობისადმი ხელისშეშლა ჩადენილი ძალადობის მუქარით. ბრალდების მხარეს თავის შუამდგომლობაში დასაბუთებული აქვს სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება, ვინაიდან ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული, ვინაიდან ამის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არსებობს.

ამ დროისთვის გამოკითხულია ათეულობით მოწმე, გვაქვს დათვალიერების, ჩხრეკის ოქმები, ასევე სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია და მტკიცებულებები. რაც შეეხება კონკრეტულ ეპიზოდს, ამ ეტაპზე პროკურატურას 23 დაზარალებული ჰყავს ცნობილი, ყველა ამ ეპიზოდებთან დაკავშირებით, ბრალი 3 პირს აქვს წარდგენილი, მაგრამ აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ყველა ეპიზოდში, სადაც ძალადობა, სადაც ძალადობის მუქარა იყო, გამოძიება აქტიურ ფაზაშია",- განაცხადა ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის, "მთავარი არხის", გამოცემა - "ტაბულას" და საინფორმაციო სააგენტო "ნიუპოსტის" წარმომადგენლებს, "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება.

გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის 1 ნაწილით გრძელდება.